ქვეყანაში შემოსვლისას, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო თვითიზოლაციის ხანგრძლივობა მცირდება – ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან დეტალურად ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რომლებიც შემსუბუქდება 1-ლი თებერვლიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეებისთვის.
„საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი, შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR-ტესტით და 8-დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით, კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ. ამ შემთხვევაში, ისინი თავისუფლდებიან თვითიზოლაციიდან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საქართველოში შემოსვლისას, ნეგატიური PCR-ტესტი არ ექნებათ, 12-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8-დღიანი თვითიზოლაცია წესდება. „ამ ნაწილში, ჩვენ ევროპის სტანდარტებს მივყვებით“- დასძინა მინისტრმა.
ნათია თურნავა: საქართველოში უპირობოდ შემოვა ყველა, ვისაც კოვიდვაქცინის სრული კურსი ექნება ჩატარებული
აქამდე მოქმედი წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოდიან ნეგატიური PCR-ტესტით და ამ შემთხვევაში, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიან ან, თუ ნეგატიური PCR-ტესტი არ აქვთ, 12-დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან.
შეგახსენებთ, საქართველოში რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 1 თებერვლიდან უქმდება.