LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეალურად, მაღალჩინოსნები დაუსჯელები დარჩნენ, მხოლოდ 3 ადამიანზე გადატეხა თავიდანვე გაუგებარი იყო, უნდა დამდგარიყო რუსი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხიც“ – უჩა ნანუაშვილი ჰააგის გადაწყვეტილებაზე

233
BeFunky-collage

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დასრულდა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად.

როგორც კარიმ ხანი განმარტავს, კვლავაც აუცილებელი იქნება მისი ოფისისა და პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება.

ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა – ბრალდებულები მხოლოდ ოსური მხარიდან არიან

ჰააგის სასამართლოში 2008 წლის ომის გამოძიების დასრულებასთან დაკავშირებით რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა.

„მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ წინააღმდეგობრივი იყო ეს გამოძიება იმის გამო, რომ გამოძიება დაიწყო საკმაოდ გვიან, 2016 წლის იანვრიდან. მანამდე იყო წინასწარი გამოძიება, რომელიც არ შეიძლება ჩავთვალოთ გამოძიებად. გამოძიება დაიწყო ომის დასრულებიდან 8 წლის შემდეგ, რაც უკვე იყო საკმაოდ სერიოზული პრობლემა.

ძალიან ბევრი მტკიცებულება, ბევრი დოკუმენტი განადგურდა ამ პერიოდში. რაც უფრო მეტი დრო გადის დანაშაულიდან, მით უფრო რთულია რაიმე მტკიცებულებაზე გასვლა და საბოლოო შედეგამდე მისვლა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ადრევე დაწყებულიყო ეს პროცესი. რაც ვნახეთ, ამ წლების განმავლობაში, საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა გამოძიება და დღეს დავინახეთ, რომ ეს საგამოძიებო პროცესი უკვე დასრულებულია. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ინფორმაცია რაზეც მანამდე იყო საუბარი, რომ შესაძლოა ქართული მხარის მიმართაც ყოფილიყო გადაწყვეტილება, ეს არ დადასტურდა. მნიშვნელოვანია, რომ ქართული მხარის მხრიდან არ ყოფილა რაიმე ჩადენილი.

როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ სამი ადამიანის წინააღმდეგ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, ამ ფაქტს როგორ აფასებთ?

გვახსოვს, აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერი რომ გამოიცა, თქვენ ამბობდით, რომ აუცილებელი იყო ამ გამოძიების გაგრძელება და მათ შორის, განსაკუთრებით იმ რუსი მაღალჩინოსნების, სამხედროების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ კონფლიქტში. 3-კაციანი სია, ფაქტია, აღარ გაფართოვდა, ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს ხომ არ გიტოვებთ?

კითხვის ნიშნები არსებობს იმასთან დაკავშირებთ, თუ რამდენად იყო გამოძიება ეფექტური.

სახეზე იყო ძალიან მძიმე და განგრძობადი დანაშაული. მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, იყო ასობით განზრახ მკვლელობა, ქონების განადგურება, ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა სახლი და იძულებით გადაადგილება მოხდა ამ პროცესების შედეგად.

სასტიკ მოპყრობას, წამებას, ტყვედ აყვანას ჰქონდა ადგილი. ამ ყველაფრის გადატეხა და კონკრეტულად მხოლოდ 3 ადამიანის პასუხისმგებლობის გამოკვეთა, რა თქმა უნდა, თავიდანვე იყო გაუგებარი და ამიტომაც ვსვამდით კითხვებს.

მით უმეტეს, როდესაც საუბარი იყო ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება ჰქონოდათ გარკვეული გავლენა პროცესებზე, მაგრამ გაცილებით ნაკლები იყო მათი უფლებამოსილება. საუბარია, მაგალითად დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე, მეორე პირია შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორის მაშინდელი ხელმძღვანელი და მესამე არის დე ფაქტო ომბუდსმენი.

რეალურად, დაუსჯელი დარჩნენ, პრაქტიკულად, მაღალჩინოსნები, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის თუნდაც პრეზიდენტი, კოკოითი, რომელიც იმ პერიოდში საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული პროცესებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსი სამხედროების მიმართ, გარკვეული დანაშაულები სწორედ მათ კისერზეც არის.

ის, რომ გარდა გარდაცვლილი გენერლისა, რუსი მაღალჩინოსნების როლი არ გამოიკვეთა, მხოლოდ ობიექტური მიზეზებით და იმ სირთულეებით არის განპირობებული, რის წინაშეც გამოძიება აღმოჩნდა, თუ პოლიტიკური ფაქტორიც უნდა ვეძებოთ?

მსგავსი და უფრო ფართო მასშტაბის დანაშაულობები რუსეთის მხრიდან მიმდინარეობს დღესაც უკრაინაში. ასევე ჰააგის სასამართლო იძიებს უკრაინაში მიმდინარე დანაშაულებს. მით უმეტეს, ამ ფონზე, როდესაც რუსეთი აგრძელებს, ომის დანაშაულები, მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოძიება უფრო ღრმად წასულიყო და დაედგინა კონკრეტული დანაშაულები. მხოლოდ გარდაცვლილი გენერლის ხსენება ვერაფერს ვერ შეცვლის.

ის არ ყოფილა მარტო, მას ჰყავდა სხვა პირებიც, მოადგილეები. რუსი სამხედროების მხრიდან იყვნენ თანამდებობის პირები, რომლებიც ახორციელებდნენ კონტროლს, ეს დაადგინა მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ.

შესაბამისად, უნდა დამდგარიყო, მათ შორის რუსი სამხედროების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ეს, სამწუხაროდ, არ ჩანს, რეალურად გამოძიება აქ შეჩერდა. კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ ეს არის პირველი საქმე, სასამართლოს წარმოებაში, როდესაც სასამართლო დასრულდა.

ის იძიებს არაერთ საქმეს, ეს ეხება ძირითადად აფრიკის კონტინენტს, იქ მიმდინარე სიტუაციებს, მაგრამ ძალიან ბევრ საქმესთან დაკავშირებთ კვლავ მიმდინარეობს გამოძიება.

გამოძიება მაინც გრძელდება, რათა სრული და ობიექტური რეალობა დადგინდეს.

ჯერჯერობით რუსული მხარის მიერ, რაიმე განცხადება არ მოგვისმენია, თუმცა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერი რომ გამოიცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ მაშინ განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთზე“.

ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ.-მა მთავრობამ განაცხადა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არ ითანამშრომლებენ.

ამის ფონზე, სამართლებრივ ჭრილში, უნდა ველოდოთ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას? როდის უნდა ველოდოთ დამნაშავეების დაკავებას, თუ ეს პროცესიც გაჭიანურდება, როგორია თქვენი პროგნოზი?

ეს ყველაფერი გაჭიანურდება, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი მხრივ, რუსეთი არ თანამშრომლობს ჰააგის ტრიბუნალთან.

მეორე მხრივ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს სასამართლო პროცესები, თუ მოხდება კონკრეტული ეჭვმიტანილების დაკავება სადმე, მსოფლიოს ნებისმიერ კონტინენტზე, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ვრცელდება ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია.

ეს არის მნიშვნელოვანი. თუკი მოხდა ამ სამი პირის დაკავება რომელიმე ქვეყანაში, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი დაწყება იმ პროცესების, რომელსაც ითვალისწინებს ჰააგის სასამართლოს პრაქტიკა.

თუ არ მოხდა დაკავება, რა თქმა უნდა, სასამართლო პროცესები და საუბარი იმაზე, რომ ვინმეს დასჯა მოხდეს კონკრეტული დანაშაულებისთვის, რა თქმა უნდა, ეს ნაადრევი იქნება,“ – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g