ერთი შეხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება ფილმია, რომლის სცენარსაც ხან ბრძოლით ხან კი, ძალიან მარტივი წესებით მივყვებით. თუმცა, იმაზეც ვთანხმდებით, რომ ხშირ შემთხვევაში მაყურებელი ამ ფილმს მარტივად და ლამაზად აღიქვამს. ჩვენმა რესპონდენტმა წარმატებამდე საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა. ბევრჯერ შერცხვა ან არაფრის გამო თავის  მართლება მოუწია, ბევრჯერ დაეცა, მაგრამ ღირსეულად წამოდგა და დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ამჯერად, ძლიერ და უკვე წარმატებულ 20 წლის ბარბარა სამხარაძეზე გიყვებით, სოფელ ჭაბუკიანიდან, ასაკით პატარა, მაგრამ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებით.

ბარბარა სამხარაძე: ,,ოჯახში ვართ, დედა, მამა და ჩემი უფროსი და. მშობლები კახეთში ცხოვრობენ. ჩვენ თბილისში გვიწევს მოღვაწეობა. ჩემი და მეორე დედაა. შეიძლება ბევრად მეტიც, ის ჩემი იმედია.

როგორი ბავშვობა გქონდა?

ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მარტო გავიზარდე და ჩემი სანაცნობო, ,,დაქალები’’ უფროსი ქალები იყვნენ. დღეს უკვე ,,სოფლის მეგობრები’’ მათი პატარა შვილიშვილები არიან.

ვინ არის დღეს ბარბარა სამხარაძე?

დღეს მე ვარ ადამიანი, რომელზეც 5 წლის ბარბარა ოცნებობდა, და შეიძლება ბევრად მეტი. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩემი თავისთვის იმედები არასდროს გამიცრუებია, ასე რომ, ძალიან მეამაყება ის, ვინც დღეს ვარ.

რთული იყო დამოუკიდებლად შეჭიდებოდი იმ სირთულეებს, რაც დღემდე გადალახე?

როცა განვლილ გზაზე მიწევს საუბარი, ცოტა აზრები გამირბის. არ იყო მარტივი, მაგრამ ეს წლები და დღეები შემიძლია უკვე წუთებში და წამებში გადმოვცე. ბევრი კარგი და ბევრიც ცუდი გადამხდა მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დღეს აღარაფერი მაშინებს. დიდი გამოცდილება მივიღე და ცხოვრების მადლობელი ვარ.

როგორი წარმოგიდგენია ბარბარა, წლების შემდეგ?

ბარბარა წლების შემდეგ უნდა იყოს ისეთი გოგო, რომელიც სხვებს  ცხოვრებას გაულამაზებს. ძალიან მინდა ჩემი მოხუცთა თავშესაფარი მქონდეს, ან რამე ისეთი რითიც ხალხს დავეხმარები. ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი ,,მისია’’.

ტყუილი, რომელიც არ გავიწყდება..

ტყუილი ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ერთ ამბავს გავიხსენებ.. მეექვსე კლასში ვიყავი. თოვდა, ჩემი ბათინკები თოვლმა იმსხვერპლა და სკოლაში ,,კალოშებით” დავდიოდი. ზედ ,,გამაშები” მქონდა გადმოწეული და ყოველ წუთს ვაპრიალებდი, რომ რაც მეცვა არ გამოჩენილიყო. ერთხელ მკითხეს: ,,კალოშები გაცვიაო’’? მეც რა უნდა მეპასუხა, ,,არა” ვთქვი.. მაშინ, პირველად მოვიტყუე ისე, რომ საკუთარი თავი არ დამეზარალებინა.

რა იყო დიდი სირთულე, რაც შენთვის გაკვეთილი აღმოჩნდა?

ყოველ ნაბიჯზე ვცდილობდი ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ მე ბევრად მეტი ვიყავი ვიდრე, ჩემი ვიზუალური მხარე, ანუ ის რომ ჭარბწონიანი ვარ, ეს პიროვნულად არ მცვლიდა და მეც ჩვეულებრივი ვიყავი. დღეს კიდევ გავიზარდე და მივხვდი, ვისაც არ მოსწონხარ ამის სრული უფლება აქვს. სულაც არა არის საჭირო გააკეთო ისეთი რამ, რაც სხვებს აზრს შეაცვლევინებს.

რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ხალხმა გაგიცნო და შეგიყვარა?

მე თვითონ რადიკალურად შევიცვალე, ცხოვრების სტილი, ხედვა და დამოკიდებულებები. ბევრად დიდი პასუხისმგებლობა დამაწვა.

როგორი იყო გარშემომყოფების დამოკიდებულება ცნობადობამდე და წარმატების შემდეგ?

რა თქმა უნდა, ხალხის დამოკიდებულება იცვლება. ზოგს მიუწვდომელი ჰგონიხარ, ზოგს თავში ავარდნილი და ზოგი უბრალოდ ვერ იაზრებს, როგორ შეიძლება არაფრისგან ყველაფერი შექმნა.

,,სამძიმრებიდან და დასაფლავებებიდან მივდიოდი გადაღებებზე და რეპეტიციებზე, ვმღეროდი და ვცეკვავდი მაშინ როცა ჩემი შინაგანი სამყარო ნადგურდებოდა’’ – რა მოხდა, რა პერიოდი გაიარე?

ეს პერიოდი ძალიან რთულად გადასატანი იყო 15 წლის ბარბარასთვის. დღეს ბევრი ხუმრობს იმის შესახებ, რომ ყველა პროექტში ,,ემოციური ისტორიები” იმარჯვებს და არა ნიჭი. ჩემს შემთხვევაში, არავინ იცოდა ამ ყველაფრის მიღმა რამხელა სტრესი და ტკივილი იყო. ემოციები, რომელსაც დღემდე ვებრძვი. მეტი რამის თქმა ამ თემაზე შემიძლია. ძალიან რთულია.

,,Youtube” არხზე ,,სოფლის დღიურები’’ დაიწყე.. საიდან მოგივიდა იდეა და რა ეტაპზე ხარ?

,,სოფლის დღიურების’’ შექმნა ძალიან სპონტანურად მოხდა, როცა გავიმარჯვე და სოფელში დავბრუნდი მინდოდა, რამე მსგავსი გამეკეთებინა, მაგრამ აპარატურა არ მქონდა. სექტემბერში ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. სანამ სწავლას დავიწყებდი უფრო გაბედულად გადავწყვიტე, თავის ამბებით და ისტორიებით სოფლის რეალური ცხოვრება გამეშუქებინა. ვფიქრობ, ამ პროექტმა გაამართლა, მაგრამ სამწუხაროდ ახლა სოფელში აღარ ვარ და დროებით შეჩერებულია.

სამომავლო გეგმების შესახებ..

ზოგადად, არ მიყვარს ბევრი გეგმა. ამ ეტაპზე ძალიან მინდა წარმატებული ბიზნესი მქონდეს.

რას ურჩევ შენი თაობის წარმომადგენლებს იმისათვის, რომ იყვნენ თავდაჯერებულები და წარმატებულები?

როცა ოთახში მარტო იქნებით, უიმედობა შეგიპყრობთ და ცხოვრებაზე ხელის ჩასაქნევად მოემზადებით, გამიხსენეთ მე, ერთი სოფლელი გოგო, რომელმაც სავარცხლით და ჯოხებით დაიწყო სიმღერა. სცენაც მხოლოდ ერთ გადაჭრილ მორს შეადგენდა ხოლო, ამბიციებს ერთ პატარა ფურცელზე ატევდა. ყველას საქმით დაუმტკიცეთ, რა მაგრები ხართ. გჯეროდეთ საკუთარი თავის და ყველაფერი გააკეთეთ, რომ ბედნიერები იყოთ.

კატეგორიები: ამბავი ინტერვიუ
ნანკა ქოქიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები