LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სურვილებითა და მიზნებით ხვდება რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ხელმძღვანელობა ახალ 2024 წელს: „გავიმარჯვეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში და ეს ნიშანდობლივია მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა…“

2681
თამარ-ჩიგოგიძე

უკვე 26 წელია, FM სივრცეში რადიო „ფორტუნას“ ხმა ისმის. რეიტინგების ლიდერი რადიო ოქროს ჰიტებით, სანდო საინფორმაციო სამსახურითა და მუდმივი სიახლეებისკენ სწრაფვით პირველობას არასდროს თმობს. 16 წელია კი, ამავე ჰოლდინგის საფარქვეშ კიდევ ერთი წარმატებული რადიო, „ავტორადიო“ ფუნქციონირებს. სულ რადიოჰოლდინგი ოთხ რადიოსადგურს აერთიანებს, რომელთა შორის „არ დაიდარდო“ და „ფორტუნა პლუსიც“ არის, მაგრამ „ფორტუნასა“ და „ავტორადიოზე“ განსაკუთრებულ ყურადღებას განსაკუთრებული მიზეზით ვამახვილებთ – 31 დეკემბერს ორივე რადიოს დაბადების დღეა, რომელიც გამორჩეულ და საზეიმო ვითარებაში აღინიშნება.

როგორ აფასებს გასულ წელიწადს პოპულარული რადიოჰოლდინგის მენეჯმენტი და რა მიზნები დაისახეს მომავალი წლისთვის, ამის შესახებ ჰოლდინგის გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე,  მაია მაზანაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თამარ სადრაძე გვესაუბრებიან.

ყოველ 31 დეკემბერს „ფორტუნას“ და „ავტორადიოს“ იუბილე აღინიშნება. რას ნიშნავს თქვენთვის ყოველი მომატებული წელიწადი?

თამარ ჩიგოგიძე: 

31 დეკემბერი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ჩვენს ჰოლდინგში შემავალი რადიოსადგურების – „ფორტუნასა“ და „ავტორადიოს“ დაბადების დღეა. მომატებული წელიწადი ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა გამოცდილებას, რაც თავის მხრივ გვაძლევს შესაძლებლობას, ვაკეთოთ უფრო მეტი და მეტი, როგორც  ჩვენი მსმენელისთვის, ასევე ზოგადად საზოგადოებისთვის.

ქალბატონო თამუნა, როგორ შეაჯამებთ 2023 წელს? რით იყო მნიშვნელოვანი რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთვის“ უკვე განვლილი წელიწადი? რა სურვილები გაქვთ, როგორც რადიოჰოლდინგის ხელმძღვანელს, 2024 წლისთვის და რა გეგმები დასახეთ საკუთარი მიზნების შესასრულებლად?

2023 წელი იყო გამოწევებით აღსავსე, როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა უნდა აღინიშნოს, გაჩნდა პერსპექტივებიც, როგორც ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, ასევე საგარეო პოლიტიკის. ვგულისხმობ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ნიშანდობლივია, რომ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ წილად ხვდა პატივი, გაემარჯვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში – The Eastern Partnership, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერებას და გაღრმავებას მის ექვს პარტნიორ ქვეყანასთან აღმოსავლეთში სხვადასხვა მიმართულებით, როგორებიცაა პოლიტიკის სფერო, თავისუფალი ვაჭრობა, მიგრაცია, ენერგეტიკის სფერო და ა.შ.

ეს პროექტი შესაძლებლობას მოგვცემს, შევქმნათ მრავალფეროვანი ღირებული გადაცემები და პროექტები როგორც ჩვენი მსმენელისთვის, ასევე მედია სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის. საინტერესო ამბავი ის არის, რომ ჩვენ მიერ შექმნილი გადაცემები თუ კონტენტი და ასევე ონლაინ ტრენინგები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჩვენი fortuna.ge-ს მეშვეობით, ასევე რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ ახლად შექმნილი პლატფორმით mediagurad.eu. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები და თემები გადაითარგმნება და ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი პროექტის პარტნიორი ქვეყნების მონაწილე მოსახლეობისთვის.

ასევე მოხარულები ვართ, გაცნობოთ რომ ახალი წლიდან ჩაეშვება fortuna.ge-ს სრულიად განახლებული ვებ გვერდი, რომელიც ჩვენი აუდიტორიის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული იქნება. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული სიახლე უპასუხებს იმ ადამიანთა მოთხოვნებს, რომლებიც ფეხდაფეხ მიჰყვებიან ციფრული ტექნოლოგიების უახლეს ტენდენციებს.

ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ როგორც ჩემს გუნდს, ასევე სრულიად საქართველოს დამდეგ შობა-ახალ წელს. მშვიდობის, წარმატების და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს 2024 წელი ჩვენი მოსახლეობისთვის!..

მაია მაზანაშვილი, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ კომერციული დირექტორი: 

ძალიან საინტერესო წელიწადი იყო, მოულოდნელობებით აღსავსე. პანდემიის პერიოდის გადავლის შემდეგ, პირველი წელი იყო, როდესაც გაყიდვებისა და კომერციალიზაციის კუთხით მუშაობა კვლავ გააქტიურდა, შევქმენით უამრავი ახალი პროექტი დავამყარეთ განსხვავებულ ბიზნესსექტორთან კომუნიკაცია, რაც იყო საინტერესო და დიდი გამოცდილების მომტანი ჩვენთვის. მარკეტინგისთვის 2023 წელს გამაცოცხლებელი ეფექტი ჰქონდა. ბევრი გამოწვევა უკან მოვიტოვეთ…

გაყიდვების ტენდენცია ზრდისკენ მიდის. სარეკლამო ბაზრის ტრენდი, პანდემიის პერიოდში, რა თქმა უნდა, ვარდნისკენ წავიდა. ყველა მედიასაშუალება იყო მიმართული ვარდნის შეჩერებისკენ, ზრდის ამბიცია არ გვქონია. ორმა რთულმა წელმა გადაიარა და დავიწყეთ ჯერ ტრენდის სტაბილურობაზე ზრუნვა, შემდეგ კი განვითარების გეგმა-სტრატეგიის შემუშავება. ვფიქრობ, ამ მიმართულებით კარგად ვიმუშავეთ.

