LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიო „არ დაიდარდო“ 18 წლის გახდა

3760
არდაიდარდო

1-ელ ივნისს საქართველოს მასშტაბით ყველაზე რეიტინგულ „არ დაიდარდოს“ 18 წელი შეუსრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“, „არ დაიდარდოს“ გუნდის დაუღალავი მუშაობის შედეგად, რადიო ამ წლების განმავლობაში მუდამ რეიტინგების მოწინავე პოზიციას იკავებს, უამრავ ახალბედა მომღერალს მისცა საშუალება, თავისი აუდიტორია ეპოვა და რასაკვირველია, ესტრადის ვარსკვლავებისთვის საინტერესო პლატფორმაა ახალი ნამუშევრების მსმენელისთვის წარსადგენად.

„არ დაიდარდოს“ მთავარი მენეჯერი, გიორგი მშვენიერაძე გვესაუბრება რადიოს შესახებ, რომელიც მისთვის წლებია, მეორე სახლად იქცა:

18 წელი შეგვისრულდა. გავხდით სრულწლოვნები.

პირველ წელს გქონდა შეგრძნება, რომ ასეთი გრძელვადიანი პროექტის ხელმძღვანელი იქნებოდი?

ნამდვილად არ მქონდა ეს შეგრძნება და ვერც წარმოვიდგენდი, რომ პირველ რიგში, 18 წელი ერთ ადგილას ვიმუშავებდი და მეორეც, რადიო „არ დაიდარდო“ ასეთი მნიშვნელოვანი იქნებოდა როგორც ჩემი ცხოვრებისთვის პირადად, ასევე მთელი საქართველოსთვის. მგონია, რომ გაამართლა…

რატომ ამართლებს დღემდე, შენი აზრით?

პირველი მიზეზი ეს არის ხალხის სიყვარული. რატომ უყვართ? ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა ჭეშმარიტად ქართული ტალღაა და ამას დავასახელებდი პირველ მიზეზად – აქ ჟღერს ქართული მუსიკა.

რატომ ვერ დაიკავა იგივე ნიშა ასეთივე რეიტინგულობით სხვა რადიოებმა?

არის სხვა ასეთი ტიპის რადიოები, ყველას თავისი ნიშა აქვს და თავისი მსმენელიც ჰყავს. ჩემგან ალბათ, უხერხულია ამაზე საუბარი – ვფიქრობ, მთლიანად ჰოლდინგის დამსახურებაა, მთლიანი გუნდი, ხელმძღვანელობა, მფლობელი, მენეჯერი, ჟურნალისტები, დაცვაც კი – ისეთი შემადგენლობაა, რომ სხვანაირად ვერც იქნებოდა, – როგორც თავის დროზე გაამართლა „ფორტუნამ“, „ფორტუნა პლუსმა“, მერე ჩვენ და მერე „ავტორადიომ“…

სიახლეებს გეგმავთ?

სიახლეები ჩვენთან სულ არის და ახლაც, რსაკვირველია, ვგეგმავთ – იქნება ახალი რუბრიკები, ვიქტორინები, რომლებიც მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ჩვენი სოციალური ქსელის ანგარიშებთან, მათ შორის „ფეისბუქზე“, „ინსტაგრამსა“ და „ტიკ-ტოკზე“. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა, პატარა ასაკის მსმენელი და გვინდა, მათთვის საინტერესო იყოს ჩვენი შინაარსობრივი მხარე. ყველანაირი კვლევით ჩანს, რომ უსმენს ყველა ფენა, კატეგორია და ასაკობრივი სეგმენტი. საბოლოო ჯამში, რომ შევაფასოთ, „არ დაიდარდოს“ მთელი ქვეყანა უსმენს.

„არ დაიდარდოს“ შესახებ თავიანთ პოზიტიურ ემოციებს გაგვიზიარებენ რადიოს წამყვანებიც.

ლევან გულბათაშვილი:

დავიწყებ იმით, რომ არც მინდა იმის წარმოდგენა, ოდესმე რადიოში, კონკრეტულად კი „არ დაიდარდოში“ რომ არ ვმუშაობდი, რადგან ჩემთვის „არ დაიდარდოში“ ყველაზე ოჯახური, ყველაზე პოზიტიური გარემოა. საოცარია ყოველი აქ გატარებული საათი, დღე, წელი და სხვა FM-ზე მუშაობა ვერც წარმომიდგენია. მუდმივად რეიტინგების სათავეში რომ არის, ამაზე აღარც ვისაუბრებ. „არ დაიდარდოს“ ძალიან უყვარს თავისი მსმენელი და მუდმივად მათზეა ორიენტირებული. მე ძალიან დიდხანს ვოცნებობდი „არ დაიდარდოში“ მუშაობაზე და სხვათა შორის, ამიხდა ეს ოცნება (იცინის). ძალიან ბედნიერი ვარ, რომ  ამ არაჩვეულებრივი, უდარდელი ოჯახის წევრი ვარ და მინდა, კიდევ ძალიან ბევრი წელი ვიყო ამ ტალღაზე მანამ, სანამ, არ ვმოხუცდები და არ მეტყვიან, შენი დრო აქ აღარ არისო. ვულოცავ „არ დაიდარდოს“ დაბადების დღეს და ჩვენს არაჩვეულებრივ გუნდს, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ უდიდეს წარმატებას ვუსურვებ, რაც ისედაც არასდროს აკლდა, არც აკლია და ზუსტად ვიცი, რომ არც არასდროს დააკლდება. ისეთი განცდა მაქვს, რომ „არ დაიდარდოში“ დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ახალგაზრდობა და ძალიან მაგარი წლები აუცილებლად „არ დაიდარდოს“ უნდა უკავშირდებოდეს, ღრმა მოხუცებულობამდე.

ლაშა რამიშვილი:

„არ დაიდარდო“ სიცოცხლის ელექსირია, ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველ დღე და ყოველ წელს უფრო და უფრო ვრწმუნდები ამაში. ეს არის უდიდესი ბედნიერება, რომელიც მე სიცოცხლის ელექსირს მაძლევს და რომელიც უკვე 10 წელია, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. პატივისცემით და სიყვარულით ვულოცავ „არ დაიდარდოს“ დაბადების დღეს.

კატო კიკაბიძე:

„არ დაიდარდოზე“ საუბრისას მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დაახლოებით 10 წელია, რაც მე და „არ დაიდარდო“ ერთმანეთთან ვასოცირდებით. „არ დაიდარდო“ არ არის სამსახური, არის ჩემი ცხოვრების სტილი, ჩემი ყოველდღიურობა და მგონია, რომ მუდამ უნდა იარსებოს ჩემს ცხოვრებაში. „არ დაიდარდო“ ჩემი სულის ნაწილი იქნება მანამ, სანამ არ დავბერდები და საბოლოოდ არ გავჭაღარავდები (იცინის). მიყვარს თითოეული მისი კუთხე, თითოეული მასთან დაკავშირებული მოგონება, რომელიც მუდამ კარგი და პოზიტიურია. „არ დაიდარდო“ უდარდელი ტალღაა და შენც ავტომატურად ბედნიერები, როცა სტუდიაში შედიხარ. ჩემთვის „არ დაიდარდო“ არის ბედნიერება და ძალიან მიხარია, რომ აქ ვმუშაობ, არასდროს ვიღლები აქ ყოფნით. ამ არაჩვეულებრივ გუნდში მოხვედრის შანსი გიორგი მშვენიერაძემ მომცა და გიორგისთან ერთად თაკო მელიქიშვილის დამსახურებაცაა ჩემი აქ ყოფნა. მიხარია, რომ მეც შემიძლია ჩემი პატარა წვლილის შეტანა „არ დაიდარდოს“ განვითარებაში. მიყვარს აბსოლუტურად ყველა, ვინც ამ რადიოსთან ასოცირდება, სტუდია, მსმენელი, თანამშრომელი, ტექნიკური ჯგუფი.

ნანკა ქოქიაშვილი: დაარსების დღიდან განსაკუთრებულად მიყვარს. ძალიან პატარა ვიყავი, შენობასთან რომ გავივლიდი და ვამბობდი, აქ აუცილებლად ვიმუშავებ-მეთქი. ასეც მოხდა. გიორგი მშვენიერაძემ მომცა შანსი, ვყოფილიყავი ამ ოჯახის წევრი. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ჩვენი ოჯახია და აქ თავს საუკეთესოდ ვგრძნობთ. მინდა, რომ უსასრულოდ ვიარსებოთ, მეტი წარმატებით და შემართებით, გაასმაგდეს ყველა ის სიყვარული, რაც მსმენელსა და ჩვენ შორის არსებობს. გილოცავ, საქართველო. „არ დაიდარდო“ ხომ ყველასია. მიყვარხართ…

თაკო მელიქიშვილი:

ვულოცავ ეროვნულ და ყველაზე რეიტინგულ ტალღას FM სივრცეში 18 წლის იუბილეს. მეამაყება, რომ გახსნის დღიდან უხუცესი მუსიკალური წამყვანი ვარ (იცინის) . 18 წელია, ერთად ვართ მე და „არ დაიდარდო“.  ვულოცავ ჩვენს ჰოლდინგს, „არ დაიდარდოს“ კოლექტივს, გიორგი მშვენიერაძესა და ჩვენს საყვარელ მსმენელს. მიყვარხართ, თქვენი თაკო.

გიორგი არჩვაძე:

ვულოცავ რადიო „არ დაიდარდოს“ დაბადების დღეს. ვულოცავ როგორც „არ დაიდარდოს“ წამყვანებს, ისე მთელ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“, ყველა თანამშრომელს.  ეს არის რადიო, რომელიც 18 წელია, განსაკუთრებულ განწყობას, ხალისს, ბედნიერებას ქმნის FM დიაპაზონზე. 18 წელი არ არის ცოტა, მით უმეტეს მაშინ, როცა 18 წელია, პირველ ადგილზე ხარ. ჩვენს მსმენელსაც ვულოცავ „არ დაიდარდოს“ დაბადების დღეს, ეს რადიო მათი ცხოვრების თანამგზავრი და განუყოფელი ნაწილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g