LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია, როგორც სწორუპოვარი ბიზნეს სუბიექტი

662
ბიზნეს-სუბიექტი

„სამსახური ჩემსას ერქვა, შენი – გართობაა“ – მითხრა პენსიაზე გასულმა მამაჩემმა, როცა რაღაც ყოფითი საქმისთვის დროის უქონლობაზე სამსახურში დაკავებულობა მოვიმიზეზე. მეწყინა. ერთი იმიტომ, რომ ჟურნალისტიკაში შემთხვევით არ მოვხვედრილვარ, პროფესია გააზრებულად მაქვს არჩეული და 18 წელია ცდას არ ვაკლებ, ქვეყანას კეთილსინდისიერად ვემსახურო და კიდევ იმიტომ, რომ ჟურნალისტს ბევრი რამ შეიძლება დაუწუნო (მეტყველება, თემის მოუმზადებლობა და ა.შ.), მაგრამ არა საქმიანობა – იგი საზოგადოებრივ აზრს აყალიბებს და ამ საქმეში მისი მთავარი იარაღი სიტყვაა…

ჩემი ყოველდღიურობის გართობად აღქმამ კარგა ხანს მაფორიაქა. შევეცადე, მამაჩემის მსგავსად მოფიქრალების თვალით შემეხედა საკუთარი პროფესიისთვის – ჟურნალისტის საქმე გართობაა იმიტომ, რომ არ მოითხოვს ფიზიკურ ძალისხმევას, მედია ვერ ქმნის და არ ატრიალებს კაპიტალს?..

ამ კითხვებზე საუკეთესო პასუხი ფაქტებია.

დავიწყოთ იმით, რომ ჟურნალისტი, შესაძლოა, ზურგით არ ათრევს მძიმე ტომრებს, მაგრამ იგი ყინვაში, წვიმაში, ქარში არაერთი საათი ქუჩაში დგას იმისთვის, რომ თქვენი გასაჭირი და სათქმელი შესაბამის ინსტანციამდე და ფართო საზოგადოების ყურამდე მიიტანოს; სტიქიური უბედურებების დროს მიკროფონს გვერდზე დებს და სტიქიის ზონაში მაშველების გვერდით იკავებს ადგილს (მაგალითად, 2023 წლის 6 თებერვალს, თურქეთ-სირიის საზღვარზე, გაზიანთეფ-ქაჰრამანმარაშის 7.7 და 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების დროს, რომელთაც 53 537 ადამიანი ემსხვერპლა, 107 213 ადამიანი კი დაშავდა, ჟურნალისტებმა არაერთი რიგითი მოქალაქე ამოიყვანეს ნანგრევებიდან); ზოგჯერ გამომძიებლის ტყავში ძვრება, თავს ფიზიკურად იგდებს საფრთხეში (ხანდახან კლდე-ღრეში ცოცვითაც კი) თქვენთვის ვითარების სრული სურათის საჩვენებლად; ცხელ წერტილებში მიმდინარე მოვლენების და შესაძლო საფრთხეების შესახებ თქვენი კარგად ინფორმირებისთვის ზოგჯერ სიცოცხლესაც სწირავს (ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, 2023 წელს 120 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი მოკლეს, მათგან 11 ქალი იყო)…

საპირისპირო მაგალითებიც, ცხადია, არსებობს, მაგრამ ახლა მათზე არ შევჩერდები, რადგან ჟურნალისტთა არაპროფესიონალურ და პირად სარგებელზე დაფუძნებულ ქმედებებზე აქცენტი ჩემი მიზანი არ არის და არაკოლეგიალური დამოკიდებულებისგანაც შორს დავიჭერ თავს.

რაც შეეხება მედიის არცთუ უმნიშვნელო როლს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, ამ საკითხისთვის სკეპტიკურად მაყურებლებს საჭიროა, ჩემი სფეროს შიდა სამზარეულოში შევუძღვე იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც არა მხოლოდ დიდი გულშემატკივრები არიან დარგის, არამედ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ობიექტურადაც ხედავენ სურათს.

საკითხში ჩაღრმავებამდე, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მედია კომპანიების უახლეს რეიტინგს მოვიშველიებ. ნუსხაში პირველ ადგილს Netflix იკავებს ($270.98 მლრდ), მეორე ადგილზეა Disney ($221.80 მლრდ), მესამე პოზიციაზე კი Comcast ($168.72 მლრდ) აღმოჩნდა. ეს სია მხოლოდ მტკიცებულებაა იმის, რომ თუმც მედია საზოგადოების ფხიზელი თვალის ფუნქციას უნდა ასრულებდეს, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ციფრულმა ტრანსფორმაციამ ინფორმაციაც საბაზრო საქონლად აქცია.

უნდა განიხილებოდეს თუ არა მედია საშუალება ბიზნეს სუბიექტად, თავდაპირველად ამ კითხვით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების ასოცირებულ პროფესორს მაია ტორაძეს მივმართე:

– მედია ბიზნეს სუბიექტი იყო ყოველთვის (თუ არ ჩავთვლით საბჭოთა მედიას, როცა მის ფუნქციად საბჭოთა იდეოლოგიის პროპაგანდა მიიჩნეოდა). რადგან იქმნება პროდუქტი და არსებობს მომხმარებელი – მკითხველი, მაყურებელი, მსმენელი, ესე იგი, კომერციული დანიშნულება აქვს, იმის მიუხედავად, ჰყავს თუ არა მას კერძო მფლობელი. ამიტომ, როგორც საქართველოში, ისე დასავლეთის ქვეყნებშიც, მედია მოიაზრება კომერციულ ბიზნესად, რომლის არსებობა და წარმატება ეფუძნება რეკლამირებასა და გამომწერების/მომხმარებლების რაოდენობას. ეს თავისთავად გულისხმობს მედიასფეროში ფართო კონკურენციასა და კონტენტის მრავალფეროვნებას, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაღალკონკურენტულ გარემოში მედიაბიზნესს, მეტი მაყურებლის, მკითხველის, მსმენელის დაინტერესების მიზნით, ჟურნალისტური პრინციპების წინ სენსაციონალიზმის დაყენება უწევს. ეს გავლენას ახდენს სარედაქციო გადაწყვეტილებებზე და გაშუქების ხარისხზე, რასაც დღესდღეობით მომძლავრებული ყალბი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების ზრდაც მოწმობს. 

– ბიზნეს სუბიექტის სტატუსის მატარებელ მედიას რამდენად შესწევს უნარი იყოს მიუკერძოებელი?

– მიუკერძოებლობა ცოტა სადავო რამ გახლავთ მედიასთან მიმართებით. მე ვემხრობი მოსაზრებას, რომ აბსოლუტურად მიუკერძოებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალება არ არსებობს. წესით, მისი დამფუძნებელი და მფლობელი სარედაქციო პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა სხვაა. იმის მიუხედავად, რომ თუნდაც დასავლური მედიაგარემოს კონკურენტული ბუნება ხელს უწყობს მედია პლურალიზმსა და პერსპექტივების მრავალფეროვნებას, მასზე ეკონომიკური ზეწოლა მაინც მოქმედებს, რაც იწვევს კონტენტის ჰომოგენიზაციას, ანუ ბევრი მსგავსი შინაარსის მასალა იწარმოება დიდი აუდიტორიის მოსაზიდად. მედიის თავისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს როგორც მედიამფლობელობის მაღალი კონცენტრაცია, ასევე მსხვილი კორპორაციების გავლენა ბაზარზე. დამოუკიდებლობის შედარებით მაღალი ხარისხის მიღწევა შეუძლია იმ მედიასაშუალებას, რომლის მფლობელები თავად ჟურნალისტები არიან. ასეთი კი ჩვენს სინამდვილეში თითზე ჩამოსათვლელი ორგანიზაციებია, რომელთაც ფინანსურად ძალიან უჭირთ და ხშირად არიან გრანტებზე დამოკიდებულნი. სამწუხაროა, რომ უცხოური გავლენების შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოში დამოუკიდებლობის და თავისუფლების ამ მედიაკუნძულებსაც საფრთხე დაემუქრება და საბოლოოდ მივიღებთ დამფინანსებლის ხელს შემყურე მედიას, რომლისგანაც ობიექტურ, მიუკერძოებელ პროდუქტს აღარ უნდა ველოდოთ.

– ამ კომერციალიზაციის ეპოქაში და ონლაინ მაუწყებლობის გააქტიურების პირობებში, ცალკე ხელოვნური ინტელექტის მომძლავრების გათვალისწინებთ, რა შეუნარჩუნებს საზოგადოების ნდობას ტრადიციულ მედიას?

ტრადიციული მედიისადმი ინტერესის კლება მსოფლიო პრობლემაა და ამაზე სერიოზული კვლევები ტარდება. ტექნოლოგიების განვითარებას ხელს ვერავინ შეუშლის და ვხედავთ კიდეც, როგორ იკავებს მთლიანად მედიაბაზარს ახალი მედია და ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტიც, მაგრამ ტრადიციულ მედიას აქვს საუკუნეებით გამოცდილი უნარი – გადაირჩინოს თავი ნებისმიერი კრიზისის დროს. მაგალითად, როცა რადიომ, როგორც მედიასაშუალებამ, ოპერატიულად ინფორმირების ფუნქცია შეიძინა, მთელი მსოფლიო ალაპარაკდა იმაზე, რომ გაზეთების ერა დასრულდა. ეს იყო გასული საუკუნის 30-იანი წლები და, მართლაც, რადიოს ოცწლიანმა „ოქროს ხანამ“ პრობლემები შეუქმნა ბეჭდურ მედიას. მიუხედავად ამისა, გაზეთმა და ჟურნალმა იპოვა საკუთარი ნიშა – სპეციალიზებული გამოცემები და ანალიტიკა. რადიოს ერას მოჰყვა სატელევიზიო ბუმი და შემდეგ უკვე რადიოს „გარდაცვალებაზე“ ალაპარაკდნენ, მაგრამ თავადაც ხედავთ, ამ საუკუნის 2000-იან წლებამდე ისინი  მშვენივრად თანაარსებობდნენ მედიაბაზარზე ­– რადიომ გადაინაცვლა ავტომანქანებში, გაზეთებმა კი ლოკალური პრობლემების ასახვას მიჰყვეს ხელი. დღეს უკვე ანალოგიური პრობლემის წინაშე ტელევიზიაც დადგა. მიუხედავად იმისა, რომ, საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, მოქალაქეთა დიდი ნაწილი ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ ჯერ კიდევ ტელევიზიას ასახელებს, ეს მაინც განვითარებადი ქვეყნის მახასიათებელია. თვალსაჩინოა, რომ უკანასკნელ ხანებში საგრძნობლად მოიმატა სოცმედიიდან ინფორმაციის მიმღებთა რაოდენობამ და ეს რიცხვი, ინტერნეტის გავრცელებასთან ერთად, კიდევ გაიზრდება.

რა მოიტანა ტრადიციული მედიიდან ნახტომმა ახალ მედიაში? ის, რომ ბევრი პასუხისმგებლობიანი გამოცემის გვერდით გაჩნდა ე.წ. „კლიკბაიტებზე“ ორიენტირებული „მედიასაშუალებები“, რომლებიც არ ერიდებიან გადამეტებულ სიყვითლეს (ზოგადად, სიყვითლე მედიისთვის ხარვეზი არაა, ამ ტიპის მედიასაც აქვს არსებობის უფლება, თუმცა გადამეტებული არაფერი ვარგა), ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, გადაუმოწმებელი ფაქტების ტირაჟირებას, ადამიანთა პირად სივრცეებში ხელების ფათურს და ა.შ. სამწუხაროდ, მედიაწიგნიერების დაბალი დონე არ იძლევა ჯერ იმის საშუალებას, რომ მომხმარებელმა თავად გაარჩიოს ყალბი და სანდო ინფორმაცია, ამიტომაც გაწბილებული მკითხველი/მსმენელი/მაყურებელი ერთ ქვაბში ხარშავს ყველა გამოცემას და ჟურნალისტს. ამას დაემატა მკვეთრად პარტიული მედიაგარემო და შედეგად მივიღეთ ის, რომ  დაიკარგა ნდობა ჟურნალისტისა და მედიაგამოცემის მიმართ.

