LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი დურგლიშვილი დღეში 12 საათს მუშაობაში ატარებს – „დიეტასაც ვიცავ…“

2873
rati-durglishviliexma4

მომღერალი რატი დურგლიშვილი, სხვების მსგავსად, უკვე თვენახევარზე მეტია, შინაა გამოკეტილი კორონავირუსის საფრთხის გამო. ეს პერიოდი ნაკლებად სტრესულ გარემოში და დაკავებულს რომ გაეტარებინა, თავის პროფესიას მიმართა და უამრავი ლამაზი ნამუშევარი გამოძერწა, ზოგიერთი მათგანი კი სანთლის კუბებისგან გამოთალა.

რატის კარანტინის დღეების შესახებ ვესაუბრეთ.

რატი, სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, მითხარი, რომ დღეში 12 საათი დაკავებული ხარ. რას აკეთებ?

ძირითადად, ვხატავ, ვძერწავ, მუსიკაზე ყველაზე ნაკლები დრო მაქვს, რადგან ხელით მუშაობას ძალიან დიდი დრო მიაქვს. ვისწავლე სახლის დალაგება, დასუფთავება, მოწმენდა, არაფერი არაა   მოდი, კარანტინში რა კარგი თვისებები ჩამომიყალიბდა, ამას მოგიყვები. გარდა იმისა, რომ ვისწავლე სახლის დალაგება, ასევე ეს მაწანწალა ადამიანი მიმაჩვია ოთხ კედელს შუა ყოფნას, ბოლოს კლუბებში სიარულით და სმა–ჭამით ისე ავიშვი, რომ 92 კილოგრამს ვიწონიდი. ახლა საათობრივ კვებაზე გადავედი. ძირითადად, შეფუთულ საკვებს ვყიდულობ, რადგან მერე ძალიან მეზარება რეცხვა. სალათის ფურცლები საერთოდ დავივიწყე, იმიტომ რომ მეშინია. კვება მაქსიმალურად შევამცირე. დიეტას კვირაში ერთ დღეს ვარღვევ, დანარჩენი დღეები დიეტაზე ვარ და ამ თვენახევარში ჩამოვედი, თითქმის ასი კილოდან ჩამოვედი 75 კილოზე. ხანდახან შრომაში ჭამამდე ისე გადის დრო, რომ ვერგ ვგრძნობ. დღესაც ვერ ვიგებ, როგორ გავიდა ეს დრო. კიდევ მინდა რაღაცების მოსწრება, მაგრამ ჩემს ნამუშევრებს საკმაოდ დიდი დრო მიაქვს.

რა ნამუშევრები გაქვს?

რატომღაც ახლა ამოჩემებული მაქვს კედლის დეკორის შექმნა, ვაკეთებ კედლის ორნამენტებს. ძალიან კარგად გადავერთე ამაზე. დიდი ოცნება მაქვს, რომ თავად ავიშენო ქალაქგარეთ სახლი და კედლები მოვრთო ჩემი ხელნაკეთი ნივთებით. ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა ამ დრომ. ადრე აგარაკი საერთოდ არ გამხსენებია, ახლა კი მომინდა, რომ ჩემი ხელით გაკეთებული დასასვენებელი ადგილი მქონდეს.

ეს ბევრი ჩვენგანის ოცნებაა. ოჯახის წევრებთან გაქვს მჭიდრო ურთიერთობა, თუ თავს იკავებ?

რადგან ასეთი ვითარებაა, ოჯახის წევრებთან ვცდილობ, კონტაქტი ნაკლებად მქონდეს. მაინც გავდივარ გარეთ, მაღაზია იქნება თუ სხვა რამ. დედ–მამა წეროვანში გავუშვით, სადაც უფრო დაცულად არიან. ძალიან ვერიდები მათთან სტუმრობას. ამას წინათ ჩავედი, როცა ქალაქიდან გასვლის ნება დაგვრთეს, მომენატრნენ და ერთხელ მოვინახულე. დედა მეურნეობას ეწევა. დამხვდა გამოსხმული მარწყვი, ველოდებით ბალს. ახლახან ფოტოები რომ გამოვაქვეყნე, წეროვანში გადავიღე.

ფიქრობ, რომ შენს კერძო სახლშიც გექნება ბოსტანი?

არ მგონია, რადგან პატარა მიწის ყიდვას ვაპირებ, იქ მეურნეობის გამართვას ვერ შევძლებ. არც ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს მოუვლის. მცენარეებისთვის წყლის დასხმა თვეში ერთხელ მახსენდება (იცინის).

ჩვენი წარსული ცხოვრებიდან რა გენატრება ყველაზე მეტად?

ხმაური. მეგობრების ნახვა, სადმე გასვლა, ყავის ან ჩაის დალევა. რომ დავიღლებოდი, ასე განვიტვირთებოდი ხოლმე. ახლა კი ტელევიზორს უნდა უყურო. სოციალურ ქსელშიც ნაკლებად შევდივარ, ისედაც სტრესში ხარ და კიდევ ნეგატიურ ინფორმაციას კითხულობ. ვარჩიე, რომ ჩემთვის იზოლირებული ვიყო. „ინსტაგრამზეც“ ძალიან იშვიათად შევდივარ, არც დრო მაქვს, რადგან ნამუშევრებს ვაკეთებ.

კარგია, რომ ამით დაიკავე თავი. სტრესმა რომელიმე მომენტში შემოგიტია?

როგორ კი რამდენიმე ნამუშევარი ბოლომდე მივიყვანე, ერთი დღეც არ იყო გასული, აღარ ვიცოდი,  სახლში რა მეკეთებინა. მერე ისევ დავუბრუნდი ძერწვას, რადგან რომ გავჩერდე, ვიცი, სტრესში ჩავვარდები.

როგორ ფიქრობ, მუსიკალურ ცხოვრებას როდის დაუბრუნდები?

ვფიქრობ, შესაძლოა, სექტემბრიდან გაიხსნას ხალხის თავშეყრის ადგილები. მაგრამ ისეთი ვერაგი დაავადებაა, არც ვიცი… ალბათ, ყველაფერი ნელ–ნელა ამუშავდება, თუ არა, მსოფლიო და საქართელო განსაკუთრებით დიდი პრობლემების წინაშე დადგება. ამაზე ძალიან ვნერვიულობ. უამრავი ადამიანი დარჩა ჰაერში. როგორი მომავალი იქნება, არ ვიცი. ვნერვიულობ საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზეც, რადგან ეს შოუბიზნესს ეხება, რომელიც არ მუშაობს. ჩემს ძმასაც ამ სფეროსთან დაკავშირებული ბიზნესი აქვს. აღარ მინდა ნეგატივზე საუბარი…

როგორ ფიქრობ, რა შეიცვლება ვირუსის შემდეგ?

ხშირად ამბობენ, რომ ადამიანები ისეთი ლაღები აღარ იქნებიან და სხვა ცხოვრება იქნება. ჩემი აზრით, პირიქით, ადამიანები უფრო მოსიყვარულეები გახდებიან. ბევრ რამეზე დაფიქრების დრო მოგვეცა და მგონი, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვიცხოვროთ დღვანდელი დღით, არა დაგეგმილი მომავლის მოლოდინით. კარანტინის შემდეგ, მგონია, ადამიანები ბევრად გახსნილები და პოზიტიურები იქნებიან, რომ რაც შეიძლება ბევრად ისიამოვნონ ყოველი დღით.

ნინო მურღულია

რატის ნამუშევრები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები