კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოში ​შესაძლოა მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა დანერგონ.

ამასთან დაკავშირებით  ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფის წევრებს შეხვდა.

„მონოკლონური ანტისხეულები არის სწორედ ის სამკურნალო საწამლო საშუალება, რომელსაც შეუძლია COVID-19-ის დაავადების პათოგენეზური ჯაჭვის წყვეტა“, – ამბობს მინისტრი.

ცნობილია, რომ მონოკლონური ანტისხეულები წარმოადგენს ლაბორატორიაში შექმნის პროტეინს, რომელიც ფაქტობრივად ემსგავსება ორგანიზმში იმუნური სისტემის მიერ ბუნებრივად წარმოქმნილ სპეციფიკურ ანტისხეულებს, რომლებიც ებრძვიან ვირუსს ან სხვა გამომწვევს.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „ფორტუნასთან“ საუბარში განმარტავს მონოკლონური თერაპიის დადებით მხარეებს.

„მონოკლონური ანტისხეულები საკმაოდ ბევრი დაავადების საწინააღმდეგოდ  ეფექტიანად გამოიყენება. როგორც ცნობილია, კორონავირუსთან დაკავშირებითაც მიდის მუშაობა და შექმნილია მონოკლონური ანტისხეულები, მაგრამ ამას სჭირდება დრო, რომ მოხდეს მონოკლონური სხეულების პრაქტიკაში გამოცდა. ამ დრომდე კვლევებმა რაც აჩვენა, საკმაოდ ეფექტიანად მოქმედებს კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებზე. მარტივად რომ ვთქვათ, ესენი არიან „უნივერსალური ჯარისკაცები“ და რომლებსაც აქვთ ფუნქცია, რომ გაანადგურონ კონკრეტული ვირუსი.

ისინი არიან კონკრეტულად კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ანტისხეულები. მონოკლონური სხეულების საკმაოდ მისაღებია, მაგრამ მეორე საკითხია, პრაქტიკაში რამდენად მისაღებია მოხდეს მისი დანერგვა და ფართომასშტაბიანი გამოყენება.

როგორც წესი, მონოკლონური ანტისხეულები საკმაოდ ძვირი ღირს და არ ვიცი ქართულ რეალობაში მისი დანერგვა რამდენად შესაძლებელია.

თუ ჩვენთან მონოკლონური თერაპიით კორონავირუსის  მკურნალობა დაინერგა,  წინგადადგმული ნაბიჯი იქნება კორონავირუსი ინფექციის დამარცხებაში.

როგორც კვლევები აჩვენებს, ამ ეტაპზე საკმაოდ წარმატებული მედიკამენტია და წარმატებულად გამოიყენება, მაგრამ გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება მასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რთული იქნება“. – ამბობს გოგინავა.

მისი თქმით, არსებობს მონოკლონური ანტისხეულების ძირითადი მწარმოებელი აშშ-ია.

„კორონავირუსით ინფიცირებულებს მისი მიღება შეუძლიათ როგორც ტაბლეტების, ისე ინექციის სახით. თუმცა ძირითადად მისი მიღება ინექციის სახით ხდება“, – ამბობს ინფეციონისტი.

ცნობისათვის, რამდენიმე თვის წინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კოროანვირუსით დაინფიცირდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ ამ მეთოდით მკურნალობდა. ამბობენ, რომ მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა დაეხმარა ტრამპს,  სამ დღეში გამოჯანმრთელებულიყო.

COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოში ​შესაძლოა მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა დაინერგოს

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები