LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რის გამო გამორიცხავს თამადა „ევროვიზიაში“ მონაწილეობას და რატომ არ გამოდის ყველა კონცერტზე, სადაც დაუძახებენ: „აქ რომ მეცხოვრა, თამადა არ იარსებებდა…“

871
თამადა

ფოტო: ლევან მაისურაძე

„პირამდე“ – ქართველი ხელოვანის და არტისტის „თამადას“ ის კომპოზიცია და ვიდეოა, რომელმაც საქართველოში ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა, თუმცა ლაშა ჩხაპელიას მუსიკა, დიდი ხანია, გასცდა საქართველოს საზღვრებს. ის საქართველოში არც შექმნილა და როგორც არტისტი ამბობს, რომლისთვისაც თამადა ერთგვარი ალტერ ეგოა, ვერც შეიქმნებოდა საზოგადოების წნეხის გამო…

ლაშა ჩხაპელიასთან საინტერესო საუბარი შედგა fortuna.ge-სთვის.

ლაშა, ძალიან თავდაჯერებული ხარ, როგორც არტისტი და როდის მოვიდა ეს თავდაჯერება?

აქ რომ მეცხოვრა, თამადა არ იარსებებდა. საზოგადოება  და გარემოცვა არასდროს მომცემდა იმის თავისუფლებას, რომ ბაიათები და ელექტრონული მუსიკა გამეერთიანებინა.  აქ არც მომინდებოდა ამის დაწყება და ჩემი „ბაბლის“და სოციუმის შიში და ზეგავლენა მექნებოდა, რომ ეს გოიმობაა. 5 წელი ვცხოვრობდი ბერლინში, იქ რომ გავაკეთე ხუმრობით ოთხი-ხუთი ტრეკი, კლუბში ლაივზე დავუკარი და შევურიე თამადები, 900 კაცი მხოლოდ ამაზე ცეკვავდა. საქართველოში არც ვაპირებდი ამ მუსიკის ჩამოტანას, ზოგადად, არ ვგეგმავდი დაბრუნებას. ვიცოდი, რომ იქიდანაც ცნობილი გახდებოდა ჩემი მუსიკა, თუმცა პანდემიის დროს ჩამოვედი ორი კვირით და ორი წლით დავრჩი…

პანდემიამ გვაჩუქა შენი თავი ქართველებს?

რაღაცებში მართლა მადლობა, მაგრამ მთლიანობაში საშინელება იყო… თავდაჯერება ახსენე და იმაში, რასაც ვაკეთებ, ვარ თავდაჯერებული. პირველად ვარ პროექტში, როცა მართლა ვიცი, რას ვაკეთებ. მანამდე იყო უნივერსიტეტი, ძიება, ძიებისას მიღებული განათლება, ხმის ინჟინერიის, დიზაინის, ჰარმონიის კუთხით და მერე ამ ცოდნის გამოხატვა. ცოდნა გაძლევს თავდაჯერებას…

შენს მუსიკას საზღვარგარეთ World Music-ის კატეგორიას მიაკუთვნებენ. თავად როგორ ფიქრობ, რა ჟანრს ქმნი?

Deep დუქანი დავარქვი. ჰაუსი ჩავანაცვლე დუქნით.

რომელი მუსიკიდან მოხვედი აქამდე?

ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, სახლში რას უსმენდი, სანამ თავად გააკეთებდი არჩევანს. სახლში დედაჩემი პიანინოზე უკრავდა და მღეროდა, „ყვავილების ქვეყანაზე“ ვარ გაზრდილი, დედა მელიზმებით მღეროდა და ბაიათები უყვარდა. მქონდა ორი კასეტა, ქსოვრელების და ლეილასი. ყველაფერი მომწონს, რაც კარგად გამოხატავს კონკრეტულად რაღაც კულტურას. ეს შეიძლება, თრეშად მოიხსენიო, მაგრამ როცა გულწრფელია და ლოკალურია, მომწონს. მიყვარს დიდუბეში გაკეთებული მუსიკა, რომელიც დიდუბეს გვაჩვენებს. მსოფლიოში ახლა ლოკალური მუსიკის მიმართ ინტერესია გაზრდილი.

„გასვეცკებული ფანოღი“… – ასეთი შეფასება გსმენია?

მსმენია და ყველაზე მარტივი შეფასებაა..

შენ როგორი შეფასებები მოგწონს?

ყოველთვის მომწონს კარგი კრიტიკა, ქებასაც მირჩევნია, ლანძღვას არ ვგულისხმობ. თუ ადამიანს გაუჩნდა სურვილი, რომ მუსიკა გააკრიტიკოს, ე.ი. მას რაღაც ფასი აქვს. არასდროს მახსენდება ქება, უფრო მეტად კრიტიკა… დაუწერიათ, რომ კარგი იქნებოდა, ტექსტი უფრო გასაგები ყოფილიყო. ეს გამითვალისწინებია და შემდეგ ალბომებში უფრო ნათელი და გასაგები ტექსტები დავწერე. როცა გერმანიაში ვიყავი, მაშინ ტექსტს ვიყენებდი, როგორც ინსტრუმენტს და მას უფრო მეტად ფსიქოდელიური ხასიათი ჰქონდა. აქ რომ ჩამოვედი, მოითხოვა ტექსტების შედარებით გამარტივება, მაგრამ არც ახლა არის ბოლომდე გასაგები, რადგან მეტაფორები მიყვარს და პირდაპირი პათოსური ტექსტების წერა არ მომწონს.

ვიდეოშიც ბევრი მეტაფორაა…

მუსიკა და ტექსტი მოითხოვს ხოლმე.

ვიზუალური არტისტი ხარ, არ ხარ ადამიანი, რომელიც მხოლოდ მუსიკას ქმნი… კლიპებში შენი სტილი ძალიან განსხვავებულია… 

ვფიქრობ, არტისტი სცენაზე განსხვავებული უნდა იყოს. თამადა მე ვარ, მაგრამ სცენაზე ვუშვებ – ადრე ვუშვებდი ხოლმე ჩვეულებრივად, მეგობრებში, მუსიკის გარეშე და ყოველთვის პრობლემებთან იყო ასოცირებული. ყველა ჩემს მეგობარს ეშინოდა თამადის დაბადების. მაშინ თამადას არ ვეძახდი, მერე დავარქვი, გავუკეთე მუსიკა და გამოვიყვანე სცენაზე.

„პირამდე“ იყო ტრეკი, რომელმაც გვანახა თამადა, „შიში“ კი – უფრო მეტად მასობრივი გახდა. 

„პირამდე“ იყო თავიდან ბოლომდე დაგეგმილი და პირველი შემოვარდნა, „შიში“ იყო სპონტანური და ძალიან მიხარია, რომ მასობრივი გახდა.

ერთფეროვნების ხომ არ გეშინია შემოქმედებაში?

ახლა, მაგალითად, ალბომის გამოცემა გადავდე, რადგან ძალიან ბევრი ისეთი ტრეკი იყო, რომელიც თამადისგან უკვე იციან. თამადას სული არ დაიკარგება, მაგრამ შეიძლება იყოს ნაკლები ორიენტალი, დავიღალე სულ მიკროტონებით… მუსიკა აუცილებლად ქართულენოვანი იქნება, ცოტა – ინგლისური. კოლაბორაციას ვაკეთებ ახლა. რა ენაზეც გინდა წერა, იმაზე უნდა დაწერო.

კოლაბორაციები, ძირითადად, ახალგაზრდა არტისტებთან გაქვს. არ გიფიქრია, ბავშვობიდან ვინც გიყვარს, მათთან ჩაგეწერა სიმღერები?

ქსოვრელები ჩემს რამდენიმე კონცერტზე გამოსულან… ოცნებად მაქვს ნიაზ დიასამიძესთან ერთად მუშაობა. მანაც იცის ჩემი ამ სურვილის შესახებ. მცირე საუბარი გვქონდა, სიმღერაც გავუგზავნე. დროებიდან გამომდინარე, მე და მას როგორ გვცალია, იმედია მოხერხდება.

საქართველოში ამ ზაფხულს ძალიან ბევრი კონცერტი გქონდა. თავიდან რომ გამოჩნდი, მართალი გითხრა, არ წარმომედგინა, ამდენი ადამიანის შეკრებას თუ შეძლებდი, რომელიც შენს კონცერტებზე მოვიდოდა – საქართველოში დიდად არ უყვართ მუსიკალური სიახლეები… 

ჩემთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ჩემი საყვარელი საქმეა სცენაზე დგომა და ექსპერიმენტების კეთება, ხალხთან ინტერაქცია. მგონია, რომ თამადას უხდება ხალხთან მჭიდრო ურთიერთობა სცენიდან. კონცერტები ძალიან მიყვარს.

ამბობენ, ძალიან დიდ ჰონორარებს იღებსო, მართალია?

ეს არ არის ძალიან დიდი ჰონორარი. ძალიან დიდი ჰონორარი ვიცი, რაც არის და მაშინ ვიტყვი და ვანახებ… მნიშვნელობა აქვს, სად მეძახიან, ვინ მეძახის და ვისი ფული იქნება გადახდილი. ყველგან არ გამოვდივარ.

ასეთ შესაძლებლობას თუ განიხილავ, რომ „ევროვიზიაზე“ წახვიდე?

„ევროვიზიაზე“ ჩემი გამოსვლა არის გამორიცხული ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო. უბრალოდ, არ მომწონს პოლიტიკური სარჩულით რაღაცების გაკეთება, რასაც დღევანდელი „ევროვიზია“ ემსახურება. რაც გულს არ უნდა, არ უნდა… არასდროს მომინდება. გაცილებით სერიოზულად ვუყურებ ჩემს პროექტს, ვიდრე „ევროვიზიაზე“ გამოსვლაა…

რა ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ?

ნოემბრის ბოლოს მივფრინავ საუდის არაბეთში, სადაც ძალიან დიდი ლაივი მაქვს. რიადში გამოსვლა ჩემი კარიერისთვის მნიშვნელოვანია, ყველა დიდი ფესტივალის წარმომადგენელი დაესწრება. შემდეგ მივდივარ ტაილანდში, აზიის ყველაზე დიდ ფესტივალზე, დიდ სცენაზე ვუკრავ შაბათს.

აზიური მიმართულებით ფიქრობ შენი კარიერის განვითარებას?

წარმოდგენა არ მაქვს, სად მოისმინეს ჩემი მუსიკა და რატომ დამიძახეს. რომ ჩავალ, აუცილებლად ვკითხავ.

ძალიან ბევრი სხვა პროექტიც უკავშირდება უცხოეთს. ვწერ ალბომს უცხოელ მუსიკოსებთან ერთად და მაქვს დაგეგმილი ბევრი გასვლითი კონცერტი.

წარმატებებს გისურვებთ!.. 

 

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები