ეკა მამალაძე 60 წლის ასაკში არაჩვეულებრივად გამოიყურება, თუმცა ეს არავის უკვირს. მის ოჯახში ქალბატონებს გენეტიკურად ახასიათებთ კარგი აღნაგობა და გარეგნული მონაცემები, რომელსაც დიდ ასაკშიც ინარჩუნებენ.

თუკი ეკა მამალაძეს ახლოს გაიცნობთ, მიხვდებით, რომ გენეტიკასთან ერთად, კარგი გარეგნობის საიდუმლო და ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი მისი მუდმივად პოზიტიური განწყობაა. მოვლენებს საკმაოდ მსუბუქად უყურებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ჯეროვნად ვერ აღიქვამს, უბრალოდ, მიაჩნია, რომ წარსული წარსულია და მას უკან ვერ დააბრუნებ, ამიტომაც დიდხანს ნერვიულობა არ ღირს.

კარანტინი როგორ გაატარეთ? სიმღერ–სიმღერით?

ეკა მამალაძე:

საერთო ფონი, რასაკვირველია, ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მე ზოგადად, ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებ. როცა გამოსავალი არ არის, უნდა ეძებო კარგი იქ, სადაც იმ მომენტში ხარ. გამოსავალს ასე უფრო იპოვი. ძალიან ბევრმა დადებითმა გამოიჩინა ამ პანდემიაში. ამდენი დრო არავის ჰქონდა, ყველამ საკუთარ თავს მიხედა. რასაც ვერ ასწრებდნენ, ის გააკეთეს. ჩემთვის ეს იყო, მაგალითად, ინგლისური ენის სწავლა, ელემენტარულის, თავად ვახერხებდი ამას. ძალიან ბევრს ვქსოვდი. სახლზე აღარ ვსაუბრობ. ბევრი რამ აღმოვაჩინეთ მე და ნანიმ, არქივი, ფოტოები, ძალიან ვერთობოდით. ვმღეროდით. პირველი ორი–კვირა საკმაოდ მძიმე იყო, ნატალიას მოჰქონდა ყველაფერი, რომ ჩვენ არ გავსულიყავით. შემდეგ დავმშვიდდით და უფრო იმაზე ვღელავდით, რომ ნანისთვის რაიმე არ მოგვეტანა…

გარდერობშიც ხომ არ აღმოაჩინეთ რაიმე ვინტაჟური და საინტერესო სამოსი წარსულიდან?

არ მსიამოვნებდა გარდერობის გამოღება. სულ ვფიქრობდი, რა არის ახლა ეს, რაში მჭირდება–მეთქი. ზოგს სპორტულების დანახვა არ უნდოდა. მე სპორტულებით არ მივლია. გასასვლელი არ ვიყავი, მაგრამ ხალათით და ღამის პერანგით შინ ყოფნა ისედაც არ მიყვარს. შარვალსა და მაისურს გადავიცვამდი, მაკიაჟსაც კი ვიკეთებდი (იღიმის). ამას რომ ვაკეთებდი, კაცმა არ იცის, სად მივდიოდი, მაგრამ ასეთმა დამოკიდებულებამ და ხედვა უფრო უკეთ მამყოფა.

მომღერლისთვის დიდი მნიშნელობა აქვს სცენაზე გამოსვლას და მაყურებლის ტაშს…

შესაძლოა, აქ ხშირად არ გამოვდიოდი, მაგრამ ძალიან ხშირად დავყვებოდი ნანის, იყო ბევრი შეთავაზება. 27 მარტს მქონდა დაბადების დღე და ვფიქრობდი, რომ საიუბილეოდ რამდენიმე კონცერტი გამემართა.

წელს 60 წლის გახდით. რომ ვამბობ, თან, არ მჯერა, ისე კარგად გამოიყურებით…

არც მე მჯერა და რომ ვამბობ, დიდად არ მსიამოვნებს. ამას წინათ უცხო ადამიანებს შორის მოვხვდი. ერთ–ერთმა მითხრა, ვერაფრით დავიჯერებ, რომ 60 წლის ხართო. ეს უფრო მახარებს, ვიდრე სხვა კომპლიმენტები.

რაიმე ახალი თუ გააცნობიერეთ 60 წლის ასაკში?

სიახლე არაფერი ყოფილა. ეჩვევი და ეგუები, რომ წლები გემატება. ვფიქრობდი, უნდა გამეკეთებინა თუ არა იუბილე. გავახმოვანო თუ არა–მეთქი. შინაგანად არანაირი შეგრძნება არ მაქვს. შეიძლება, ადამიანი 25 წლის ასაკშიც იყოს 60 წლის, ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე. არ გინახავთ ახალგაზრდა მოხუცები? ვერც წლების წინ ვგრძნობდი ასაკს და ვერც ახლა ვგრძნობ.

თქვენი ოჯახური გენეტიკაა მთავარი, რომ ქალბატონი ნანიც ბრწყინვალედ გამოიყურება და თქვენც?

