LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უყვარს მსახიობობასა და მომღერლობაზე მეტად ბაბი კირკიტაძეს: „ცნობილ ქალს გამგები მეორე ნახევარი სჭირდება…“

4375
page

გელა გნოლიძის ბენდის წევრი, ბაბი კირკიტაძე მსახიობი და მომღერალია, მაგრამ ყველაზე მეტად ცეკვა უყვარს. ბენდის პოპულარობის ზრდის კვალდაკვალ, მისი პოპულარობაც იზრდება. ახლახან „სიცრუის დეტექტორში“ გაამხილა, რომ შეყვარებულია, მაგრამ მეტი ამ თემაზე არაფერი უთქვამს. რატომ არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, რა კომპლექსები აქვს და როგორ აღიქვამს საკუთარ სილამაზეს…

ბევრი პოპულარული გოგონა კიდევ უფრო მეტ პოპულარობას აღწევს პირადის წინ წამოწევით…

ბაბი კირკიტაძე:

მე არასდროს მიყვარდა ამ თემაზე საუბარი. სამეგობრო წრეშიც თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები არიან, ვისთანაც ჩემს პირად თემებს განვიხილავ. ვუფრთხილდები და ვუფრთხი ამ თემას. რამდენადაც დაკვირვებული ვარ, ყვითელი თემები კი ხდის ადამიანს უფრო პოპულარულს, მაგრამ მერე მიდის კითხვების დასმა, განხილვა, გარჩევა და ჭორაობა. აძლევ საშუალებას, რომ ჩაერიონ შენს ცხოვრებაში. სხვებზე დაკვირვებით, პირდაპირ ავკრძალე ამ თემის განხილვა. მიუხედავად ამისა, ვერავინ იტყვის, რომ ჩაკეტილი ადამიანი ვარ. პირიქით. ძალიან გახსნილი ვარ და ადამიანებთან კომუნიკაციას მარტივად ვამყარებ. ოჯახი, პირადი ჩემი კომფორტზონაა უბრალოდ.

როდისმე კომპლექსი გაგჩენია პოპულარობის გამო პირად ურთიერთობებში?

ზოგადად, მაქვს კომპლექსები, თუმცა ეს შეიძლება, არ ჩანს. სკოლის პერიოდშიც, მახსოვს, ძალიან მორცხვი ვიყავი ამ ამბავში. შეყვარებულობანა არასდროს მქონია.

საკუთარი სილამაზის აღქმა როდის დაიწყე?

მიუხედავად იმისა, რომ წონის პრობლემა მქონდა და დედა სულ მეკამათებოდა ამ თემაზე, მაინც ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ლამაზი ვიყავი. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ კარგი გარეგნობა მქონდა. საკუთარი თავი მომწონს. როცა შევხედავ ხოლმე ჩემს თავს სარკეში, მით უმეტეს, როცა სატელევიზიოდ ვიპრანჭები, მომწონს ხოლმე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკეთესი არ შეიძლება, რა თქმა უნდა…

როგორც ქალმა, თავდაჯერება როდის შეიძინე?

თუნდაც პირველად რომ მოვხვდი ტელევიზიაში და მოვხვდი სხვადასხვა პროექტსა თუ გადაცემაში. სულ ჩემით გავიკვალე გზა ქუჩიდან მისულმა ადამიანმა. მაშინ ვიპოვე ძალა. მქონდა წონა, რომელსაც, მეგონა, ვერასდროს დავაგდებდი, მაგრამ ერთ დღეს გავიღვიძე და ეს ძალაც ვიპოვე. როცა ჩემს პატარა მიზნებს მივაღწევ ხოლმე, მაშინ განსაკუთრებით ვგრძნობ თავდაჯერებას, თუმცა არ ვარ საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი. ბუნებით ზარმაცი ვარ და სულ ვამბობ, რომ უფრო მეტი შემიძლია.

როგორც მომღერალი, ვინ აღმოგაჩინა, ამან გამოიწვია გაუგებრობა. როცა „სიცრუის დეტექტორში“ გელა გნოლიძე აღნიშნე განსაკუთრებულად, „რეზო და ბავშვები“ ცოტა გაგინაწყენდნენ…

იმ გადაცემაში ფართოდ თემის გაშლის საშუალება არ გეძლევა. ოჯახურ სივრცეში ყველა მღეროდა და მეც ვმღეროდი. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. სკოლის პერიოდში სულ სცენაზე ვიდექი. შემდეგ ტელეპროექტის კასტინგზე მოვხვდი. მივედი არა როგორც მომღერალი, არამედ მსახიობი. შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ვმღეროდი. პირველად რომ მამღერეს, ბევრი ვინერვიულე. დამკვიდრდა აზრი, რომ ბაბის სიმღერა შეუძლია. მომღერლად აღმომაჩინეს, მაგრამ ხალხმა რითაც გამიცნო, პირველი სიმღერა „რეზო და ბავშვებთან“ ერთად ჩავწერე, პირველად „იუთუბზე“ მილიონერი ამ სიმღერით გავხდი. რა თქმა უნდა, რეზიკოს ავუხსენი და წყენა რა მოსატანია. ისიც მიხვდა, რომ კითხვა ასე იყო დასმული, რომ არა გელა გნოლიძე, ვიქნებოდი თუ არა პოპულარული მომღერალი. „რეზო და ბავშვებთან“ წლების ურთიერთობა მაკავშირებს, მქონია გასტროლები და კონცერტები. შემდეგ აღმოვჩნდი ამ ბენდში, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. კი ბატონო, საავტორო სიმღერა მაქვს ერთადერთი, რომელიც მე და პიკასოს რეზიკომ დაგვიწერა. აქედან დაიწყო და მოდის დღემდე ეს ამბავი.

შოუბიზნესში ინტრიგებსა და ჭორებს შეხვედრიხარ?

ჩემთან დაკავშირებით ჭორები და უსიამოვნო ამბები არასდროს შემხვედრია. არც ცუდი კომენტარები. მეგობარმა მიმაქცევინა ყურადღება, რომ მასობრივად დადებით კომენტარებს ვიღებ. მადლობა ყველას ამ კეთილგანწყობისთვის. საბედნიეროდ, ჭორი ან ამბავი, რასაც შეიძლება დეპრესიაში ჩავეგდე ან ცუდ ხასიათზე დავეყენებინე, არ ყოფილა.

მსახიობობა თუ მომღერლობა?

როცა ამ კითხვას მისვამენ, ყველას ვპასუხობ, რომ სინამდვილეში ყველაზე მეტად ცეკვა მიყვარს (იცინის). ცეკვაზე 10 წელი დავდიოდი და სცენაზე ყველაზე კომფორტულად მიგრძნია თავი. სხვათა შორის, როცა ბენდის კონცერტები გვქონია და გვერდიდან მინახავს ჩემი ქცევა, ისე მაწვება ხოლმე ეს ენერგია და ისე ვიქცევი, გაოგნებული ვარ ხოლმე, ვერ ვუყურებ ხოლმე, ისეთი აჟიტირებული ვარ. სცენაზე ყოფნა და ხალხი მიყვარს, ცეკვით იქნება, სიმღერით თუ მსახიობობით, ყველაზე დიდ ენერგიას ეს მაძლევს.

ეთანახმები მოსაზრებას, რომ ლამაზი ქალები პირად ბედნიერებას უფრო რთულად პოულობენ?

ასე დაყოფა არ მომწონს, ვფიქრობ, ყველა ქალი თავისებურად მომხიბვლელია. აქ გარეგნობაზე მეტად, ვფიქრობ, შინაგანი მოქმედებს. შეუძლია, ეს წამოსწიოს წინ და ამით მოხიბლოს, საზოგადოება იქნება, თუ კონკრეტული მამაკაცი. ალბათ, ცნობილ და ლამაზ ქალებს უჭირთ პირადისა და კარიერის ერთად აწყობა. როცა ქალი ცნობილია, ე.ი. თავის საქმეს ბევრ დროს უთმობს და ნაკლები დრო რჩება პირადისთვის. ასეთ შემთხვევაში, მას გამგები და იმავე სფეროში კარგად ჩახედული მეორე ნახევარი სჭირდება.

შენ როგორ ფიქრობ, კარიერასა და პირადს მარტივად შეათავსებ?

