LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ბავშვი მუდმივად ხელს იკიდებს ცხვირზე, საიდანაც აქვს გამონადენი, ავტომატურად გადამდებია სხვა ბავშვისთვის, ბაღიდან მუდმივად დავირუსებულები სწორედ ამიტომ მოდიან ბავშვები“ – ლალი ჯანაშია

240
ლალი-ჯანაშია

უნდა მივიყვანოთ თუ არა ბავშვი ბაღში, თუ ის ხშირად ავადობს – ამ თემაზე გადაცემაში სტუმრად ექიმთან პედიატრმა ლალი ჯანაშია ისაუბრა:

„ასეა არა მხოლოდ ბაღის, არამედ სკოლის ბავშვების შემთხვევაშიც. ჩემდა გასაოცრად, პაციენტების 35-40% სკოლის ბავშვები არიან. მათ ნაწილს კი ჰყავთ უმცროსი და-ძმა, რომლებიც საბავშვო ბაღებში დადიან, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს სეზონური ვირუსები მეტი აგრესიით გამოირჩევიან. ბოლო სამი წელი კოვიდ პანდემიის მოცემულობაში ვცხოვრობდით, რამაც შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით გადაფარა დანარჩენი ბანალური სეზონური ვირუსები. გარდა ამისა, ბავშვებიც ძირითადად სახლში იყვნენ გამოკეტილნი, არ დადიოდნენ ბაღებში, სკოლებში. მშობლების გარკვეული ნაწილიც ონლაინ მუშაობდა და შეიძლება ითქვას, რომ დახურული იყო საჯარო სივრცეები.

რაც შეეხება სეზონურობას, ხშირად მეკითხებიან, რომელი ვირუსებია აქტიური. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე B ჯგუფის ვირუსები, B გრიპი არის აქტიური, რომლის მიმდინარეობაც არის გახანგრძლივებული, მუდმივად ბრუნავს, რადგან რაღაცნაირად სეზონურობაც აირია, არის როგორც ადენოვირუსი, ისე რინო-სინციტიური ვირუსი, ე.წ. გაციება, C ვირუსები, რომლებიც შედარებით მარტივად მიმდინარეობენ და მათ ბინაზეც კი უვლიან მშობლები პედიატრის დახმარებით. რაც შეეხება A ტიპია ვირუსებს, ისინი პანდემიურ ხასიათს ატარებენ და რამდენიმე წელიწადში ერთხელ ფარავენ დედამიწას. შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენ ეს მდგომარეობა არ გვაქვს. აქამდე თუ ვამბობდით, რომ მხოლოდ ზაფხულში გვხვდება ღებინება, ფაღარათი და ა.შ. ეს ლამის მითად იქცეს, რადგან ახლა შემოსული პაციენტების წილი თანაბრად არის მოცული როგორც რესპირატორული სიმპტომებით, ისე აღნიშნული პრობლემებით, ფაღარათით, ღებინებით, რაც ყველაზე მეტად სტრესულია მშობლისთვის, რადგან ამ დროს ხდება დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა მცირე დროში და ბავშვი ხდება მეტად ადინამიური.

არავითარი ხველის სიროფი! როგორ უნდა ვუმკურნალოთ ხველას ბავშვებში – ლალი ჯანაშიას რჩევები

რაც შეეხება სურდოს და ხველას, საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვები მთლიანად არიან მოცულნი ცხვირიდან გაუთავებელი გამონადენით და გაუთავებელი ხველით. პაციენტების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ღამის ხასიათის ე.წ. ღამის ხველა აქვთ, რადგან პროცესი უხვი რინორეით, უხვი სურდოთი მიმდინარეობს. გამონადენი დიდი რაოდენობით არის და რადგან ღამის საათებში ვერ ხდება მისი წინა გამოდინება, სახეზეა უკანა წვეთის სინდრომი, ანუ პოსტნაზალური წვეთი. უკანა ჩანადენი ხახის კედელზე ვითარდება, რაც შეუპოვარ ხველას იწვევს.

მშობლები ხშირად ამბობენ, გამოვაკეთე და მერე წავიყვანე ბაღში, თუმცა მშობლების 80-90 % ბავშვს მაშინ აბრუნებს ბაღში, როცა ბავშვს ტემპერატურა ეხსნება, თუმცა იქ მაინც რჩება გამონადენი ცხვირიდან. მოგეხსენებათ, რომ ეს გრიპი არა მარტო ჰაერშია შეწონილი, არამედ წვეთოვანი გზითაც ვრცელდება. რეალურად, როდესაც ბავშვი მუდმივად ხელს იკიდებს ცხვირზე, საიდანაც აქვს სერიოზული გამონადენი, თავისთავად ავტომატურად გადამდებია სხვა ბავშვისთვის. ბაღიდან მუდმივად დავირუსებულები სწორედ იმიტომ მოდიან ბავშვები, რომ ცირკულაციაა იმ ბავშვების, რომლებიც ბოლომდე არ არიან ნამკურნალები. მით უმეტეს, რომ სივრცე საჯაროა, ნაკლებია ფართი, ერთდროულად ბევრი ბავშვია ამ გარემოში, ფანჯრები ყველგან მჭიდროდაა დახურული და პრაქტიკულად არ ხდება ვენტილაცია. ითვლება, რომ ვითომ სკოლის ბავშვებში ბევრად ნაკლებია ავადობა, რადგან ეს ბავშვები გარეთ გადიან შესვენებებზე და ა.შ. გარდა ამისა, ამ ბავშვებს ანატომიურად უკვე ფორმირებული აქვთ ზედა სასუნთქი გზა და მათი ავად გახდომა შეიძლება მხოლოდ სურდოთი შემოიფარგლოს, რაც პატარა ბავშვების შემთხვევაში, სამწუხაროდ, ასე არ არის.“ – აცხადებს ლალი ჯანაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები