რადიოსექტორის SOS სიგნალი ლექSOSთვის!
დღეს, 15 საათზე “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გამოსვენების დროა.
დღეს, ზუსტად 3 საათზე, რადიოჰოლდინგ ფორტუნაში შემავალი ოთხივე რადიოსადგური – ფორტუნა, ფორტუნა +, არ დაიდარდო და ავტორადიო, პატივს მიაგებს გარდაცვლილი კოლეგის ხსოვნას და 1 წუთით წყვეტს მაუწყებლობას.
ვგმობთ ძალადობას! მედიაზე თავდასხმას! ვუსამძიმრებთ ლექსო ლაშქარავას უჯახსა და ახლობლებს, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კოლეგებს და მოვუწოდებთ მთავრობას – სწრაფად, ობიექტურად მოხდეს გამოძიება და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ დამნაშავეები.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას უზრუნველყოს ქვეყანაში ჟურნალისტების თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობა.
ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა “სირცხვილიას” ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა.
ლექსო ლაშქარავას სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პერმანენტულად მართავენ აქციებს და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ – მოითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება – ტვ პირველის ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით, ამ ეტაპზე, დაკავებულია 5 პირი.