როდესაც ოჯახს ქმნი, დათმობებზე მიდიხარ, მაგრამ ეს დათმობა უნდა იყოს სასიამოვნო და არა შემაწუხებელი. ხელი არ უნდა შეგიშალოს. მგონია, რომ რთულია პირადისა და კარიერის შეთავსება, მაგრამ პრეცედენტები არსებობს. ოჯახი მაშინ უნდა შექმნა, როდესაც კარიერაში რაღაც მიღწევები გაქვს. ოჯახს დიდი ყურადღება და ენერგიის დათმობა სჭირდება. არ ვიცი, როგორ მოვახერხებ. ვფიქრობ, ეს ადამიანების სიყოჩაღეზეა დამოკიდებული. ვნახავ, თავს როგორ გავართმევ, მგონია, რომ გამომივა.

გია ჯაჯანიძემ აღნიშნა, რომ ძალიან პრაქტიკული ადამიანი ხარ. ასეა?

რადგან მან ასე თქვა ჩემზე, არ შემიძლია, არ დავეთანხმო, რადგან ძალიან კარგად იცნობს ადამიანებს. არ ვიცი, კონკრეტულად რა იგულისხმა, მაგრამ ზოგადად, თუკი რაიმე პრობლემა მაქვს, უცებ ვპოულობ გამოსავალს, არ ვეცემი, ეს დედაჩემის დამსახურებაა უფრო – მახსოვს, „ქარწაღებულნი“ მაყურებინა და მითხრა, რომ ეს იყო მაგალითი, როგორ არ უნდა დაეცეს ადამიანი. მეც პრობლემებიდან მუდამ გამოსავალს ვეძებ, არ ვიბოჭები.

ახსენე სიზარმაცე. კიდევ რას ებრძვი?

ბოლო ორი წელია, მინდა დავიწყო ვარჯიში, ვიყო ფორმაში და ვერ მივიყვანე საკუთარი თავი იქამდე, რო ჯანსაღ ცხოვრებას მივყო ხელი.

გლობალურად მინდა ვიფიქრო კარიერაზე, დავგეგმო, რა ნაბიჯები უნდა გადავდგა, სად მინდა ბოლოს მისვლა. ეს გეგმაც მაქვს დასასახი. მინდა სოლოკარიერა.

როგორ უყურებენ ამას შენი ბენდის წევრები?

მაინცდამაინც მუსიკალურ კარიერას არ ვგულისხმობ. ვფიქრობ, ჩემი წინ გადადგმული ნაბიჯი ძალიან გაუხარდებათ. კარიერა უფრო სხვა კუთხით მინდა. თუნდაც სატელევიზიო პერსონაჟის შექმნის, ან ცეკვის მიმართულებით. შეიძლება ითქვას, ჯერ ჩემი თავი არ მიპოვია. კარგი იქნება, თუ დიდხანს ვერ ვიპოვი და ამ ძიების პროცესში ვიქნები. ვეძებ მთავარ დანიშნულებას.

ახლა ვარ ახალი ეტაპის დასაწყისზე. ამას ჯერ ვერ გაგიმხელთ, მაგრამ ახალი ამპლუაა. დიდი ალბათობით, სულ მალე ტელევიზიით გაჟღერდება. ვერ მიგანიშნებთ, თორემ მარტივად გამოსაცნობი იქნება.

შენი აზრით, რატომ უყვარხარ გარშემო მყოფებს?

მგონია, რომ ყველაზე მეტად ადამიანებს უყვართ გულწრფელობა. მეგობრებს ჩემთან ერთად უბრალოდ დროის გატარება უყვართ, მხიარულად არიან, კომფორტულად. ძალიან მიხარია, რომ ჩემს სივრცეში კარგად გრძნობენ თავს და პრობლემები ავიწყდებათ. მეც ძალიან მიყვარს ჩემ ირგვლივ მყოფი თითოეული ადამიანი. როგორც ვიხარჯები, უკან მიბრუნდება.

შენი გულის მოგება რით შეიძლება?

ძალიან მარტივად. ჩემი ცხოვრების გზაზე ძირითადად, კარგი ადამიანი მხვდებიან. ჩემ ირგვლივ ერთგული ადამიანები არიან. ყველაზე მეტად მინდა, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ და ერთად ვიყოთ კარგად. როცა ადამიანებისგანაც იმავეს ვგრძნობ, ჩემი გული მოგებულია…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები