LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას საქმიანობს ნინი გოგიჩაიშვილი დუბაიში: „მეც ცოტათი მაინც ვიყო ,,გოგიჩასნაირი“ გოგიჩა, შინაც და გარეთაც…“

23286
page

ნინი გოგიჩაიშვილი უკრაინულ არხზე გადაცემას უძღვება, სადაც საინტერესო ადამიანებისა და არაორდინარული პროექტებისა და ბიზნესმოდელების შესახებ უყვება მაყურებელს. ნინი ამჟამად დუბაიშია, სადაც არა მხოლოდ უკრაინული არხისთვის მუშაობს.

ნინი, მოგვიყევი შენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ. რატომ ხარ დუბაიში წასული?

ვფიქრობ ახლა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდია ჩემთვის, როცა ვმუშაობ საკუთარი თავის, უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რადგან ახალ ამპლუაში მაყურებლის წინაშე გამოჩენა დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. დუბაიში ჩემი ყოფნა ზუსტად ახალ საავტორო გადაცემას უკავშირდება, რომელიც უკრაინული არხზე გადის. ეს წინადადება ჩემს ოცნებას უფრო ჰგავდა: საავტორო გადაცემა, წამყვანობა, სრული პროფესიული თავისუფლება და ჩემი ხედვით აწყობილი გადაცემის ფორმატი, ამას დამატებული საინტერესო წარმატებულ ადამიანებთან ურთიერთობა, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავხდი არაჩვეულებრივი ადამიანების, პროფესიონალების გუნდის  წევრი. ჩემი გადაცემის პირველი სეზონი დუბაის ეძღვნება, ახლა კი ვმუშაობთ შემდეგ სეზონზე და პარალელურად  რამდენიმე დიდ პროექტზე, რომლის შესახებაც ჯერ ვერაფერს გავამხელ, თუმცა როდესაც მზად იქნება, სიამოვნებით გაგიზიარებთ.

აქ მხოლოდ ჩემი გადაცემის გამო არ ვრჩები, დუბაიში ვმუშაობ ასევე სხვადასხვა არხისთვის, როგორც ფრილანსერი, რადგან დუბაიში უამრავი საინტერესო და გლობალური მნიშვნელობის ღონისძიება იმართება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული  წამყვანი მეცნიერები, ხელოვანები და წარმატებული ადამიანები იყრიან თავს. საინტერესო მოვლენების ეპიცენტრია აქ და შესაძლებლობა მაქვს, ამ მიმართულებითაც ვაკეთო რეპორტაჟები. ცოტა ხანში გაგიზიარებთ ვრცელ სიუჟეტს ექსპო 2020 დუბაის შესახებ, რომელიც განსაკუთრებულია ბევრი ფაქტის გამო, პირველი გამოფენაა, რომელიც შუა აზიაში ტარდება და მონაწილეთა ასეთი  მასშტაბურობით გამოირჩევა. ექსპოზე 193 ქვეყნის პავილიონია წარმოდგენილი და საინტერესო გარემოა რეპორტაჟებისთვის.

ჩავწერე 14 ინტერვიუ, აქედან ჩემდა საბედნიეროდ, მაქვს ექსკლუზიური ინტერვიუებიც. 2 კვირის განმავლობაში ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს, რაშიც „ექსპო 2020 დუბაის“ სინიორ ვიცე პრეზიდენტის, არაჩვეულებრივი ქალბატონის შონას მსგეაჩინის დიდი წვლილიცაა. რაც ძალიან მახარებს, ისაა, რომ მოვამზადეთ ვრცელი სიუჟეტი საქართველოს პავილიონზე, სადაც საინტერესოდ არის წარმოდგენილი ჩვენი ქვეყნის იდენტობა, კულტურა, ტურისტული პოტენციალი. 193 ქვეყანას შორის საქართველო ღირსეულად ვართ წარმოჩენილები. მიხარია, რომ ქართულ  არხებთან ვითანამშრომლე და მათი საშუალებით ქართველ მაყურებელს ვრცელი რეპორტაჟების ნახვის საშუალება ჰქონდათ.

რამდენად რთულია ინგლისურ ენაზე გადაცემის წაყვანა?

უკრაინულ მხარეს, სანამ დამიკავშირდებოდა, უკვე მოძიებული ჰქონდა ყველანაირი ინფორმაცია ჩემზე, ნახეს გადაცემები, სტატიები, მაქსიმალურად შეაგროვეს ინფორმაცია. როგორც შემდგომ გავიგე, ამ მასალის გაცნობის შემდეგ გაჩნდა ჩემთან შეხვედრის სურვილი,  საავტორო პროექტის შემოთავაზების მიზნით.  გამიზიარეს საკუთარი ხედვა და ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა, როცა მითხრეს, რომ მათი სურვილი იყო, გადაცემას ჩემი სახელი დარქმეოდა და მომწონდა თუ არა პროექტი “Ninis Diary”. ალბათ, ხვდებით, ჩემი პასუხი და რეაქცია როგორი იყო. ძალიან საინტერესო იყო პროექტის შეფუთვისა და სხვადასხვა დეტალებზე მუშაობის პროცესი, რაშიც  მაქსიმალურად ჩართული ვიყავი  და საბოლოოდ მივიღეთ გადაცემა, რომლის მიზანიცაა, ადამიანებს მისცეს მოტივაცია, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია და იღბალთან ერთად, ძალიან დიდი შრომა და მოთმინება სჭირდება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, თუ მიზნისთვის შრომობ. გადაცემის რესპონდენტები არიან წარმატებული   ადამიანები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას  უზიარებენ მაყურებელს, აძლევენ შთაგონებას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.

რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, როდესაც მშობლიურ ენაზე არ საუბრობ, ყოველთვის გიწევს შენი კომფორტის ზონიდან გამოსვლა, თუმცა შევეჩვიე და მიხარია, რომ გავამართლე გუნდის ნდობაც. პროექტი წარმატებულია  და ის, როგორც მაყურებლისთვის, ასევე ჩვენი რესპონდენტებისთვისაც, საინტერესო აღმოჩნდა. ეს ყველაფერი კი იმდენად დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ მინდა, ასმაგად უფრო მეტი გავაკეთო.

რა გამოცდილება მიიღე უკვე ამ გადაცემის საშუალებით?

კოლოსალური გამოცდილება მივიღე, რისიც უზომოდ მადლიერი ვარ. თითოეულ რესპონდენტთან შეხვედრა  ცალკე გამოცდილება, ემოცია და სიამოვნებაა. ვფიქრობ, ერთგვარი ფუფუნებაცა ეს შესაძლებლობა, გაიცნო ამდენი წარმატებული, შემდგარი, შრომისმოყვარე და თავის საქმის პროფესიონალი ადამიანი, გენდონ და შემდეგ შენ მიიტანო მაყურებლამდე, რომელიც ასევე მადლიერებითა და სიყვარულით გპასუხობს. ეს ის არის, რაც ამ პროფესიაში ყველაზე მეტად გზრდის და გქმნის.

რეალურად, ეს ჩემთვის ძალიან სერიოზული გამოწვევა იყო. ვისწავლე ტექსტზე, სტენდაფზე, მონტაჟზე მუშაობა, სიუჟეტის დაგეგმვა, მარკეტინგი.მაქვს შეხვედრები მუდმივად, უამრავ საინტერესო ადამიანთან. მხიბლავს ის მომენტი, რომ  მუდმივად მოძრაობაში ვარ და საკუთარ თავზე ვმუშაობ.

გადაცემის ჩაწერის პროცესს, ალბათ თან ახლავს საინტერესო და მხიარული ამბებიც…

ისე მიყვარს ყოველი გადაღების დღე, იმხელა ბედნიერებას მანიჭებს ყოველი ახალი შეხვედრა კამერასთან, რესპონდენტთან, რომ ეს უკვე დიდი ამბავია, იმდენ ძალისხმევას ვდებთ. ახლა უცებ რაც გამახსენდა – ეს არის ლამის ჩაშლილი გადაცემა, როდესაც წარმატებულ კულინარ ქალბატონს ვწერდით, ისე მოიხიბლა ოპერატორით, მთელი ინტერვიუს განმავლობაში  ჩემ მაგივრად მას უყურებდა. რამდენიმეჯერ მოგვიწია ჩაწერამ ყველაფერი კარგად დასრულდა ინტერვიუც და საღამოც რომანტიკულ ვახშამზე მიპატიჟებით დასრულდა.

ძალიან მდიდრულ ადგილებსა და სასტუმროებში გაქვს გადაღებები. მოგვიყევი ამ ლოკაციების შესახებ…

რეალურად ჩემი გადაცემის მიზანი არის შთამაგონებელი ადამიანების, არქიტექტურული საოცრებების და რიგ შემთხვევებში, ერთი შეხედვით წარმოუდგენელი, მაგრამ უკვე განხორციელებული პროექტების გაცნობა. რესპონდენტების ისე გახსნა, რომ გაგვიზიარონ შემდგარი  ბიზნესმოდელის პატარ-პატარა საიდუმლოებები, წარმატების ფორმულა, რომელსაც მაყურებლამდე მივიტანთ.

რაც შეეხება სხვადასხვა სასტუმროსა და საკულტო შენობის მონახულებას, რა თქმა უნდა, სასიამოვნო გამოცდილებაა და კიდევ ერთხელ რწმუნდები ადამიანის  უსაზღვრო ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, თუმცა ჩემთვის ყველაზე საინტერესო მაინც ჩემს რესპონდენტებთან შეხვედრაა ეს დიდი ფუფუნებაცაა.

საქმიანობიდან პირადზეც გადავინაცვლოთ- ვიცი, რომ შეყვარებული ხარ. რისი თქმა შეგიძლია ამ ეტაპზე ჩვენთვის?

ახლა ისე ვარ შეყვარებული  საქმეზე, რომელსაც ვაკეთებ, რომელსაც ზუსტად პიროვნულ ზრდასთან ვაიგივებ, რომ ეს ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპისგან განსხვავებული პერიოდია. მახსოვს, ასეთი ანთებული ვიყავი, როცა სკოლაში გერმანელების სტიპენდია მოვიპოვე და სკოლიდან მხოლოდ ორმა მოსწავლემ შევძელით 6 თვე გერმანიაში სასწავლებლად გამგზავრება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კოლეჯში სრული დაფინანსებით (Landheim Schondorf Am Amersee). პირადი ჩემთვის მაინც ასეთი გამარჯვებებისგან შედგება, როცა თავს ვჯობნი და პატარ-პატარა გამარჯვებებს ვაგროვებ. მესმის თქვენი ინტერესიც, მაგრამ პირადი მაინც ის სივრცეა, რომელიც ორს შორის რჩება და ასე დავტოვოთ. ახლა მე ის უფრო მსიამოვნებს, რომ თქვენ ჩემი მორიგი წარმატებით უფრო ინტერესდებით და ამით ვარ თქვენთვის საინტერესო, ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანია და მადლობა მხარდაჭერისთვის.

ძალიან მიზანდასახული ადამიანი ხარ. შორეული გეგმები დასახული გაქვს? მაგალითად, სად იქნები 10 წლის შემდეგ…

ჩემი მთავარი გეგმაა, ვაკეთო საყვარელი საქმე, განვვითარდე, კიდევ უფრო მეტი ვიმუშაო, და 10 წლის შემდეგ და მანამდეც  მქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი ოჯახის წევრებს აბსოლუტურად ყველანაირი კომფორტი შევუქმნა, ვამოგზაურო, გავახარო და ასე გამოვხატო მადლიერება იმ დიდი ზრუნვისთვის, რასაც ჩემთვის დღემდე აკეთებენ. ეს მამას კრედოა, მადლიერება და ადამიანებისთვის თუნდაც ელემენტარული ბედნიერებისა და სიხარულის მინიჭების, ასე გვანებივრებდა სულ და მინდა, რომ მეც ცოტათი მაინც ვიყო ,,გოგიჩასნაირი“ გოგიჩა, შინაც და გარეთაც. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ახლა უფრო მეტად, როცა მამა შორსაა… დღეს მე ვინც ვარ, ჩემი დიდი ოჯახის დამსახურებაა და ვოცნებობ, რომ ჩემი ძალისხმევით შევძლო, ყველაფერი, რაც გულით მინდა,, გარდა ჩემი პროფესიული ზრდისა, ესაა ჩემი ყველაზე დიდი მიზანი, რომელთანაც ყოველდღე მსურს, უფრო ახლოს ვიყო…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g