ირაკლი ფირცხალავა რადიო „ფორტუნას“ ესტუმრა, სადაც საკუთარი საქველმოქმედო კონცერტის შესახებ ისაუბრა. ღონისძიებას ის „ივენთ ჰოლში“ 5 მაისს გამართავს.

ირაკლი ამჟამად თბილისთან ახლოს, მონასტერში ცხოვრობს, სადაც, როგორც თავად გვითხრა, „მოსკოვური ცდუნებებისგან“ შორს გრძნობს თავს. მან თავისი ოჯახის დანგრევაზეც ისაუბრა…

საქველმოქმედო კონცერტით დავიწყოთ, აქამდე თუ მიგიღიათ მონაწილეობა საქართველოში მსგავს კონცერტში?

ირაკლი ფირცხალავა:

პირველი კონცერტი, რომელიც აქ გავმართე, პერეანშლაგით ჩატარდა და დიდი წარმატებით, სპორტის სასახლეში. მას შემდეგ, მგონი, 10 წელი გავიდა, თუ 12 (იღიმის)? „ვარსკვლავების ფაბრიკის“ შემდეგ ჩამოვედი, ეს მახსოვს. მაშინ გადავწყვიტეთ, მახათას მთაზე მონასტრის მშენებლობისთვის გადაგვერიცხა კონცერტიდან შემოსული თანხის 10%. ეს გადაწყვეტილება ნატო დუმბაძესა და დათო ოქიტაშვილთან ერთად მივიღე, ისინი იყვნენ კონცერტის ორგანიზატორები. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა საქველმოქმედო მიზნებისთვის გავეცი თანხა საქართველოში, თუკი არ ჩავთვლით სხვადასხვა დროს ბავშვთა სახლების მონახულებას.
ახლახან მოსკოვში ჩემი ალბომის პრეზენტაცია და საქველმოქმედო კონცერტი გავმართე, ჩულპან ხამატოვას ფონდთან ერთად – „აჩუქე სიცოცხლე“. ეს ფონდი დიდი ხანია, არსებობს და მას ძალიან ვენდობი. საქართველოშიც გადავწყვიტე ამ ტიპის ღონისძიების გაკეთება, თბილისში ჩემი ალბომის პრეზენტაციასთან ერთად მინდა, საქველმოქმედო საქმიანობაც განვახორციელო.

ახლა გვაქვს მოლაპარაკებები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელ პატარას სჭირდება ყველაზე მეტად ამ ეტაპზე დახმარება და ბილეთებიდან შემოსული თანხით, სწორედ მას დავეხმარებით. მოსკოვში გოგონას დავეხმარეთ, რომლის მშობლებიც ძალიან გახარებულები იყვნენ… დღევანდელ დღეს, როცა სამყარო ცინიკურია და ყველას ყველა ფეხებზე ჰკიდია, ვისურვებდი, ადამიანებმა უფრო მეტი რამ გააკეთონ ერთმანეთისთვის. ყველას ვერ დაეხმარები, მაგრამ ვიღაცას უნდა გაუწოდო ხელი. მგონია, რომ 90-იან წლებში სწორედ ამ თვისებამ გადაარჩინა ქართველები. თავიდან, ბებია-ბაბუასთან რომ ჩამოვდიოდი, მახსოვს, როგორ კარგად ცხოვრობდნენ, შემდეგ კი, როცა გარდაიცვალნენ და იმ რაიონში ჩამოვდიოდი, სადაც ბოლო წლები გაატარეს, თემქაზე, ვხედავდი, როგორი სიღარიბე იყო იქ. ამის გამო შოკში ვიყავი, მაგრამ იმ დროს ადამიანები ერთმანეთს ეხმარებოდნენ და გადარჩნენ. ახლა ვთავაზობ ყველას, რომ გავერთიანდეთ და დავეხმაროთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი ყურადღება.

ეს წინადადება ყველასთვის მომგებიანია. ჩემთვის, პირველ რიგში, იმიტომ, რომ დიდი ხანია, საქართველოში კონცერტი არ გამიმართავს. ვიცი, რომ აქ მყავს ბევრი თაყვანისმცემელი და სულ მეკითხებოდნენ, როდის ჩამოვიდოდა კონცერტის გასამართად. როგორც იქნა, დადგა ის დრო, როცა შემიძლია აქ ჩამოსვლა და კონცერტის გამართვა. სამწუხაროდ, წინა რეჟიმის დროს ეს შეუძლებელი იყო. ღიად აცხადებდნენ, რომ რაც რუსულად იმღერებოდა, აქ არ მიესალმებოდნენ. შოკირებული ვიყავი, რატომ ქმნიდნენ ჩვენგან მტრის სახეს?!.

თქვენგან ალბათ, არა, რუსულ ენაზე სიმღერას არ მიესალმებოდნენ.
ქეთა თოფურიას ბევრი ტალახი ესროლეს, რადგან 23 თებერვალს კონცერტზე გამოვიდა, საბჭოთა არმიის დღეს. ეს ძალიან ცუდი აგიტაციის შედეგი იყო. გოგონას აქვს კონტრაქტი „ა სტუდიოსთან“, სადაც პროდიუსერი მიუთითებს, იქ უნდა გამოვიდეს. მეორეც, გადაღება იყო და ეს პიარისთვის საუკეთესო საშუალებაა. ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც რუსულ გუნდში თამაშობს ან ბიზნესმენი, რომელიც რუსეთში ფულს გამოიმუშავებს, საქართველოს მოღალატეა? ასეთი მიდგომა, ჩემი აზრით, სულელურია. არ მიყვარს პოლიტიკაზე საუბარი, მაგრამ ერებს ერთმანეთთან რატომ აპირისპირებენ, არ მესმის… დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ადამიანი მოისურვებდა ქეთას ადგილზე აღმოჩენას. ვერ ვიგებ, რატომ გაასამართლეს ქეთა ამგვარად. ეს მაგალითად მოვიყვანე. ახლა ძალიან მიხარია, რომ საქართველოში რუს ტურისტებს კარგად ხვდებიან. ჩვენ გაბოროტებულები არ ვართ და სიყვარულით შეგვიძლია მხოლოდ მტრის ინტერპრეტაციის მეგობრად შეცვლა. ყველას მინდა მოვუწოდო სიყვარულისკენ…

ჩემს კონცერტზე ვლაპარაკობდი და ჩემთვის ეს სასიამოვნო იქნება, რადგან კონცერტს გავმართავ, ამაზე დიდი ხანია, ვოცნებობ, ჩემი თაყვანისმცემლები ნახავენ ახალ ირაკლის, რომელიც ცოცხლად შეასრულებს მათთვის ნაცნობ ჰიტებსაც და ახალ სიმღერებს ახალი ალბომიდან „ანგელოზები და დემონები“, თანაც, შემოსულ ფულს ჯიბეში კი არ ჩავიდებ, გადავცემ იმ გოგონას ან ბიჭს, რომელსაც ამ წუთას ყველაზე მეტად სჭირდება. როგორღაც გადავიტან, რომ ამ ფულს ჯიბეში არ ჩავიდებ (იღიმის), რადგან, მადლობა ღმერთს, რუსეთში კარგად გამოვიმუშავებ და შემიძლია, საკუთარ თავს უფლება მივცე, გავმართო საქველმოქმედო კონცერტი საქართველოში.

ახლა მართლა მონასტერში ცხოვრობთ?

დიახ, ვნების კვირეულია. თბილისთან ახლოს, 20 კილომეტრში არის მონასტერი, სადაც მამა სერაფიმემ დამპატიჟა და სიამოვნებით გავექეცი მოსკოვურ ცდუნებებს. დილას და საღამოს, ასევე ღამეს არის მსახურება. დადებით ენერგიასა და მადლს ვიღებ. ვარ ბუნებაში, სადაც ბევრი ცხოველია. იქ ყოფნა ძალიან მომწონს…


ცდუნებებზე საუბრობდით, რას გულისხმობდით?

მამაოს არ ჰგავხართ, რომ მოგიყვეთ (იღიმის)…

შოუბიზნესურ ინტრიგებს ხომ არ გულისხმობდით?

დიახ. ყოველთვის პროვოცირებას გიკეთებენ, რომ გაბრაზდე, განსაჯო… გინდა, რომ ეს ყველაფერი დაამუხრუჭო. ბნელი ძალები ზოგჯერ ისე გიტევენ, რომ გსურს გაიქცე და მონასტერში რამდენიმე დღე გაატარო. რასაკვირველია, ცდუნებები ძალიან დიდია. ეს პერიოდი ზოგადად, ძალიან მძიმეა… ასე მოხდა, რომ განქორწინება მივიღე სწორედ ამ დროს. დიდხანს ვიბრძოლე, რომ ჩემს შვილებს სრულფასოვან ოჯახში ეცხოვრათ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ახლა ჩემი და ყოფილი მეუღლის ურთიერთობაში ახალი, პარტნიორული ურთიერთობებია. არ გამოვიდა ის, რაც მინდოდა – ერთხელ დაქორწინება და ოჯახის შექმნა, ეს რომანტიკული აზრი სულ მქონდა თავში. უბრალოდ, უკეთესია, რომ ბავშვებმა არ ნახონ კონფლიქტები, ჩხუბები და სკანდალები, უმჯობესია, იყვნენ მშობლებთან, რომლებსაც ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ექნებათ, ეყვარებათ ერთმანეთი იმის მიუხედავად, რომ ერთად არ ცხოვრობენ.

როგორ ზრდით შვილებს?

სიყვარულში. ცოტა სიმკაცრესაც ვიჩენ. ჩემი ყველაზე მკაცრი სასჯელია მთელი დღით მულტფილმების ყურების აკრძალვა, ეს მათთვის სერიოზული გამოცდაა. ბავშვები ხშირად არიან ჩემთან, ზაფხულობით სულ ჩემთან არიან, ერთად ვისვენებთ ხოლმე. ახლაც ვაპირებთ მათ საქართველოში ჩამოყვანას და ბაკურიანში მათთან ერთად გამგზავრებას.

პირადში არის რაიმე ახალი?

აზრს ვერ ვხედავ, რომ ახლა ვისაუბრო პირადზე, როცა არაფერი სერიოზული არ ხდება. თუკი ქორწინებაზე იქნება საუბარი, არ დავმალავ და აუცილებლად ვიტყვი. ახლა ჩემი შვილების აღზრდით ვარ დაკავებული. ჯერ არ მინახავს ქალი, რომელზეც დაქორწინება მომინდება. თუკი ასეთ ქალს შევხვდები, არ დავმალავ.

ნინო მურღულია

კატეგორიები: ექსკლუზივი
რეკლამა: 0:05