LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენას ახდენს სტრესი ქალის ორგანიზმზე და რა ზიანი მოაქვს ტკბილეულის და ცომეულის გადამეტებული მიღებას – მადონა ჯუღელი გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

6381
მადონა-ჯუღელი

რა გავლენას ახდენს სტრესი ქალის ორგანიზმზე –  რადიო ,,ფორტუნას” გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”  გინეკოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს კოლკოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტმა მადონა ჯუღელმა ისაუბრა..

– ქალბატონო მადონა,პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ დრო დაგვითმეთ. მინდა გკითხოთ ძალიან აქტუალურ პრობლემაზე – სტრესის მთავარ გავლენაზე ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ნაწილში. რა გავლენას ახდენს სტრესი ქალის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით ყველა იმ ორგანოზე, რომელიც ქალის რეპროდუქციული სისტემის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს? მინდა ამაზე გავამახვილო ყურადღება იმიტომ, რომ თქვენ ძალიან ხშირად მოუწოდებთ პაციენტებს მშვიდი და ჯანსაღი ცხოვრების წესისაკენ ამ ამბობთ, რომ ეს ყველაფერი და ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, პირდაპირ აისახება ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით დიდი სტრესი კი ბოლო თვეებია მოგვიტანა პანდემიამ.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენ ძალიან კარგი ჟურნალისტი ხართ, რომელიც ძალიან კარგ კითხვებს სვამს. ახალი კორონავირუსის ფონზე ყველა ჩვენგანი აღმოჩნდა ახალ რეალობაში, ფაქტიურად უცებ ცხოვრება გაჩერდა და ამ ყველაფერმა ძალიან დიდი სტრესი მოიტანა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მას განუსაზღვრელობის შიში ახლავს, ჩვენ არ ვიცით ეს ყველაფერი რამდენ ხანს გასტანს და რა იქნება ხვალ, შესაბამისად გვაქვს ცუდის მოლოდინი.
შესაბამისად აქ ხდება ადაპტაციური მექანიზმების, ანუ სტრესლიმიტირებადი პროცესების აქტივაცია, რომელიც სპეციალურად ორგანიზმში შემანარჩუნებელ მექანიზმად მოიაზრება.მთელი ჰორმონალური და იმუნოლოგიური ჰომეოსტაზი იბრძვის, რომ შეინარჩუნოს თავისი სტაბილურობა.
ამის გამო სახეზეა ფსიქოემოციური დარღვევები და თუნდაც ის ბიოლოგიური საათის რღვევა, რაც მოიტანა ამ კოვიდის პერიოდმა, იწვევს ისეთი ჩივილის გახშირებას, როგორიცაა მაგალითად მენსტუაციის დარღვევა. თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთი ეტიოლოგია, ეს არის მრავალფაქტორული შედეგი, სადაც ჩართულია ენდოკრინული სისტემა: ჰიპოფიზი, ჰიპოთალამუსი, გონადოტროპული ჰორმონები, საკვერცხეები, რომლებიც მუშაობენ იმისათვის,რომ რეპროდუქცია იყოს შესაძლებელი.

გარდა ამისა, აქტიურდება ქრონიკული ინფექციები: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, არასპეციფიური ვაგინიტები, არასპეციფიური პათოგენების აქტივაცია, რასაც განაპირობებს ის ფაქტორი,რომ შეიცვალა ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიური გარემო, დაირღვა მჟავეტუტოვანი ბალანსი, დაირღვა ფლორა და იმუნიტეტი და ქალბატონს აწუხებს გაუთავებელი გამონადენი. რაც შეეხება პრემენსტრუალურ სინდრომს,მასაც არაერთი გამომწვევი მიზეზი აქვს, ისიც მულტიფაქტორული დაავადებაა, სადაც არის ფსიქოპათოლოგიური, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი, ენდოკრინული ცვლა, ყველაფერი ჩართულია ამ პროცესში. შეიძლება აქამდე პაციენტებს არ აწუხებდათ ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა გამოუვლინდათ სხვადასხვა ფორმით, ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, აპათია,ლიბიდოს დაქვეითება, ადვილად გაღიზიანება, შეშუპება, ძილის დარღვევები დაა.შ. ცვლილებებია ქალბატონებშიც, რომლებსაც მენოპაუზის პერიოდი ჰქონდათ აქამდე ნაკლებად გამოხატული სიმპტომებით, დღეს ეს სიმპტომები გააქტიურდა.

https://www.facebook.com/266131756744994/videos/1570025503164143

– ქალბატონო მადონა, გარდა იმისა, რომ გყავთ ძალიან ბევრი პაციენტი, თქვენ ძალიან აქტიური ხართ სოციალურ ქსელებშიც, ფორუმებზე, ჯგუფებში და ა.შ. იმის გათვალისწინებით,რომ აქამდე ამხელა, გლობალური მასშტაბების პრობლემით გამოწვეული სტრესი არ გვქონია, თქვენი დაკვირვებით უფრო რა ტიპის ჩივილები აქვთ ქალბატონებს ამ ეტაპზე, უფრო რა ტიპის კითხვებით მოგმართავენ? რა ტიპის პრობლემებმა იმატა უფრო?