რაც შეეხება ტრადიციული მედიისადმი საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას, აქ საკითხი უფრო ასე დგას: არის კატეგორია, რომელსაც თვალდახუჭული სჯერა იმ ყველაფრის, რასაც მისი რჩეული ტელევიზია გადმოსცემს (ანუ აუდიტორია უსმენს იმას, რაც თავად უნდა რომ მოისმინოს) და არის მეორე კატეგორია, რომელსაც ათასნაირი არგუმენტით გამყარებული ინფორმაციაც კი საეჭვოდ ეჩვენება. თუ ჩვენ უშუალოდ ბეჭდური მედიის, რადიოს და ტელევიზიის პრობლემებზე ვსაუბრობთ, გიპასუხებთ, რომ ცხოვრების დაჩქარებულმა  რიტმმა და მკითხველი საზოგადოების შემცირებამ გამოიწვია უფრო ოპერატიული და მარტივად ხელმისაწვდომი მედიის განვითარება. ნდობა კი, ზემოთ ნახსენები აუდიტორიის ნაწილისთვის, არა მხოლოდ ტრადიციულ, არამედ ახალ მედიასაც დაკარგული აქვს. კონკრეტული გზა, რაც ამ ნდობას აღადგენს, ერთგანზომილებიანი არ არის. ეს გზა რომ იპოვონ, ათობით მკვლევარი და ანალიტიკოსი მუშაობს დასავლეთში. ისინი ეძებენ ბერკეტებს, რომლებიც ყალბი ინფორმაციის გავრცელებას შეამცირებს, ეძებენ სხვადასხვა საშუალებას (მათ შორის ციფრულ მედიასთან კონტაქტში), რომ დამოუკიდებელი ფინანსები გაჩნდეს მედიაბიზნესში. ცხადია, ყველა ტიპის მედია პოულობს გადარჩენის საკუთარ გზას და ვითარდება, თუმცა პროფესიონალებით დაკომპლექტებული ტრადიციული მედია მეტი სანდოობით გამოირჩევა და ამიტომ ეს იქნება მათი ნიშაც – აკეთონ ხარისხიანი, სანდო და გამჭვირვალე ინფორმაციაზე დაშენებული პროდუქცია.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მედიისადმი ნდობის აღსადგენად და ზოგისთვის გადასარჩენადაც, უპირველესად, გვჭირდება ეკონომიკის რეალური ზრდა და სარეკლამო ბაზრის განვითარება. მეორე ფაქტორია დრო – უნდა გაიზარდონ მედიაწიგნიერი მოქალაქეები და სწორედ მათ უნდა შეავსონ ის აუდიტორია, რომელიც  ჟურნალისტური საქმიანობის უტყუარი შემფასებელი იქნება. აქვე უნდა ვახსენოთ რეგიონული მედიის განვითარებაც, რადგან ლოკალური პრობლემების მოგვარებასა და გამოსავლის ძიებაზე ორიენტირებული ჟურნალისტიკა (რომელსაც ახლა კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას უწოდებენ) სწორედ რეგიონებში მოძებნის საკუთარ ნიშას. ამგვარი ფაქტორები ბევრი შეიძლება ჩამოვთვალოთ, თუმცა ვერ გამოვტოვებთ უმთავრესს – ხელისუფლების ნებას – სურდეს თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია საკუთარ ქვეყანაში და ხელს უწყობდეს საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობას.

მედიის ბიზნეს სუბიექტად განხილვის შესაძლებლობაზე როგორც ეკონომიკურ მიმომხილველსა და ეკონომიკური მედია სკოლის დამფუძნებელს, გიორგი კეპულაძესაც გავესაუბრე:

– არათუ შესაძლებელია, რომ მედია ბიზნეს სუბიექტად განვიხილოთ, უმჯობესიც კია. საქართველოს პირველი არხისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, საქართველოში მედიასაშუალება არის ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კომერციულ მოგებაზეცაა ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ისინი უნდა ნახულობდნენ მოგებას საკუთარი საქმიანობიდან, რათა განვითარდნენ, მეტი ადამიანი დაასაქმონ და გადასახადების გადახდით მათგანაც შევიდეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში.

– გამოდის, მედიაც ქმნის ერთგვარ ეკონომიკურ დოვლათს.

– ნამდვილად ქმნის. დოვლათის შექმნა არ არის პროდუქციის მხოლოდ ქარხანაში წარმოება. მედია ეს არის ისეთივე მომსახურების ბიზნესი, როგორიც საბანკო სექტორი. რა თქმა უნდა, შედარება არ შეიძლება ბანკებისა და მედიის მომგებიანობის, მაგრამ მედიაც ქმნის სამუშაო ადგილებს, იხდის გადასახადებს და ცდილობს იყოს წარმატებული.

– აქვე ვთქვათ ისიც, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს მედია ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში?

– დამოუკიდებელი მედიის არსებობა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის განვითარებისთვის კონკურენტული და თავისუფალი გარემოს შექმნას. შესაბამისად, დემოკრატიული ფასეულობების ხელშესაწყობად მედიის როლი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მის მიერ გადახდილი გადასახადები. მედიამ არასდროს უნდა დაკარგოს ე.წ. ვოჩდოგის როლი, უნდა დარჩეს სახელმწიფოს მაკონტროლებლად, განსაკუთრებით ეკონომიკურ და ბიზნეს პროცესებთან მიმართებაში.

– ბიზნეს სუბიექტის სტატუსი, უკარგავს თუ არა მედიას მოვლენების ობიექტურად გაშუქების უნარს?

– ამას დაფინანსების წყარო განაპირობებს. საქართველოში სატელევიზიო მედია, უმთავრესად, რომელიმე პოლიტიკური მიმართულების ინტერესების გამტარებელია. ყველაზე ობიექტური და სანდო მედიასაშუალებები არიან ისეთები (ძირითადად ბეჭდური და ინტერნეტ მედია, შესაძლებელია რადიოც), რომლებიც სხვადასხვა დასავლური ფონდიდან ფინანსდებიან და რომლებიც უფრო შესაძლებელია, რომ მოგებაზე გავიდნენ. დამფინანსებლის მხრიდანაც მნიშვნელოვანია მედია სტანდარტების დაცვა. შესაძლოა, მედიასაშუალებას დაფინანსება ჰქონდეს ერთი ან ორი პოლიტიკური წყაროდან, მაგრამ მას უნდა მართავდეს საბჭო, რომელიც მედია სტანდარტების დაცვას შეეცდება. მიკერძოებულობა არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა. მაგალითად, აშშ-ში ყველამ იცის, რომ CNN დემოკრატების ინტერესებს უფრო ატარებს, FOX NEWS უფრო რესპუბლიკელების მხარესაა, ამიტომაც მაყურებელი შესაბამისად ფილტრავს ინფორმაციას. საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ პატარა ბაზარი ვართ, სარეკლამო ბაზარიც არ არის იმხელა, რომ ამდენ მედიასაშუალებას მოემსახუროს. ძალიან კარგია, რომ ნელ-ნელა ინტერნეტ მედიაც ვითარდება. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ტოტალიზატორებს და კაზინოებს ტრადიციულ მედიაში რეკლამის განთავსება აუკრძალა, ისინი Youtube არხებზე გადაერთნენ და მათ აფინანსებენ. მართალია, ეს არხები ჯერჯერობით მხოლოდ გასართობი კონტენტია, თუმცა იქაც საქმდებიან ადამიანები. ქართული კონტენტების დიდ მოგებებზე გასვლა ცოტა რთულად წარმოსადგენია, რადგან ვიდეოპორტალზე Youtube უფრო მეტად იმ ქვეყნების კონტენტია განვითარებული, რომელთა ენებზეც (ინგლისური, ესპანური, რუსული, არაბული) მსოფლიოს სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც საუბრობენ, თუმცა, სარეკლამო და სასპონსორო შეთავაზებების კვალდაკვალ, ჩვენთანაც ნელ-ნელა მოიმატებს საგანმანათლებლო, პოლიტიკის, ეკონომიკის შესახებ გადაცემების რაოდენობა, რაც თავისთავად ძალიან კარგია, რადგან ჩნდება დამოუკიდებელი, სახელმწიფოს კონტროლისგან თავისუფალი მედია სივრცე.

– გიორგი, რამდენად ენდობა დღეს საქართველოში ტრადიციული ბიზნესი მედიას, როგორც ბიზნეს სუბიექტს?

– შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენდობა, რადგან ინტენსიური ურთიერთობა აქვს მასთან, ფაქტობრივად, ის აფინანსებს მას, მიაქვს მასთან რეკლამა (გარდა საქართველოს პირველი არხისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან). სარეკლამო ბაზარი უფრო და უფრო გაიზრდება, თუ სახელმწიფო ხელოვნური რეგულაციებით დამატებით პრობლემებს არ შეუქმნის მედიას.

მოდით ახლა საკითხს ბიზნეს მედიის რაკურსიდანაც შევხედოთ. Business Media Georgia (ბიზნეს მედია საქართველო) წარმოადგენს მულტიმედიურ რესურსს, რომელიც თავს უყრის ახალ ამბებს ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ როგორც სატელევიზიო გადაცემებში, ისე – ონლაინგამოცემაში. BM.GE-ს გენერალურმა პროდიუსერმა გიორგი ისაკაძემაც აღნიშნა, რომ ნებისმიერი მედია კომპანია ფუძნდება აუდიტორიაზე ზეგავლენის მოსახდენად, საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად. ამასთან, თუკი მედიაში შემოედინება და გაედინება ფული, ეს უკვე ბიზნესია:

–  მედია ცალსახად ეკონომიკური სუბიექტია, რადგან არის დოვლათის შემქმნელი, ამავდროულად, ის სწორუპოვარ ბიზნეს სუბიექტადაც კი შეგვიძლია განვიხილოთ. მედიას, საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი, მათ შორის მედიასაშუალების მეპატრონეები, არ მოიაზრებენ ბიზნესად და თვლიან, რომ ის არ შეიძლება იყოს მომგებიანი სტრუქტურა, რაც მცდარი წარმოდგენაა. მედია შეიძლება არ იყოს დიდი შემოსავლის მქონე, მაგრამ ის, რომ მედია არ იყოს ორიენტირებული მოგებაზე, ეს იმ დანიშნულების უგულებელყოფაა, რისთვისაც ამა თუ იმ ჯგუფმა კონკრეტული მედია სუბიექტი შექმნა.

რა შეიძლება გაუზარდოს მედიას შემოსავალი?

–  ორმა ფაქტორმა – ქვეყნის ეკონომიკურმა განვითარებამ, რაც ცალსახად გამოიწვევს სარეკლამო ბაზრის და, ზოგადად, ეკონომიკური აქტივობის ზრდას და რეგიონულმა ექსპანსიამ. ეს პროცესები ნებისმიერ მედიაზე აისახება დადებითად, არავინ არ თქვას, რომ ამისთვის აუცილებელია პროფილურად ბიზნეს მედია იყოს. სხვა შემთხვევაში მწირი შემოსავლების ანაბარა დავრჩებით. დიდ მოგებაზე ორიენტაცია, თუ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ თემებზე არ ხარ მიბმული, მედიაში საკმაოდ რთული წარმოსადგენია, ვგულისხმობ ისეთ მაღალ მოგებებს, როგორებიცაა კომუნიკაციის სხვა სფეროებში, სხვა ბიზნესებში.

რამდენად გამართულად თანამშრომლობს დღეს ბიზნესი მედიასთან?

– გააჩნია ბიზნესს და გააჩნია მედიას. ვერ ვიტყოდი, რომ კონკრეტულად ბიზნეს მედიაზე მოდიოდეს რაიმე პოლიტიკური პრეფერენციები. პოლარიზაცია უფრო აშკარა პოლიტიკურ მედიასაშუალებებშია, იქ რესპონდენტების გარკვეული ნაწილი არ დადის. ვფიქრობ, ის, რაც დღეს მედიის განვითარებას აფერხებს, უფრო მეტიც, აცლის მას მთავარ დანიშნულებას, არის დებატების უქონლობა – ადამიანებმა უარი თქვეს ერთმანეთთან საქმიან კამათზე. საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობა მედიის წინსვლისთვის იმაზე უფრო საჭიროა, ვიდრე ეკონომიკური შემოსავლები. 15-20 წლის წინ, თუნდაც ცხარე კამათი ზრდიდა გადასახადის გადამხდელსაც და მედიის წარმომადგენელსაც. დღეს ეს ნიშა, სამწუხაროდ, სულ ცალკარაა. სხვა მხრივ, მთავარია, ბალანსის პოლიტიკა – ყველა მხარის პოზიცია მუდამ უნდა იყოს დაცული.

ტექნოლოგიური გიგანტების – გუგლისა და ფეისბუკის მიერ ციფრული რეკლამის პოპულარიზაციამ, მედიის ტრადიციულ საშუალებებს თავის გადარჩენის ახალი გზების ძიებისკენ უბიძგა. რეკლამის გაციფრულება მედიამენეჯერებს იმაზე მეტ წიგნიერებას სთხოვს, ვიდრე ოდესმე, უფრო მეტიც, ბაზრის მკვლევრები ბოლო დროს მედიაბიზნესწიგინიერების მნიშვნელობასა და მის განვითარებაში კომპანიების, მომხმარებლების, საფინანსო ინსტიტუტებისა და მედიის მონაწილეობაზე ალაპარაკდნენ. ვიდრე მედიაბიზნესწიგინიერება ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი გახდება, იმისთვის, რომ მედიამ, როგორც ბიზნესმა იმუშაოს და სტაბილური შემოსავალი მაინც ჰქონდეს, საჭიროა, კარგად დაგეგმოს სარეკლამო სტრატეგია. ამ თვალსაზრისით თქვენთვის ვისი გამოცდილება უნდა გამეზიარებინა, თუ არა რადიო ჰოლდინგ „ფორტუნასი“, რომელიც მედია ბაზარზე, ფაქტობრივად, დაარსებისთანავე მოექცა ლიდერის პოზიციაზე. ვიდრე აღნიშნულ ჰოლდინგზე, როგორც ბიზნეს სუბიექტზე ვისაუბრებდეთ, აქვე წარმოგიდგენთ კომუნიკაციების კომისიის (ComCom) მონაცემებს რადიომაუწყებლების მიერ 2024 წლის მეორე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლის შესახებ. როგორც ირკვევა ის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.8%-ით გაიზარდა და 2.1 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 91%-ზე მეტი პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 8%-ზე მეტი სპონსორობაზე მოდიოდა.

რაც შეეხება რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ და მისი, როგორც ბიზნეს სუბიექტის პოზიციონირებას. მაია მაზანაშვილი, რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ კომერციული დირექტორი:

– მედია, უპირველესად, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების პლატფორმაა, მაგრამ იმისთვის, რომ მან იარსებოს, კომერციალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ განვითარდეს, ჰყავდეს ბევრი ადამიანი დასაქმებული, მატერიალური აქტივებია აუცილებელი. რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ დღეს ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი სარეკლამო დროის მწარმოებელი პლატფორმაა. იქიდან გამომდინარე, რომ რადიო მაინც აუთ მედიაა, ის, ავტომობილების რაოდენობის სიჭარბიდან გამომდინარე, საკმაოდ საინტერესო მაკავშირებლად იქცა ბიზნესსა და მომხმარებლებს შორის. გარდა ამისა, რადიოს მეშვეობით ინფორმაციის აღქმადობის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია.

– რაზეა დამოკიდებული მედიის მაღალშემოსავლიანობა?

– ჩვენ უკვე 26 წელია, რაც ვმაუწყებლობთ, გვაქვს 4 რადიოსადგური, გვყავს საკმაოდ საინტერესო  სამიზნე აუდიტორია – ადამიანები, რომლებიც ქმნიან მატერიალურ დოვლათს. რადიოს შედეგობრიობა ბევრი კვლევით დადასტურდა, ამიტომაც გვყავს არაერთი სტაბილური პარტნიორი. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ თითოეულის ბიზნეს განვითარების პროცესში აქტიურად ვართ ჩართულები. ჰოლდინგის მაღალ სანდოობას პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და კარგი პროგრამული უზრუნველყოფაც განაპირობებს. რა თქმა უნდა, გაყიდვების ჯგუფი და მარკეტინგის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს, რათა ლიდერობა შევინარჩუნოთ და შემდეგ ამ ყველაფრის მონეტიზაცია მოხდეს ბაზარზე. დროს, რა თქმა უნდა, თავისი გამოწვევები მოაქვს, მაგრამ როდესაც შენ მათ საკუთარი დიდი გამოცდილების საფუძველზე უკვე მომზადებული ხვდები, უფრო მეტიც, შეგიძლია პროგნოზების კეთება, სწორად გაჰყვები ბაზრის მოთხოვნებს. როდესაც ბიზნესი გიცხადებს ნდობას, ეს ნდობა აუცილებლად უნდა გამართლდეს. მან შენთან პარტნიორობით სარგებელი უნდა მიიღოს.

არის თუ არა მედიასთან თანამშრომლობა ბიზნესის წარმატების საწინდარი?

– არაერთი კომპანიისგან მომისმენია, რომ მას სარეკლამო კამპანია და პიარი არაფერში სჭირდება, მაგრამ მაშინ, როდესაც მისი მიმართულებით ბიზნეს სექტორში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, აუცილებელია, რომ კომპანიის ცნობადობა პოტენციურ პარტნიორებსა და კონკურენტებში წინასწარ იყოს ჩამოყალიბებული. იმიჯისა და მოლოდინების სტრუქტურიზება კი მედიის გარეშე ცოტა რთულია. ვფიქრობ, ბიზნესის წარმატებისთვის მედია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა.

არ ვიცი, რამდენად დამაჯერებლად წარმოვაჩინე ჟურნალისტის საქმიანობა, როგორც ეკონომიკური დოვლათის შემქმნელის, მაგრამ ჩემი და ჩემი კოლეგების გარჯას, იგივე ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების და ბიზნეს პროცესების გაშუქების საკითხში, გართობა რომ არ ეთქმის, თუნდაც თითოეული ჩემი რესპონდენტის მიერ იმის ხაზგასმა იყო, როგორ სჭირდება მედიაც ფულის შეუფერხებელ ბრუნვას ბაზარზე. თანაც ეს ის ფულია, რომელიც ჯოჯოხეთს კი არ ანათებს, არამედ ქვეყნის უფრო ფართო ასპარეზზე პოზიციონირებას უწყობს ხელს, ჟურნალისტის ზნეობას კი არ ჯაბნის, მისი დამოუკიდებლობის ხარისხს აუმჯობესებს (თუკი მედიასაშუალების მფლობელიც კეთილსინდისიერებას იჩენს) – საკუთარი შემოსავალი თავისუფლებას განაპირობებს, თავისუფალი მედია კი ექსტრავაგანტურობა არ არის, ის საზოგადოების სწორი ღირებულებებით განვითარების საფუძველია.

და ბოლოს, რადგან თემის განხილვისკენ პირადმა წყენამ მიბიძგა, პირადი ემოციითვე დავასრულებ სტატიას. პატარაობისას მინდოდა, რომ ოპრა უინფრი გამოვსულიყავი, ქალი, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერი იყო… ჰოდა, მამაჩემო, გარდა იმისა, რომ ჩემი კერპისთვის მისი სამსახური იყო საყვარელი საქმეც და გართობაც (!), დღეს მას მსოფლიო იცნობს, როგორც მედიამაგნატს (აქვს საკუთარი საკაბელო ტელევიზია, რადიოსადგური და რამდენიმე ჟურნალი), საზოგადო მოღვაწეს, ქველმოქმედს (მისი წყალობით აფრიკის 13 ქვეყანაში ღარიბი ბავშვებისთვის 60 სკოლა აშენდა, 400-ზე მეტ სტუდენტს სტიპენდია დაენიშნა, დაფინანსდა აფრო-ამერიკული ისტორიისა და კულტურის მუზეუმის მშენებლობა უოშინგტონში) და მსოფლიოში პირველ ფერადკანიან მილიარდერს…

mazda magti 5g