2023 წელს რადიოს მიმართ მომხმარებლის დამოკიდებულებამ სასიამოვნოდ გაგვაკვირვა. ფაქტია, რომ რადიო უფრო მეტად აქტუალური ხდება და ეს სწორედ წელს ვიგრძენი. მარეგულირებელი კომისია ორ წელიწადში ერთხელ კვლევებს ატარებს და რადიო მედიის კუთხით ძალიან ლოიალურია მომხმარებელი. ეს მოლოდინები გვქონდა, მაგრამ კარგია, როცა ოფიციალური კვლევაც ამას აჩვენებს.

რადიო არის კარგი გამტარი, შედეგების კუთხითაც…Gama Research-მა 2022 წლის დასასრულს ჩაატარა კვლევა, რომელმაც გამოავლინა, რომ მანქანების 78%-ს ჩართული აქვს რადიო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ბაზრის ძალიან მაღალი წილი – 56% . ჩვენი ოთხი რადიო, რომელიც სხვადასხვა სეგმენტზეა გათვლილი და მრავალფეროვნებას ქმნის, მოიცავს მსმენელის სრულ სპექტრს.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ 2024 წელი მნიშვნელოვანი წელი იქნება. პანდემიის შემდეგ შეიცვალა ეკონომიკური გარემო, ბიზნესსექტორის ქცევაც მედიასთან ურთიერთობაში, გაყიდვებისთვის ეს არის ინტერესის სფეროც და გამოწვევაც… 2023 წელს უკრაინა-რუსეთის ომმა თუ ისრაელი-პალესტინის კონფლიქტმა, რა თქმა უნდა, თავისი გავლენა მოახდინა საქართველოზეც და აქ შექმნილ გარემოზეც, ამიტომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით უნდა ვიფიქროთ 2024 წელზეც, თუმცა ჩვენი გუნდი, შემოქმედებითი თუ მარკეტინგული, მზადაა, შექმნას უამრავი ახალი პროექტი როგორც რადიოსთვის, ასევე დიჯითალისთვისაც. fortuna.ge – ჩვენი აქტიური, აქტუალური და ძალიან ძლიერი ინტერნეტპლატფორმაა. ნელ-ნელა ის თავის შედეგებს დებს. ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს და ბაზრიდანაც უკვე წამოვიდა მოთხოვნა მისი მიმართულებით. ეს ნიშნავს წარმატებას, როცა ბაზარი გეძებს და შენზე არის მოთხოვნილება… არაჩვეულებრივი გუნდი ქმნის fortuna.ge-ს და ვფიქრობ, 2024 წელს უშუალოდ დიჯითალ მიმართულებაში ჩვენს მნიშვნელოვან სიტყვას ვიტყვით გაყიდვების კუთხით!..

თათა სადრაძე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი: 

2023 წელი რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთვის“ და მასში შემავალი ოთხი რადიოსადგურისა თუ fortuna.ge-სთვის ძალიან მრავალფეროვანი გახლდათ. თუკი რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ყველას მხარდაჭერას საკუთარ თავზე ვიღებდით, რადგან ვიცით, რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი მედიასაშუალების მხარდაჭერა ნებისმიერი პროექტის წარმატებისთვის. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ ორგანიზატორსა და ბუნებრივია, მონაწილეებს.

ყოველ წელს ვაჯამებთ ჩვენს მუშაობას და ვსვამთ კითხვას, რა გავაკეთეთ საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი მსმენელისთვის… მინდა, თამამად აღვნიშნო, რომ დაჯილდოვებების თუ ჩვენი პროექტების დაფასებისა და აღნიშვნის კუთხით ყოველი წელი გამორჩეულია, მაგრამ 2023 წელმა ნამდვილად ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პირველი სიტყვა, რასაც ყველა გვეუბნებოდა, არის „უკონკურენტო“. და მართლაც, ეს წელიწადი საკუთარ თავთან შეჯიბრი იყო. კონტენტი, რითაც იქმნება ჩვენი წარმატების ფორმულა და რეიტინგი, ყოველწლიურად ითხოვს სიახლეებს და ჩვენც, რა თქმა უნდა, ენერგიას არ ვიშურებთ სიახლეების მოსაფიქრებლად და დასანერგად ოთხივე რადიოსადგურსა და fortuna.ge-ზე. ის პროექტები, რაც 2023 წელს შევთავაზეთ მსმენელს, მკითხველსა და მაყურებელს, საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

ჩვენ ყოველთვის მივყვებით მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს. ვართ ევროპის რადიოასოციაციის წევრი. 2024 წლის განმავლობაში ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ასევე გპირდებით არაერთ საინტერესო პროექტს.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს გუნდს, რომ მთელი წელიწადი მოწინავე პოზიციებს ვიკავებდით!.. და მადლობა ჩვენს მსმენელს, მკითხველს და მაყურებელს იმისთვის, რომ ჩვენს შრომას აფასებს და როგორც ნაცნობ, ისე ახალ პროექტებს ყოველთვის დიდი ინტერესით ხვდება!.. იმედი მაქვს, კიდევ არაერთი წლის განმავლობაში შევინარჩუნებთ ამ ინტერესს…

მასალა მოამზადა ნინო მურღულიამ