მე ვახსენე ციკლის დარღვევა, როგორც გახანგრძლივებული ციკლი, ასევე მენსტრუაციებს შორის ინტერვალის შემცირება. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ გამოკვლევებს ვიწყებთ ჰორმონალური კვლევებით, თუმცა პაციენტის ანამნეზში ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა შეიძლება გამოჩნდეს, იქნება ეს წარუმატებელი სასიყვარულო რომანის, ოჯახში ძალადობის თუ რაიმე სხვა ფაქტორის შედეგად მიღებული სტრესი. აღსანიშნავია დასაქმებული ქალბატონების პრობლემა, რომლებიც სახლიდან მუშაობენ დღესდღეობით და ამავდროულად სახლის საქმესაც ასრულებენ, ისინი ორმაგ სტრესში არიან.

რაც შეეხება პრემესტრუალურ სინდრომს და მასთან დაკავშირებულ ჩივილებს, გამოხატულია თავის ტკივილი, წნევის მატება, შეშუპება, შეიძლება წონის მატებაც.

მენოპაუზის ასაკში მყოფი ქალბატონების სიმპტომები გამწვავდა. შეხურებას, ალებს და ოფლიანობას დაერთო უძილობა, წნევის მატება, გულის აჩქარება. ეს სიმპტომები პაციენტებს აქამდე არ აწუხებდათ, ახლა კი აწუხებთ. თუნდაც იგივე ინფექციები.პაციენტი ამბობს, რომ მას აქვს გამონადენი, აქვს გახშირებული შარდვა, წვის შეგრძნება, თუმცა არ ჰქონია სქესობრივი ურთიერთობა. ამ შემთხვევაში საჭიროა გულდასმით გასინჯვა და შემდეგ ფსიქოლოგიური მდგომარეობის მოგვარება, პაციენტი უნდა გადამისამართდეს ფსიქოლოგთან ან თუ საჭიროა, ნევროლოგთან. ამიტომ ვფიქრობ, დღეს უფრო საჭიროა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა პაციენტის სასიკეთოდ, ერთად ყველაფერს უკეთ შევძლებთ.

– ქალბატონო მადონა, თქვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ ცხოვრების წესი ძალიან ხშირად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ მუშაობს ორგანიზმი, განსაკუთრებით ქალის ორგანიზმი და რეპროდუქციული სისტემა. მიუხედავად აქამდე უპრეცენდენტო ვითარების და პანდემიისა, რა შეგიძლიათ გვირჩიოთ, რა არის ის, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა ჩვენს ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ?

პირველ რიგში ეს არის ძილის მოწესრიგება. საათობრივი რღვევა ძილის პროცესის, მოქმედებს ჰიპოთალამუსზე და ზოგადად მთელ ორგანიზმზე. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ძილის რეჟიმის მოწესრიგება – ვეცადოთ ადრე გამოვრთოთ ჩვენი გაჯეტები, გავისეირნოთ, მსუბუქად ვივახშმოთ, ჩავრთოთ თუნდაც სასიამოვნო მუსიკა ძილის წინ.

მინდა აუცილებლად აღვნიშნო ისიც, რომ კარანტინის პირობებში ადამიანები უფრო არიან დაკავებული კულინარიით. ზოგადად კულინარია ძალიან მიყვარს, მაგრამ მინდა ვთხოვო ქალბატონებს, მოერიდონ ტკბილეულის და ცომეულის გადამეტებულ მიღებას, რადგან ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს ჩვენი ორგანიზმის ენერგეტიკულ ბალანსზე. ტკბილეული და ცომეული გვაძლევს ცრუ ენერგიას, საერთო ჯამში ისინი შეიძლება გახდეს ისეთი დაავადების გამომწვევი მიზეზი, როგორებიცაა: ინსულინრეზისტენტობა, საკვერცხეების მულტიფოლიკულოზი, პოლიკისტოზი, ციკლის დარღვევები, სიმსუქნე და მასთან ასოცირებული დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ. სწორედ ამ მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს ანოვულაცია და უშვილობა, ამიტომ ეს იქნება ჩემი თხოვნა ქალბატონებთან. ასევე მინდა ვურჩიო მათ, გაზარდონ კვების ჯერადობა, იკვებონ დღეში 4-5-ჯერ, დაბალანსებული,ჯანსაღი საკვებით და რასაკვრიველია მიიღონ წყალი.

გვახსოვდეს ისიც, რომ ,,ესეც გაივლის”, ყველაფერი კარგად იქნება, მოვმართოთ ჩვენი გონება პოზიტიურად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები