LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თანხები დახარჯა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შენობის კეთილმოწყობისთვის?

347
364087413

ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ძვირადღირებული ნივთებით კეთილმოწყობის პროცესით „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) დაინტერესდა. ორგანიზაციამ გაარკვია, როგორ წარიმართა აღნიშნული პროცესი და თითოეული სამუზეუმე ექსპონატის თუ თანამედროვე ნივთის შესყიდვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან რა თანხები დაიხარჯა.

როგორც ირკვევა, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ანტიკვარული ავეჯისა და ინტერირერის აქსესუარების შეძენაზე 1 199 558 ლარი დაიხარჯა. აქედან  255 000 რესტავრაციას, 720 225 ლარი კი  თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას დასჭირდა. ჩამოთვლილი ნივთების შეძენა სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით მოხდა, შესაბამისი ბაზრის დაჩქარებული შესწავლა/ექსპერტიზის და კონკურენციის არარსებობის პირობებში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში შექმნილი სარეზერვო ფონდები გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად გამოიყენება. შესაბამისად, პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის თანხის სარეზერვო ფონდიდან გამოყენება კითხვებს აჩენს: რამდენად შეესაბამება ეს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდის განკარგვის პრინციპებს?

IDFI-ის განმარტებით, პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობა, იმ ტიპის ხარჯებს წარმოადგენს, რომლის გათვალისწინებაც შესაძლებელია ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და ნაკლებად არის განპირობებული ფორს-მაჟორული ან გაუთვალისწინებელი სიტუაციიდან.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ ანალიზის ძირითადი მიგნებები გამოაქვეყნა, სადაც ათონელის რეზიდენციის მიერ დახარჯული თანხები  დეტალურად არის ჩამოთვლილი:

– საქართველოს  პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი;

– სულ გაიხარჯა 2 174 783 ლარი, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი მათ რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი – თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას;

– ოქმების მიხედვით, ეროვნული მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა ორ დღეში, ადგილზე შეისწავლა 58 ანტიკვარული ნივთი და მათი ვიზუალური დათვალიერებით განსაზღვრა მათი შესყიდვის მიზანშეწონილობა;

– ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი – 59 000 აშშ დოლარი;

შესყიდულ  ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული – ფრანგული, 6 ერთეული – რუსული, 3 ერთეული ირანული, ხოლო 2 ერთეული – შუა აზიური;

– თანამედროვე ავეჯს შორის ყველაზე ძვირადღირებულია 13 000 ევროს და 10 300 ევროს ღირებულების ტახტები;

IDFI აღნიშნავს, რომ აღნიშნული ხარჯები საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს საგრძნობლად ზრდის, ხოლო მსგავსი შინაარსის შესყიდვებითვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა, ფონდის განკარგვის მთავარ პრინციპს ეწინააღმდეგება.

IDFI-მ  შესაბამისი საჯარო ინფორმაცია იმ უწყებებისგან გამოითხოვა, რომლებიც ათონელის რეზიდენციის ანტიკვარული და თანამედროვე ნივთებით კეთილმოწყობის პროცესის სავარაუდო მონაწილეები არიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო.

 

 

IDFI სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის გამოყოფილი თანხების განკარგვის მიზნობრიობა და ხარჯთეფექტურობა დეტალურად შეისწავლოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები