LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ დაიწყო პროკურატურამ მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებაზე გამოძიება

110
ეს

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, თუ რატომ არ დაიწყო გამოძიება მეუფე იაკობის სკანდალური განცხადების საფუძველზე, სადაც ის პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულების გეგმაზე საუბრობს. პროკურატუისა განმარტებით, მეუფე იაკობმა პატრიარქის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული განცხადება მეორე დღესვე უარყო. რაც შეეხება ილია მეორის საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს, პროკურატურის განმარტებით განცხადება ბევრ უზუსტობებს მოიცავდა.

“ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს“ – მეუფე იაკობი (ვიდეო)

 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება ისეთი საჯარო განცხადება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის სინამდვილეს განმცხადებელი თავად უარყოფს. თუ განმცხადებელი, გამოძიების დაწყებამდე, თავადვე უარყოფს მის მიერ გავრცელებულ ფაქტებს, სამართალდამცავი ორგანოები ვერ შეაფასებენ ამგვარ უარყოფილ ინფორმაციას, როგორც დანაშაულის ნიშნების შემცველს.

პირთა პოლიტიკური შეხედულებები, მოსაზრებები, ეჭვები, სურვილები თუ სხვა რაიმე შეფასებითი ხასიათის გამონათქვამები სცილდება სამართლებრივი სივრცის ფარგლებს. კონკრეტულ პირთა განცხადებები, მათი ავტორიტეტის თუ საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მხარდაჭერის/ცნობადობის შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილისთვის, თუმცა ისინი ვერ დაექვემდებარება სამართლებრივ შეფასებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აწესებს მხოლოდ კონკრეტული ფაქტების შეფასების უფლებამოსილებას.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის სამართლებრივი შეფასების დროს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, თუ გავრცელებული ინფორმაციის რა ნაწილი შეიცავს კონკრეტული ფაქტების აღწერას. აუცილებელია გაირკვეს, თუ მოცემული ფაქტებიდან რომელი უკავშირდება დანაშაულებრივ ქმედებებს, მიუთითებს თუ არა ფაქტები კონკრეტული დანაშაულის ჩადენაზე. ამასთან, განცხადებათა სიმრავლის შემთხვევაში საჭიროა თითოეული მათგანი შეფასდეს როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად და საბოლოოდ ჩამოყალიბებული ფაქტები დაექვემდებაროს შეფასებას.

სატელეფონო ინტერვიუს დროს მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ სამი წლის წინ, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და რამდენიმე სასულიერო პირი განიხილავდნენ პატრიარქის ლიკვიდაციისა და მისი საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს.

აღნიშნული განცხადება, პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის ნაწილში, მეუფე იაკობმა მეორე დღესვე უარყო. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ მეუფე იაკობის ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც მან თავადვე დაადასტურა, რის გამოც სამართლებრივად ის ვერ დაედებოდა საფუძვლად გამოძიების დაწყებას.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რომელიც ეხებოდა პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს, ამ ნაწილშიც მეუფე იაკობის განცხადებები არაერთ უზუსტობასა თუ წინააღმდეგობრივ დებულებებს შეიცავს. მეუფე იაკობის მიერ შეხვედრაზე დამსწრეთა შორის დასახელებულმა პირებმა, (როგორც სასულიერო, ისე საერო პირმა) საჯაროდ კატეგორიულად უარყვეს არა თუ პატრიარქის გადაყენების საკითხის განხილვა რაიმე შეხვედრაზე, არამედ თავად ამგვარი შეხვედრაც კი. აღნიშნული ფაქტობრივად გამორიცხავს ამ ინფორმაციის სისწორის თეორიულ შესაძლებლობასაც კი.

საქარველოს პროკურატურაში ასევე შეფასებულ იქნა მეუფე იაკობის განცხადების ის ნაწილი, რომელიც შეეხება რამაზ ნიკოლაიშვილის მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენას. ამ ნაწილში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად დანაშაულის შედეგად შესაძლო დაზარალებულმა პირმა საჯაროდ უარყო მის მიმართ რაიმე სახის უკანონო ქმედებების განხორციელება, რის გამოც აღნიშნული განცხადება მიჩნეულ იქნა დაუდასტურებელ ინფორმაციად”.

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა (ფოტო)

ბოდბელი ეპისკოპოსი საიდუმლო შეხვედრას პრემიერის კაბინეტში ადასტურებს.

 

შეგახსენებთ, მეუფე იაკობის განცხადებით, ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. მისი თქმით, შეხვედრა ყოფილი პრემიერის კაბინეტში შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები