LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ გავლენიანი ორგანიზაციის, ევროპის რადიოასოციაციის წევრი გახდა

6785
თამარ-ჩიგოგიძე-ფორტუნა

მსოფლიოში პანდემიის გამო შექმნილი ვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, სხვადასხვა ბიზნესკომპანიის პარალელურად, კომერციული მედიასაშუალებებისთვისაც აღმოჩნდა, რომლებიც რეკლამის ხარჯზე არსებობენ. საქართველოში ამ მხრივ კიდევ უფრო მეტად არასახარბიელო მდგომარეობაა, ვინაიდან მედიასაშუალებები იმგვარ სარეკლამო ბაზარზე არიან დამოკიდებულნი, რომელსაც არცთუ ფართო რესურსები გააჩნია. სხვადასხვა ბიზნესის გაჩერებამ კი მედიასაშუალებებში რეკლამის განთავსებაზეც იმოქმედა.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ერთ-ერთია იმ მსხვილ მედიასაშუალებათაგან, რომელმაც პანდემიით გამოწვეული შედეგი საკუთარ თავზე იწვნია. რადიოჰოლდინგის ხელმძღვანელმა, თამარ ჩიგოგიძემ უცხოური გამოცდილების გაზიარებისა და შესაბამისი კონსულტაციებისა და რეკომენდაციების მიღების თხოვნით, ერთ-ერთ გავლენიან და პრესტიჟულ ევროპულ ინსტიტუციას, AER მიმართა.

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ სრული დოკუმენტაციის დეტალურად შესწავლის შემდეგ, ევროპის რადიოასოციაციამ ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება და პირველად, ქართული რადიოსივრცისთვის შექმნა პრეცედენტი, რომლის თანახმადაც, რადიოჰოლდინგი საქართველოდან AER-ის წევრი გახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას სრულად ექნება წვდომა იმ ბენეფიტებთან, რაც საერთაშორისო ევროპულ გავლენიან ორგანიზაციას წლების განმავლობაში დაუგროვდა.

ევროპის რადიოასოციაცია AER 1992 წელს ბრიუსელში დაფუძნდა, ის 17 წევრს აერთიანებს ევროპის მასშტაბით და 5000-მდე კომერციული რადიოსადგურის ინტერესებს წარმოადგენს, მათ შორისაა საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა თუ სფეროს მუდმივი განვითარებისა და ხელშეწყობისთვის სახელმწიფოებთან თუ ევროკავშირთან მათი ინტერესების ლობირებაც შედის.

AER-ის გაცხადებულ პრინციპებს შორის ერთ-ერთი მთავარია, რომ მედია, როგორც დემოკრატიის გამაძლიერებელი ინსტიტუტი, სახელმწიფოს მიერ არ უნდა რეგულირდებოდეს ისე, როგორც ნებისმიერი სხვა სექტორი; მედიას უნდა ჰქონდეს საშუალება, საკუთარი შინაარსობრივი მხარე თავად არეგულიროს და დააფინანსოს, მედიას უნდა მიეცეს საშუალება, შექმნას კონტენტი სამართლიან  ციფრულ გარემოში და ა.შ.

AER-ის მიზნებს შორისაა მედიაპლურალიზმის ხელშეწყობა დამოუკიდებელი, ძლიერი და ხარისხიანი მედიასაშუალებების არჩევანის შესაქმნელად, ონლაინ თუ ეთერში მყოფი რადიოების ხელმისაწვდომობის გარანტიის, ასევე ციფრული სერვისებისა და საჯარო მაუწყებლებისთვის სამართლიანი კონკურენტული გარემოს შექმნა, მომხმარებელთა დაცვა არასასურველი რეკლამისგან, საავტორო უფლებების დაცვის ჯეროვანი უზრუნველყოფა და სხვა.

AER-ის წევრობა ნიშნავს სარგებელს სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ძლიერი ლობისტური საქმიანობა კომერციული რადიობიზნესისთვის, პირდაპირი კავშირი ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, წვდომა ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფებთან…

AER გახლავთ პლატფორმა ახალი ინფორმაციის გასაზიარებლად ევროკავშირის პოლიტიკის საკითხების, აუდიტორიის გაზომვისა თუ კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემების გადასალახად.

AER-სთან თანამშრომლობა რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთვის“ საინტერესო რეკომენდაციებისა, კონსულტაციისა და მხარდაჭერის მიღების ფართო საშუალებებს ხსნის, თავად ევროპის რადიოასოციაცია კი მოხარულია, რომ რადიობიზნესში ქართული გამოცდილების გაზიარების საშუალება ექნება.

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ დირექტორმა, თამარ ჩიგოგიძემ ჩვენთან ამ თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

ევროპის რადიოასოციაციის წევრი საქართველოდან რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ გახდა. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან მიღწევას. როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა?

თამარ ჩიგოგიძე:

მსოფლიოში პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი რადიოჰოლდინგიც საკმაოდ ბევრ სირთულეს წააწყდა. მივმართეთ ჩვენს კოლეგებს ევროპიდან, რომ გაეწიათ ჩვენთვის კონსულტაცია, რა გზას დავდგომოდით და საითკენ აგვეღო გეზი ახალი ვითარების შესაბამისად. მათ, რასაკვირველია, კრიზისების მართვის უფრო დიდი გამოცდილება აქვთ, აერთიანებენ ევროპის მასშტაბით 5000-ზე მეტი რადიოს და 1992 წლიდან ოპერირებენ ევროპის მასშტაბით.

ჩვენი თხოვნის შემდეგ, მათ შეისწავლეს ჩვენ მიერ გაგზავნილი დოკუმენტაცია, შეიძლება ითქვას, რომ დეტალურად შეამოწმეს ჩვენი საქმიანობა, რეიტინგები და გავლენა ქართულ მედიაბაზარზე და მხოლოდ ამის შემდეგ დაგვიბრუნდნენ წინადადებით, გავმხდარიყავით მათი ასოციაციის წევრი.

2020 წლის 9 სექტემბერს ოფიციალურად განიხილეს ჩვენი კანდიდატურა და მივიღეთ ოფიციალური წერილი, დასტური იმის თაობაზე, რომ გავხდით მათი ორგანიზაციის წევრი. ერთსულოვნად აგვირჩიეს.

საქართველოს რადიო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პრესტიჟული და კომპეტენტური ორგანიზაციის წევრობა და მათი გამოცდილების გაზიარება. პანდემიამ წამოწია წინ ასეთი საჭიროებები. ვიმედოვნებ, მომავალში ეს თანამშრომლობა დიდ სიკეთეებს მოუტანს რადიო სექტორს და შესაბამისად ჩვენს საზოგადოებას!

რადიოსექტორს მთელ მსოფლიოში გაუჭირდა, თუმცა განსაკუთრებით – საქართველოში. უფრო მეტი და დიდი პრობლემა შეგვექმნა. ვიმედოვნებ, რომ კომპეტენტური კონსულტაციების მიღების შემდეგ, უფრო ეფექტურად შევძლებთ ჩვენი ინტერესების გატარებას ქვეყანაში და ასევე ტექნოლოგიური განვითარების წარმოებასაც ჩვენს სფეროში.

მოგეხსენებათ, ევროპა მუშაობს 5G ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. ეს ჩვენთანაც გარდაუვალი იქნება უახლოეს მომავალში. შესაბამისად, მათი მხრიდან ექსპერტული მოსაზრებების მოსმენა და გაზიარება ჩვენი სფეროსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, დაგვეხმარება, დავგეგმოთ ახალ ტექნოლოგიებზე უმტკივნეულო გადასვლა და სახელმწიფოსთან სწორად წარმართული დიალოგის მეშვეობით მოვიპოვოთ სიხშირეები, რომლებიც შემდგომში ტრანსლირებისას გამოგვადგება.

გარდა ამისა, ტექნოლოგიების გარდა, ამ ასოციაციის ერთ-ერთი მიმართულებაა, დაეხმაროს კერძო ორგანიზაციებს, სახელმწიფოს მიაწოდოს საინტერესო იდეები, ინიციატივები და  სწორი ხედვა სექტორის სწორი განვითარებისთვის. ჩვენ ამ მხრივაც  ვაპირებთ თანამშრომლობას AER-თან.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g