როგორია რადიოს როლი ციფრულ ეპოქაში და რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე რადიოინდუსტრია – ამ და სხვა საკითხებზე ინტერვიუში საუბრობს რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე, რომელმაც შუშას მეოთხე გლობალურ მედიაფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ქალბატონო თამარ, ახლახან შუშის გლობალურ მედია ფორუმში მონაწილეობდით. რა მნიშვნელობა ჰქონდა თქვენთვის ამ ფორუმში მონაწილეობას?
შუშის გლობალურ მედია ფორუმში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. მიწვევა მივიღე აზერბაიჯანის რადიოს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, როგორც საქართველოს რადიოინდუსტრიის წარმომადგენელმა.
ფორუმმა თავი მოუყარა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიის ლიდერებს, ჟურნალისტებსა და ექსპერტებს. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, წარმომედგინა საქართველო, გამეზიარებინა ჩვენი გამოცდილება, მესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს რადიოინდუსტრია დგას და, ამავდროულად, გამეცვალა იდეები საერთაშორისო კოლეგებთან.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ფორუმზე რადიოს მომავალი ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად იყო წარმოდგენილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რადიო დღესაც რჩება თანამედროვე, სანდო და საზოგადოებისთვის აუცილებელ მედიასაშუალებად.

რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ფორუმისა და შუშის შესახებ?
ფორუმი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და მოიცავდა საინტერესო დისკუსიებს მედიისა და განსაკუთრებით რადიოს მომავლის შესახებ. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა შუშამ. თვალსაჩინოა, რამდენად დიდი პროგრესი აქვს ქალაქის აღდგენის პროცესს. შუშა დღეს არა მხოლოდ ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ქალაქია, არამედ საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან ცენტრადაც იქცა.
თავადაც აქტიურად იყავით ჩართული ფორუმის პროგრამაში?
დიახ. მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიებში, სადაც რადიოინდუსტრიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. ასევე ვიყავი სატელევიზიო გადაცემის სტუმარი, სადაც რადიოს როლსა და მნიშვნელობაზე ვიმსჯელეთ თანამედროვე ციფრულ ეპოქაში. განსაკუთრებით საინტერესო იყო სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაცნობა და იმის დანახვა, რომ მიუხედავად ტექნოლოგიური ცვლილებებისა, რადიო კვლავ რჩება საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე სანდო და გავლენიან მედიასაშუალებად.
პანელურ დისკუსიებსა და სატელევიზიო გადაცემაში რადიოს მომავალზეც ისაუბრეთ. რა იყო თქვენი მთავარი გზავნილი?
ჩემი მთავარი გზავნილი იყო, რომ დღეს რადიოს მომავალი ორ უმნიშვნელოვანეს პრინციპს ეფუძნება – ხელმისაწვდომობასა და აქტუალობას.
რადიო უნდა იყოს ყველგან, სადაც არის მსმენელი – FM-ზე, ვებპლატფორმებზე, მობილურ აპლიკაციებში, სოციალურ მედიაში, სმარტ მოწყობილობებსა და ავტომობილებში. მსმენელს რადიოს ძებნა არ უნდა უწევდეს – ის ყოველთვის ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ამასთანავე, არანაკლებ მნიშვნელოვანია კონტენტის ხარისხი და აქტუალობა. დღეს რადიო აღარ არის მხოლოდ ეთერი. თანამედროვე რადიო მულტიპლატფორმული მედიაა.
სწორედ ამ ხედვით ვითარდება რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“. ჩვენი ვებპლატფორმა Fortuna.ge ოთხივე რადიოსადგურს აერთიანებს ერთი ბრენდის ქვეშ და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან კონტენტს – ახალ ამბებს, პოლიტიკას, ბიზნესს, კულტურას, შოუბიზნესს, ცხოვრების სტილსა და სხვა საინტერესო თემებს. პლატფორმას ყოველთვიურად დაახლოებით 1,5 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.
ამასთან, აქტიურად ვვითარდებით სოციალურ და ციფრულ მედიაშიც. ჩვენი მიზანია, მსმენელსა და მომხმარებელს შევხვდეთ იქ, სადაც ის არის – იქნება ეს რადიო, ვებგვერდი, Facebook, Instagram, TikTok თუ YouTube. სწორედ ასე რჩება რადიო თანამედროვე, აქტუალური და კონკურენტუნარიანი.
შუშის გლობალურმა მედია ფორუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რადიოს მომავალი ტექნოლოგიებთან ადაპტაციაში, სხვადასხვა პლატფორმაზე ხელმისაწვდომობასა და საერთაშორისო თანამშრომლობაშია. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მედიამ, მარეგულირებლებმა, მთავრობებმა და ავტოინდუსტრიამ ერთად ვიმუშაოთ, რათა რადიო მომავალშიც თავისუფლად და შეუფერხებლად იყოს ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის.
თქვენ კითხვა დაუსვით აზერბაიჯანის პრეზიდენტს. რას შეეხებოდა ის?
პრეზიდენტს დავუსვი კითხვა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სულ უფრო აქტუალური ხდება – ახალი ელექტრომობილების ნაწილი FM რადიოს გარეშე იყიდება, ან FM რადიო იმდენად დამალულია მულტიმედიურ სისტემაში, რომ მისი გამოყენება რთულდება. ვკითხე, დაუჭერდა თუ არა აზერბაიჯანი მხარს მთავრობების, მარეგულირებლების, მაუწყებლებისა და ავტოინდუსტრიის თანამშრომლობას, რათა FM რადიო ყველა ახალ ავტომობილში ხელმისაწვდომი და ადვილად მოსაძებნი დარჩეს.
პრეზიდენტის პასუხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან განაცხადა, რომ სრულად უჭერს მხარს ამ ინიციატივას, აღნიშნა, რომ თავადაც ძირითადად ავტომობილში უსმენს რადიოს და მისთვის რადიოს გარეშე მანქანა წარმოუდგენელია. ასევე გამოთქვა მზადყოფნა, რომ თუ ამ მიმართულებით მხარდაჭერა იქნება საჭირო, აზერბაიჯანი აუცილებლად ჩაერთვება.
ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი რადიო ინდუსტრიისთვის. ვფიქრობ, ეს გამოწვევა მხოლოდ ერთი ქვეყნის პრობლემა აღარ არის – ის მთელ ევროპასა და ჩვენს რეგიონს ეხება. სწორედ ამიტომ, საქართველოში უკვე დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან პირველი განხილვებიც გაიმართა, რათა დროულად მოვემზადოთ იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც ავტოინდუსტრიაში მიმდინარეობს. დღეს საქართველოში ეს პრობლემა ჯერ ისეთი მასშტაბური არ არის, როგორც აზერბაიჯანში, თუმცა ელექტრომობილების რაოდენობა სწრაფად იზრდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, პრევენციულად ვიმოქმედოთ, რათა FM რადიო მომავალშიც დარჩეს ყველა ავტომობილში ადვილად ხელმისაწვდომი – როგორც საზოგადოების ინფორმირებისა და საგანგებო სიტუაციების დროს სანდო კომუნიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება.


კიდევ რა პროფესიული შეხვედრები გქონდათ ვიზიტის ფარგლებში?
ვიზიტის ფარგლებში ვესტუმრე აზერბაიჯანის რამდენიმე წამყვან რადიოსადგურს – Planet FM, Dalğa FM, ASAN Radio, TMB Radio, Sağlam Radio, Media FM და Yurd FM. თითოეულ რადიოს თავისი უნიკალური კონცეფცია და აუდიტორია ჰყავს, თუმცა ყველას აერთიანებს პროფესიონალიზმი და ინტერესი რადიოს მომავლის მიმართ. კოლეგებთან ძალიან საინტერესო საუბრები გვქონდა თანამედროვე რადიომაუწყებლობის ტენდენციებზე, ციფრულ ტრანსფორმაციაზე, აუდიტორიის ქცევის ცვლილებებსა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს რადიოინდუსტრია დგას.
რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ საკითხზეც, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია – FM რადიოს ხელმისაწვდომობაზე ახალ ავტომობილებში. სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ხედვები სრულად ემთხვევა და არსებობს მზადყოფნა, მომავალშიც ვითანამშრომლოთ.
ვფიქრობ, სწორედ ასეთი პროფესიული შეხვედრები ქმნის საფუძველს ახალი იდეების, ერთობლივი ინიციატივებისა და რეგიონული თანამშრომლობისთვის. შუშის გლობალური მედია ფორუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მედია, განსაკუთრებით კი რადიო, რჩება ადამიანების, იდეებისა და ქვეყნების დამაკავშირებელ მნიშვნელოვან პლატფორმად. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შედეგად დაწყებული პროფესიული კონტაქტები მომავალში კონკრეტულ და წარმატებულ თანამშრომლობაში გადაიზრდება.
ცნობისთვის, გლობალურ მედიაფორუმს, რომლის თემა იყო „მედიის როლი მშვიდობის ხელშეწყობაში: სიმართლის აღდგენა და ნდობის ხელახლა შენება“, 54 ქვეყნიდან 160 სტუმარი ესწრებოდა. გლობალურ მედიაფორუმში საქართველოდან მონაწილეობა მიიღო რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, თამარ ჩიგოგიძემ.
მედიაფორუმი 13-14 ივლისს, აზერბაიჯანის ქალაქმა შუშაში გაიმართა. მედიაფორუმის გახსნას დაესწრო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელმაც ფორუმის მონაწილეებს მიმართა და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მედიაფორუმი აერთიანებდა ჟურნალისტებს, საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებს, მედიამენეჯერებს, სახელმწიფო მოხელეებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, ტექნოლოგიური პლატფორმებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.