გენეტიკა და ჯიში, პირველ რიგში დგას, თუმცა ასევე ალბათ, ჩვენი ცხოვრების წესი და ასევე ჭამის კულტურაც თამაშობს გარკვეულ როლს. ყველაფერს ცოტ–ცოტას მივირთმევთ, კარგად გვძინავს. ნანი სულ მეჩხუბება, ისე ადექი სუფრიდან, რომ კიდევ გინდოდეს ჭამაო. ეს არის განმსაზღვრელი. დედაჩემი ამას სულ ახერხებდა, მე სულ ვცდილობდი, ხან გამომდიოდა, ხან  – არა. ვფიქრობ, მშველოდა ორგანიზმიც და თავს არ ვიზღუდავდი, მაგრამ ბოლო წლებია, მაინც ვეჭიდავები ჩემს წონას. დედაჩემს არ მოსწონს განსაკუთრებით. პურისგან თავს ვიკავებ, ტკბილეული, ნამცხვრები და შოკოლადი არ მიყვარს. რაც პორციაა, მინდა, იმაზე ნაკლები მივირთვა ყველაფერი.

პანდემიის დროს გადავირიე ჩემი თავის მოვლაზე. ვიფიქრე, ყველა რომ ამბობს, წონაში მოვიმატებთო, მე უნდა ვიყო უფრო ორიგინალური და უფრო გამხდარი, ვიდრე კარანტინამდე ვიყავი–მეთქი. ცოტას ვჭამ და უფრო მეტს ვვარჯიშობ.

რაც შეეხება სახის მოვლას, მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს ვიყენებდი, ხაჭოს, არაჟანს მარილით, რომელიც გადასარევია, ჰერკულესს, მჭადის ფქვილზე უკეთესი, ვფიქრობ, არაფერია… კანიც არ მაქვს ცუდი. ამას კიდევ რომ ხელს შეუწყობ, კარგ შედეგს მიიღებ.

როგორ ფიქრობთ, თქვენს ასაკში ცხოვრების თავიდან დაწყება შეუძლია ადამიანს? პირადს ვგულისხმობ.

როგორ არა?!. ადრე მიკვირდა, რომ ვიგებდი, როგორ ქორწინდებოდნენ უცხოეთში 70 წლის ასაკში. არ არის ეს დასაცინი, ჩვენთან არის ასეთი აღქმა, რომ მოხუცებულის ცხოვრება დამთავრებულია. ჩემი აზრით კი, არაფერია გამორიცხული.

შექმნიდით ოჯახს ახლა?

არ ვიცი… ძალიან კარგად ვარ მარტო.

თქვენ თუ შეგხედავთ ადამიანი, ქალებს მარტო ყოფნა უხდებათ თურმე…

გაირკვა, რომ ასეა (იღიმის), ადრე ასე არ ვფიქრობდი. მიმაჩნდა, რომ ქალს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა პარტნიორი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამით ადამიანის ცხოვრება არ ინგრევა. ორი გზა არის – ან ხარ უბედური, ან ბედნიერი. და თავად ირჩევ, რომელ გზას დაადგე. მე ვირჩევ ბედნიერებას!.. ბევრი რამ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში და ხდება კიდეც…

თქვენს ცხოვრებაში ყოფილა არცთუ ადვილი პერიოდები…

როგორ არა. განცდებიც მქონია და ძალიან ცუდადაც ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის მეხმარებოდნენ ჩემი ოჯახის წევრები. 25 წლის ასაკში ორი შვილით მარტო დავრჩი. კარგი იყო?!. არა. მაგრამ იმ დროს დედა, მამა, ბებია ჩემ გვერდით იყვნენ. ძალიან მალე გამოჩნდა მერაბი, რომელმაც საერთოდ ამომიტრიალა ცხოვრება. სულ ვფიქრობდი, რომ მარტო არ დავრჩებოდი… ძალიან მტკიოდა გული, როდესაც ვუყურებდი, როგორ მიდიოდნენ სკოლაში ოჯახები და შვილებს მამები აცილებდნენ. არ ვიცი, როგორი იყო ჩემი შვილებისთვის, როდესაც მერაბი გამოჩნდა… ადამიანს ჰგონია, რომ სწორად იქცევა და შესაძლოა, შეცდომას უშვებდეს…

ნანობთ რამეს?

როგორ არა? ვნანობ, მაგრამ არც მახსოვს, ამას რომ სიღრმეში გავყოლოდი, გადავირეოდი. კარგსაც ვერ აბრუნებ, ვერც ცუდს. წარსულში რჩება. არც ერთი დღე არ არის ერთნაირი. ცხოვრება ძალიან მალე გარბის.

თქვენი გამოცდილებიდან, ქალები რას ეძებენ მამაკაცებში და მამაკაცები – ქალებში?

იდეალურობას, რომელიც არ არსებობს. არასდროს ის არ არის, რასაც ეძებ. მოდის ის, რაც შენ გინდა, მაგრამ თავს არ უტყდები. შესაძლოა, ზუსტად იცოდე, რომ ის ადამიანი შენი შესაფერისი არაა, მაგრამ მაინც გადადგა მისკენ ნაბიჯი. ახლა მივედი ჭეშმარიტებამდე, რომ სხვას არაფერი უნდა დააბრალო და არაფერი უნდა მოითხოვო. ყველაფერი შენგან გამომდინარეობს.

მე რას ვეძებდი? ახლა ამას ვერ ავხსნი. იმ პერიოდში მეგონა, რომ ეს იდეალი იყო. გავიდა დრო და ცხოვრებამ მაჩვენა ბევრი რამ სხვანაირად, ცოტა ცხვირიც მიმარტყმევინა, უშეცდომოდ ამ გზას ვერ გაივლი.

საერთოდ, ძალიან არ მომწონს საკუთარ პირადზე საჯაროდ საუბარი. არ მინდა, ყველაფერი გადმოვალაგო, მაშინ ჩემი აღარ იქნება. მე უფრო მომწონს, რომ დარჩე ისეთად, რომელსაც ვერ ამოხსნიან. შეიძლება, ცუდიც თქვან, გაგლანძღონ, მაგრამ შენგან ვერასდროს გაიგებენ ვერაფერს. ამით იმას კი არ ვამბობ, რომ რაღაც ცუდი მაქვს გაკეთებული. უბრალოდ, ეს პირადია და მინდა, ჩემთან დარჩეს.

პოპულარობას ხელი შეუშლია თქვენთვის?

სხვა, ალბათ, უფრო შეუმჩნეველია, შენ შეგამჩნევენ. ეს, სადღაც, კარგიცაა, სულ ტონუსში ხარ, არ უნდა გააკეთო ისეთი რამ, რაც უხერხულობაში ჩაგაგდებს. ჩემი თაობა ასეთია, ჩემი შვილის თაობა – ნაკლებად. ბებიაჩემი უფრო ტუქსავდა დედაჩემს, ვიდრე დედაჩემი – მე, ნაკლებად ერეოდა ჩემს პირად ცხოვრებაში, მე ნატალიას ცხოვრებაში ასევე არ ჩავრეულვარ. შენიანია და მის გვერდში უნდა იყო, მიუხედავად შეცდომებისა. თავიდან არ ვიყავი ტოლერანტული, ვეჭიდავე ჩემს თავს. მერე ვიფიქრე, ვის ვეჭიდავები, ჩემს შვილს–მეთქი? მე თუ გავწევდი, სხვა უფრო გაიმეტებდა. შვილისთვის ყოველთვის გინდა იდეალური, მაგრამ ყველას თავისი ცხოვრების გზა აქვს.

30 წლის წინანდელი ეკა და დღევანდელი ერთმანეთისგან რით განსხვავდება?

ალბათ, ძალიან შევიცვალე…

როდის უფრო მოგწონდათ საკუთარი თავი? როდის იყავით ყველაზე ბედნიერი?

ნატალია რომ გამიჩნდა… პირველი შვილი, ლევანიკო რომ გაჩნდა, 18 წლის, ძალიან პატარა ვიყავი. დედობის ბედნიერება შევიგრძენი. მეორედ შევქმენი ოჯახი 30 წლის ასაკში და შემეძინა ნატალია და ეს იმ ასაკში განსაკუთრებული შეგრძნება იყო.

მკითხეთ, რით განსხვავდება დღევანდელი ეკა წლების წინანდელისგან. ვფიქრობ, მაშინ უფრო მეტად ოჯახური ცხოვრება მიზიდავდა, პარალელურად, ძალდაუტანებლად და დაღლის გარეშე ვჩნდებოდი სცენაზე. დღეს შემოქმედებითად უფრო მეტად აქტიური ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი კარიერა  სტაბილურად მიმდინარეობდა. დღეს უფრო დიდი რეპერტუარი მაქვს, ახლა უფრო მომწიფებული ვარ შემოქმედებითაც, ვიდრე წლების წინანდელი ეკა. მიმაჩნია, რომ ნანისაც და მეც გვაქვს სიახლეებისადმი სიყვარული და გვიყვარს განვითარება. არ მეშინია ექსპერიმენტების, ამასაც ვიმღერებ, იმასაც…

შემდეგ წელს გააკეთებთ დიდ კონცერტს?

ამ წელსაც ვფიქრობ, ვახტანგ კახიძესთან ერთად, თუკი შესაბამისი რეგულაციები იქნება.

რაიმე აუხდენელი ნატვრა თუ გაქვთ?

როგორ არა?!. ჩემი ნატვრები ახლა ნატალიას უკავშირდება. მისი კარიერა ახლა იწყებდა განვითარებას, ბარსელონაში კონკურსზე გაიმარჯვა… ერთ–ერთ საღამოზე, სადაც ძალიან კარგი მუსიკოსები შეიკრიბნენ, მისი გამოსვლა ძალიან დააფასეს. ეს ყველა დედისთვის მნიშვნელოვანია. მეამაყება, როდესაც ავტორიტეტული მუსიკოსები მეუბნებიან საკუთარ აზრს. ამით ბედნიერი ვარ. ახლა გაჩერებულია, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი წინ აქვს.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

მსგავსი თემები