LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ღირს ბახმაროში დასვენება ძვირი: “ფორტუნას” იაფი ალტერნატივა

4916
FORTUNA.GE (1)

ხის არც ისე კომფორტული სახლები, რკინის საწოლები, კოცონი, ნისლი და ღამით იმდენი ვარსკვლავი, რომ სხვაგან არსად გინახავთ – ეს ყველაფერი ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, ნაძვნარით და სუფთა ჰაერით, ამბობენ, რომ თქვენი ბავშვების სამომავლო ჯანმრთელობის გარანტიაა.

ადრე ბახმაროს დედათა და ბავშვთა კურორტადაც განიხილავდნენ. მაშინ ამ მთებში არც შუქი იყო, არც წყალი, არც გაზი და კანალიზაცია – ფასებიც შესაბამისი.

ახლა სიტუაცია შედარებით გამოსწორდა – მოეწყო კომუნიკაციები, რაც დასვენებისთვის ელემენტარულ კომფორტს ქმნის. კურორტის შესახებ მეტმა გაიგო და აქ ზაფხულის გატარების მსურველიც ბევრია, შესაბამისად, გაიზარდა ფასებიც.

 

ერთთვიანი დასვენება 8000 ლარზე მეტი ჯდება

ბახმაროში ძირითადად ხის სახლებია – ძველი აშენებულები, საკმაოდ შელახულები და ახალი კოტეჯები, მაქსიმალური კომფორტით.

წელს მართალია დამსველებელი კურორტზე შედარებით ნაკლებია [სავარაუდოდ, კორონავირუსის გამო], თუმცა ამას ფასები არ შეუმცირებია.

ამ სეზონზე ბახმაროში ერთი დღის გატარება კოტეჯში სულ მცირე 120 ლარი ჯდება, მაქსიმუმ კი 400 ლარი. შეგხვდებათ ძველი ხის სახლებიც, რომლებიც თვეში 500-800 ლარამდე ქირავდება, თუმცა ამ სახლებში სველი წერტილები გარეთაა.

ფასები იმის მიხედვით დგება, თუ რამდენად კეთილმოწყობილია კოტეჯი და ხვდება თუ არა დამსვენებელს ადგილზე საჭირო ნივთები. თუმცა, ყველაზე კომფორტული კოტეჯიც კი ვერ აკმაყოფილებს პრეტენზიული დამსვენებლის მოთხოვნილებას. აქ ძირითადად ფულს ჰაერში იხდიან, ამიტომ ბახმაროში დასვენების მსურველთა ნაწილი, ასეთ ფასებზე პრეტენზიას გამოთქვამს.

 

თუ არსებულ პირობებს გავითვალისწინებთ, ის ნამდვილად მაღალია, მაგრამ თუ ბახმაროს სამკურნალო თვისებებს გადავავლებთ თვალს, არსებული ფასები ძვირად აღარ მოგვეჩვენება.

“ყველა კოტეჯი კერძოა. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არც ერთი მათგანი არ არის, შესაბამისად, ფასების რეგულირებაში ჩვენ ვერ ჩავერევით. მათი გადასაწყვეტია, რამდენად მიაქირავებენ დამსვენებელს საკუთარ სახლებს”, – ამბობს “ფორტუნასთან” ინტერვიუში კურორტის რწმუნებული დავით ჟღენტი.

წელს ჯერ-ჯერობით ერთადერთი კერძო სასტუმრო, რომელიც ბახმაროშია, არ გახსნილა. დავით ჟღენტმა არ იცის რატომ. ის ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი ბახმაროში ნებისმიერი საქმის წამომწყებელს ეხმარება და გვერდში უდგას.

 

კემპინგი – იაფი ალტერნატივა

ბახმაროში კარვებთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის. ერთადერთი პრობლემა სიცივეა. თუმცა ამას ბახმაროში სახლშიც და გარეთაც, შეშით და კოცონით უმკლავდებიან. კარვის პირობები კი კოტეჯების უმრავლესობისგან დიდად არ განსხვავდება.

როგორც კურორტის რწმუნებული “ფორტუნსთან” ინტერვიუში ამბობს, კარვებს ძირითადად ტყეში შლიან, რადგან სწორი ადგილი მათ გასათავსებლად დასახლებულ ადგილებში რთული სანახავია.

“ძირითადად ტყეში შლიან კარვებს. სპეციალური ზონა არ არის და დასახლებულ ადგილებში სწორი ადგილიც ძალიან რთული სანახავია. ურჩევნიათ კიდეც უფრო ტყეში გაშალონ კარვები, აქ ხომ ძირითადად ნაძვნარში დასასვენებლად ამოდიან,” – ამბობს დავით ჟღენტი.

რაც შეეხება საკემპინგე ზონის მოწყობას, ის ამბობს, რომ ბახმაროში არსებული თავისუფალი მიწები ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია და თუ ვინმეს ამის სურვილი ექნება, სწორედ უწყებას უნდა მიმართოს.

 

ბახმაროში 21 დღეში სისხლის ფორმულა იცვლება

ამ ფრაზას ბევრი გააზრების გარეშე ამბობს, ბევრიც გააზრებულად.

ფაქტია 1880-იანი წლებიდან დაიწყო კურორტის აქტიური განაშენიანება, სწორედ იმიტომ რომ მეცნიერებმა განსაკუთრებული ჰავა აღმოაჩინეს და რამდენიმე პაციენტი განკურნებული დააბრუნეს ბარში.

ბახმაროს ჰავას ყველა ასაკის ბავშვი კარგად იტანს. აქ ძირითადად, ის პატარები მიჰყავთ, ვისაც ქრონიკული ბრონქიტი, მშრალი პლევრიტი, ლიმფადენიტი, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ბრონქული ასთმა ან ანემია აქვთ. ბახმაროს ჰავა კარგია მძიმე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გამოჯანმრთელების პერიოდში.

ბახმარო ქვაბულია, სადაც ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმა ხდება, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობაა.

ქართველი ეთნოგრაფის თედო სახოკიას წიგნში ბახმაროზე უამრავი ცნობაა. ამ კურორტის სამკურნალო თვისებების შეასხებ ცნობები გვხვდება ა. ინგოროყვას მოგონებებშიც.

,,ექიმმა დავიდიანცმა, დაახლოებით, 30 წ. წინეთ ინახულა ორიოდე ავათმყოფი, რომლებიც შეპყრობილი იყვნენ ტუბერკულოზით და ჰქონდათ, სხვათაშორის, პირიდან სასტიკი სისხლის დენა. ერთი მათგანი იყო ღვდელი ნ. კ. რომელიც ეხლა ცოცხალია (ეს სტრიქონები გასული საუკუნის ოციან წლებში დაიწერა – ი. მ.). აღნიშნულ ავათმყოფებს არ  ჰქონდათ საშვალება სადმე ცნობილ აგარაკზე წასულიყვნენ და ამის გამო ექიმმა ურჩია, მათ სადმე მაღალ ადგილზე წასვლა. ეს ავათმყოფები წაყვნენ მწყემსებს ტყეში და ზაფხული გაატარეს ბახმაროს რაიონში. შემდეგ ისევ ეჩვენენ ექიმ დავიდიანცს დ ამის განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა იმ საოცარი ცვლილებების გამო, რომელიც მომხდარიყო ავათმყოფთა ფილტვებში ჰაერის გავლენით… შემდეგ, როგორც მაზრის ექიმმა, მოსთხოვა მაზრის უფროსს ჩაფრები და (1896 წლის 27 ივლისს სამხედრო ფერშალ ა. ვადაჭკორიასა და ექიმ ძიძიშვილთან ერთად -ი.მ.) რაინდული სიმამაცით გაემგზავრა აღნიშნული ადგილის საძებრათ. დიდი განსაცდელის შემდეგ მიაკვლია ექიმმა დავიდიანცმა ბახმარო… და პირველი სახლი ბახმაროში მან ააგო (სახოკიას მიხედვით, პირველი ფიცრული სახლი იქ ნიკიფორე ქარცივაძეს წამოუდგამს _ ი.მ.). შემდეგ ბახმარომ მიიპყრო ხალხის ყურადღება და დაიმსახურა დიდი ნდობა” (ექიმ ა. ინგოროყვას მოგონებებიდან).

ახალი კვლევები ბახმაროში არ ჩატარებულა. ალბათ, წინ წასული მეცნიერების პირობებში, კვლევები კიდევ უფრო საინტერესო შედეგებს დავდებთ.

 

ზამთრის ბახმარო

ბახმაროს ოთხ სეზონიან კურორტად გადაკეთებაზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს. უცხოელი ინვესტორები ამ საკითხზე მუშაობენ. როგორც კურორტის რწმუნებული ამბობს, აქ მთავარი პრობლემა გზაა.

რაც შეეხება კომუნიკაციებს, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესებაზე მიდის მუშაობა. პროცესი ოქტომბერში დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან ბახმაროში ზუსტად ისეთი ხარისხის უწყვეტი ელექტორენერგია ექნება დამსვენებელს, როგორც სხვა განვითარებულ კურორტებზე აქვთ.

“წელს უნდა დასრულდეს ელექტროენერგიის ახალი კომუნიკაციების მოწყობა. უკვე დაყენებულია ახალი ტრანსფორმატორები. ცენტრალური მაგისტრალი ბახმარომდე ამოყვანილია მიწისქვეშა ელექტროსადენებით, სადაც მაღალი ძაბვა მოდის. ცენტრალური ქუჩების მიწისქვეშა კომუნიკაციებიც უკვე დასრულებულია. ახლა მიმდინარეობს ოჯახებთან მიწისქვეშა კომუნიკაციების ელექტროსადენებით მოწყობა”, – ამბობს დავით ჟღენტი.

 

 

სეზონი აქ არაოფიციალურად, 19 აგვისტოს, დოღით იხურება. შემდეგ შეიძლება თოვლიც მოვიდეს. შემდეგ რამდენიმემეტრიანი თოვლი გზებს ისევ დაკეტავს და კურორტი მომდევნო ზაფხულამდე დაიკეტება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები