LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა წერია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში

261
1554752863

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი – პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე – აღინიშნება.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიღებულ იქნა 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, მთავრობის სასახლეში.

 

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი
(საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 აპრილის საგანგებო სხდომა – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №4, მუხ. 291)

საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალპარტიულობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებითა და კონსტიტუციით.

1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.

საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში.

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ.

1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას სა-ქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.

საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანია და განუყოფელი. მის ტერიტორიაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და აგრესიად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად.

საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად.

საქართველოს რესპუბლიკა, ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტები და კონვენციები.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, ჰელსინკისა და ვენის აქტებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის პოლიტიკური ბედი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის კანონიერი და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე გარანტია იქნება.

ხელმოწერილია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს და მთავრობის წევრების მიერ
თბილისი, 1991 წლის 9 აპრილი.
12 საათი და 30 წუთი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g