მართლია თუ არა, რომ საქართველომ უარი თქვა ლატვისგან „ასტრაზენეკას“ 50 ათასი დოზის მიღებაზე, ეს კითხვა ჟურალისტებმა იმერეთში მყოფ პრემიერ-მინისტრს დაუსვეს.
ირაკლი ღარიბაშილმა განმარტა, რომ ქვეყანაში შემოაქვთ ის ვაქცინა, რომელზეც მოსახლეობის მოთხოვნაა.
„ამიხსენით, რატომ არის ეს საინტერესო და რატომ არის პრობლემური?
საქართველოს მთავრობამ მოახერხა და შემოვიტანეთ ამ მომენტისთის საკმარისზე მეტი ვაქცინები. საქართველოში ყველანაირი ვაქცინა გვაქვს.
დღეის მდგომარებით „ფაიზრის“ ვაქცინა მილიონი გვაქვს. გვაქვს „სინოვაკი“, რომელიც „სინოფარმის“ ანალოგია, დამატებით ერთი მილიონი „სინოფარმი“ გვაქვს შეკვეთილი და ვმუშაობთ 2 მილიონი „ფაიზერის“ შემოტანაზე. „ასტრაზენეკა“ ასევე შემოვიტანეთ, მაგრამ როგორც ჩვენი ეპიდემიოლოგები და ექიმები მეუბნებიან, ნაკლებად მოთხოვნადი და პრიორიტეტული იყო ჩვენი მოსახლეობის მხრიდან“. – განმარტა პრემიერმა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებული ვარაუდი, რომ ბალტიის ქვეყნებს ეთქვათ უარი, სპეკულაციები და ტყუილია.
„ქვეყანაში ვაქცინები რომ არ იყოს და ამ დროს გვეთქვა უარი, რა თქმა უნდა, ეს დანაშაული იქნებოდა, მაგრამ როცა სამი მილიონი ვაქცინა გვაქვს, ჩვენს მოსახლეობას რა ვაქცინებიც უნდა, ის ვაქცინები უნდა შემოვიტანოთ“. – ამბობს პრემიერი.
შეგახსენებთ, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ბალტიის ერთ-ერთ სახელმწიფოს, კერძოდ, ლატვიას რამდენიმე ათეული ათასი ხარისხიანი ვაქცინის ჩუქებაზე უარი უთხრა. გიორგი კანდელაკის თქმით, ეს იმ ფონზე მოხდა, როცა ბალტიის ქვეყნებმა ღარიბაშვილს ვიზიტზე უარი უთხრეს.