LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნიდან შორს – რა უფლებებით სარგებლობენ ქართველები საზღვარგარეთ

saqpasporti-cr-739x428

გაჭირვება, სოციალური პრობლემები, უმუშევრობა – ეს იმ მიზეზების მცირე ჩამონათვალია, რის გამოც ქართველები ემიგრაციაში მიდიან. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით უცხოეთში წამსვლელთა რაოდენობა წლების განმავლობაში არ იკლებს. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ემიგრანტთა უმეტესობა სწორედ ქალები არიან, რომლებიც წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობენ და საარსებო მინიმუმს მძიმე სამუშაოს გზით გამოიმუშავებენ. აქვე ჩნდება კითხვა? რა უფლებებით სარგებლობენ ქართველები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობენ?

 

“იღებთ თუ არა მეცამეტე ხელფასს?”

“გიხდიან თუ არა დანამატს?”

“მე უსაბუთო ვარ სად ვანახო კანონი რომ თანხა დავამატებინო?”

“დამატება კიარა მეცამეტეს ვინ მიხდის საერთოდ?”

“ნეტა მეცამეტეს მიხდიდნენ და დამატებას რას დავეძებ?”

“რომელ მეცამეტეზეა საუბარი ხელფასს ძლივს მიხდიან?”

 

 

მსგავსი შინაარსის კითხვებს და კომენტარებს იტალიაში მცხოვრები ემიგრანტები სოციალურ ქსელებში ხშირად წერენ. არის შემთხვევები, როდესაც ქართველებს დამსაქმებლებთან კონტრაქტები არ აქვთ დადებული ან უსაბუთოდ მუშაობენ და ამ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ მათ გარკვეული უფლებები არ გააჩნიათ, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ასე არ არის.  ქართველთა უფლებების დასაცავად სხვადასხვა ქვეყნებში ქართველთა ასოციაციებია შემქნილი, რომლებიც ემიგრანტებს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარებიან. კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ იტალიაში ქართველების ასოციაციის პრეზიდენტს დავუკავშირდით. აღმოჩდა, რომ წინასაახალწლოდ ყველა ემიგრანტს, კანონით მეცამეტე ხელფასი და დანამატი ეკუთვნით. კუთვნილი თანხის მოთხოვნის უფლება ყველა დასაქმებულს აქვს, მიუხედავად იმისა, ისინი ოფიციალურად მუშაობენ თუ არაოფიციალურად. მეცამეტე ხელფასი ორი ხელფასის რაოდენობას უდრის, დანამატი კი,  შვებულებისა და სადღესასწაულო დღეებში მუშაობის ანაზღაურებას ითვალისწინებს, რომელიც მეცამეტე ხელფასთან ერთად უნდა აიღოს ემიგრანტმა. იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი უარს ამბობს კანონით დაკისრებული ვალდებულების გადახდაზე, ასოციაციის პრეზიდენტი ემიგრანტებს მოუწოდებს, მიმართონ მათ, რათა ისინი საკუთარი უფლებების დაცვაში დაეხმარებიან.

„ჩვენს ასოციაციაში არიან იურისტები, რომლებიც ემიგრანტების უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობენ, ასევე ჩვენ გვყავს ბუღალტერი, რომელიც ითვლის თითოეული იმ ქართველის შემოსავლებს, რომელიც დახმარებისთვის მოგვმართავს და პროცენტულად ანგარიშობს, რა ოდენობის ანაზღაურება ეკუთვნის მას. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი უარს ამბობს კუთვნილი ანაზღაურების გადახდაზე, ჩვენ ვადგენთ გარიგების  წერილს, რომელსაც ვუგზავნით მათ. თუ ამ წერლსაც არ მოჰყვება რეაგირება, საქმე უკვე სასამართლოში გადაგვაქვს, სადაც დასაქმებულის უფლებებს ჩვენ ვიცავთ. ხშირ შემთხვევაში დამსაქმებელი გარიგებაზე თანახმაა, რადგან არ აწყობს სასამართლო წარმოების დაწყება, იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში ბევრად დიდი თანხის გადახდა მოუწევს,“ –  უყვება „ფორტუნას“ იტალიაში ქართველების ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ლაფაჩიძე.

საკითხის დასაზუსტებლად ჩვენ ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით, თუმცა კონკრეტულ კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ. უწყებაში განგვიმარტეს, რომ უსაბუთო ე.წ. არალეგალ ემიგრანტებს არაფრის მოთხოვნის უფლება არ აქვთ. თუმცა, ამ კუთხით განმარტება ისევ ქართველების ასოციაციაში გააკეთეს. პასუხი იტალიის კანონმდებლობის მიხედვით შემდეგნაირია: არალეგალების აყვანის უფლება არც იტალიელ ოჯახებს არ აქვს, რადგან ამ გზით ისინი სახელმწიფოს ე.წ. კონტრიბუციას (გადასახადს) უმალავენ, შესაბამისად ისინი ასეთ შემთხვევაში ორმაგად ჯარიმდებიან.

 

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოქალაქეთათვის საზღვრების დატოვება უფრო გამარტივდა, შესაბამისად იმატა მათი უფლებების დარღვევის ფაქტებმა. სწორედ ამიტომ ყველა ემიგრატმა აუცილებლად უნდა იცოდეს ისიც, თუ რა სამართლებრივი მექანიზმები შეიმუშავა სახელმწიფომ მათი უფლებების დასაცავად.

„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით,  საკონსულო თანამდებობის პირი უზრუნველყოფს საკონსულო ოლქში კანონიერი საფუძვლით მყოფი საქართველოს ფიზიკური პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით.  საკონსულო დახმარება გაეწევა ასევე, საკონსულო ოლქში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირს, რომლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა განხორციელდება მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შესაძლებელია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით. საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვის კუთხით, საკონსულოს ძირითადი ფუნქციებიდან აღსანიშნავია შემდეგი უფლებამოსილებები: კონსულტაციის გაწევა, სამართლებრივი დაცვა, შუამდგომლობა, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა, საკონსულო აღრიცხვის წარმოება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები