„დილა მშვიდობისა, საქართველომ“ „რუსთავი 2“-ზე მე-19 სეზონი დაიწყო. დილის გადაცემას ამ არხზე დიდი ისტორია აქვს, თუმცა მას მეორე წელია, უკვე განახლებული გუნდი ქმნის. დილის გადაცემებს შორის საკმაოდ დიდი კონკურენციაა. როგორც „რუსთავი 2“-ის დილის პროგრამის პროდიუსერი, ლიკუნა ნოზაძე აღნიშნავს, მათმა გუნდმა ბევრი რამ საკუთარ შეცდომებზე ისწავლა და მათი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია ის, რომ ეთერში მუდამ მობილიზებულები და მომაზდებულები არიან.

ლიკუნა ნოზაძე:

მაყურებელი მიჩვეულია იმას, რომ „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემით იწყებს დილას. ეს გადაცემა ბრენდია, რომლისგანაც ყოველდღიურად ელოდებიან იმას, რომ არ გამოგვრჩება ბევრი მოვლენა, რაც საქართველოში ხდება. სწორედ ამაზე ვფიქრობდით, როდესაც თათბირზე შევიკრიბეთ ახალი სეზონის წინ. ერთი წლის წინ ახალი ნაბიჯები აგდავდგით, გვყავს ბევრი ახალი თანამშრომელი. წინა სეზონი იყო ფეხზე დადგომისთვის, ახლა კი ხარისხზე ვართ ორიენტირებულები. ყველამ იცის საკუთარი მოვალეობა. ჩვენსავე შეცდომებზე ვისწავლეთ და ახლა თითოეულმა ჩვენგანმა იცის, როგორ გააუმჯობესოს ბევრი რამ. ჩვენსავე განვიტარებაზე ვზრუნავთ. გვინდა, მაყურებელს ბევრი შემეცნებითი რამ გადავცეთ. პოლიტიკის გარდა ყველაფერია ასახული, ვაცნობთ ბევრი სფეროს სიახლეებს, საინტერესო ადამიანებს თბილისსა თუ მას გარეთ.

რა შემატეთ მე-19 სეზონს მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე?

შემოგვიერთდა რამდენიმე ახალი წამყვანი. სპორტის წამყვანი დათო ფრანგიშვილი ისევ ჩვენთან ერთად იქნება და შესთავაზებს ბევრ საინტერესოს მაყურებელს, ნიკა ამაშუკელმა დაგვტოვა და მის ნაცვლად იქნება ლაშა რამაზაშვილი. მან ძალიან კარგად იცის, რა სჭირდება მაყურებელს. პირობა დადო, რომ თუკი წინა დღეს რაიმე მოხდება ქართულ თუ უცხოურ სპორტში, მაყურებელი აუცილებლად ყველაფერს შეიტყობს ჩვენი ეთერიდან. ესმა კუნჭულიას ნაცვლად, შემოგვიერთდნენ ლიკა კვარაცხელია და თემო ქაქუჩაია. თემო ამზადებს გემრიელ და კალორიულ კერძებს, ლიკა კი უფრო მეტად ჯანსაღ კვებაზე ზრუნავს, დიასახლისებს, დედებს, ქალბატონებს ასწავლის, როგორ ვიკვებოთ უფრო ჯანსაღად. ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი იქნება ჩვენს სამზარეულოში. ვფიქრობ, ეს წყვილი შედგა და მათი სინთეზი ეთერში კარგი გამოვიდა.

ჩვენს რუბრიკებს ბევრი რამ დაემატა და გამრავალფეროვნდა ძველიც. მაგალითად, სულ გვქონდა სილამაზის რუბრიკა, მაგრამ გვექნება რეკომენდაციები უსაფრთხო სილამაზესთან დაკავშირებით, რაც ძალიან აქტუალურია დღევანდელ დღეს. ამაზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კომპეტენტური პლასტიკური ქირურგი ისაუბრებს.

ჯანმრთელობის თემებსა და კოვიდ-19-ს, რა თქმა უნდა, ვერ ავცდებით და ხშირად ვისაუბრებთ ელენე ჩიტაშვილთან ერთად.

ასევე ვამატებთ სოციალურ თემატიკას, ვისაუბრებთ სოცმუშაკის როლზე და მაყურებელს ვაჩვენებთ საინტერესო შემთხვევებს, განსაკუთრებით რეგიონებში და რა პრობლემებს აწყდებიან ამ კუთხით. გვინდა, მეტი ინფორმაცია გავავრცელოთ ამ თემაზე, რა შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ, ვის მიმართონ და ვინ არის მათი მშველელი.

პანდემიამ დაგვანახვა, როგორი მნიშვნელოვანია რეგიონების თემატიკა. ერთ-ერთ რუბრიკაში მაყურებელს ვაჩვენებთ ადამიანებს, რომლებმაც ქალაქის ცხოვრება სოფლის ცხოვრებაზე გაცვალეს. სხვათა შორის, ამგვარ ვიდეოებს ძალიან დიდი ინტერესით უყურებს მაყურებელი. აქ მხოლოდ და მხოლოდ დადებითი გამოხმაურებები გვაქვს. ეს ძალიან გვახარებს.

ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა ყველამ იცის. გვინდა, ამ თემას უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ და გვექნება რუბრიკა, რომელსაც წაიყვანს ამ თემაზე ძალიან კომპეტენტური ადამიანი და ინფორმაციასა და რჩევებს ჩვენს მაყურებელს გაუზიარებს.

რადგან არჩვენები მოდის, ჩვენი გადაცემა პოლიტიკასაც ვერ ასცდება. ვამატებთ რუბრიკას, სადაც პოლიტიკოსებს სხვა კუთხით ვაჩვენებთ მაყურებელს, უფრო მეტად შინაურულად, ოჯახებში.

სადღაც 20-მდე რუბრიკა გვაქვს და ეს არის მცირედი ჩამონათვალი იმისა, რასაც ვამატებთ.

როგორც დილის გადაცემის პროდიუსერს, დღევანდელი ტელეკონკურენციის პირობებში რა გამოწვევები გაქვთ?

კონკურენცია ისეთია, როგორიც არასდროს. რვა წელია, რაც „რუსთავი 2“-ში ვმუშაობ, მომიწია ჩემთვის სამაგალითო პროფესიონალებთან შეხებამ. როცა ამბობდნენ, რომ „რუსთავი 2“-ის სკოლა განსაკუთრებულია, ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. რაღაც რომ ვერ გამოგდის, ეს არგუმენტი არ არის. ბევრი რამ გამომივლია, მათ შორის ღამის თენებები, თავგანწირვა, მაგრამ შარშანდელმა სეზონმა კიდევ უფრო მეტი რამ მასწავლა. ფაქტობრივად, ყველა არხს აქვს დილის გადაცემა. ყოველ სამუშაო დღეს ამ სიტყვებით ვიწყებ, ახლა როგორც არასდროს, ისეთი კონკურენციაა. თითოეული თანამშრომელი, ახლებიც და ძველებიც ვაანალიზებთ და ვაცნობიერებთ ამას. დასვენების დღეც არ არსებობს ჩვენთვის. სულ ვფიქრობთ თემების დაგეგმვაზე, ერთმანეთს ვეხმარებით. ვიღაც თუ პირველად დადგა ჩართვაზე, ეს მთელი გუნდის ზეიმია, რომ მას კარგად გამოუვიდა ყველაფერი. შეიძება, ღამის 11 საათი იყოს და ვისხდეთ და ვფიქრობდეთ, რამე ხომ არ გვაკლია. როცა ჩვენთან რეკლამაა, ვრთავ სხვა არხებზე, რომ ვნახო, რაიმე თუ არის, რაც ვერ მოვიფიქრეთ, რაიმე ხომ არ გვაკლია? არ ვდუნდებით და კონკურენციის რეჟიმში ვცდილობთ, ვიყოთ უკეთესები. მაყურებელი რამდენიმე თვეში ამას უკეთ დაინახახს. ეს ყვეალფერი კონკურენციის დამსახურებაა და მიხარია კიდეც, რომ ასეთ კონკურენციაში ვმუშაობ, რაც ჩემს გუნდთან ერთად არასდროს მომცემს მოდუნების საშუალებას.

გუნდის ერთ-ერთი სახე გახლავთ სპორტის რუბრიკის წამყვანი, ლაშა რამაზაშვილი, რომელმაც პირველ ეთერთან დაკავშირებული ემოციები და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.

ლაშა რამაზაშვილი:

რამდენიმე თვის წინ, მე და „რუსთავი 2“-ის სპორტის გუნდს ჰქონდა სურვილი, გაგვეკეთებინა დიდი სპორტული გადაცემა. გარკვეული მიზეზების გამო მაშინ ეს არ გამოვიდა. ეს იდეა დღემდე არის თაროზე შემოდებული. მცირე ხნის წინ დათო ფრანგიშვილმა დამირეკა და მკითხა, შევძლებდი თუ არა დილის გუნდში მუშაობას. იცოდა, რომ მქონდა მანამდე დილის გადაცემაში მუშაობის გამოცდილება. ეკრანზე დაბრუნების დიდი სურვილი მქონდა. მოვედი საცდელ ჩაწერაზე ლიკა ნოზაძესთან. ჩაწერის შემდეგ გადაწყდა, რომ უნდა დავრჩენილიყავი. შევთანხმდით დეტალებზე. ძალიან სტანდარტულად მოვხვდი დილის გუნდში.

დღეს პირველი ეთერი მქონდა. მეგონა, რომ სანერვიულო იყო, მაგრამ დამხვდა ბევრი ჩემი მეგობარი და კოლეგა. იმდენად თბილი გარემო დამახვედრეს, მქონდა შეგრძნება, რომ მე ვიწყებდი მე-19 სეზონს და სხვები იყვნენ ახლები.

დილის გადაცემაში სპორტის თემის მიწოდება მაყურებლისთვის რთულია?

სანამ ტელევიზიამდე მივიდოდი, ჩემი დილაც იწყებოდა დილის გადაცემით. ეს არის პირველი კონტაქტი მაყურებელთან. რა მუხტსაც ვიღებდი, ის მიმყვებოდა მთელი დღე, როგორც მაყურებელს. ახლა, როგორც წამყვანზე, ბევრი რამ არის ჩემზე დამოკიდებული. საპასუხისმგებლო საქმეა. ვცდილობ, ყველასთვის მარტივად, გასაგები ენით ვისაუბრო და ის არ იყოს მაინცდამაინც გულშემატკივრისთვის ხელმისავდომი. კულტურის და პოლიტიკის მოყვარულმაც უნდა გაიგოს, რა ხდება სპორტში.

დიდ აქცენტს ვაკეთებთ ქართულ სპორტზე. ეს ბევრად მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო სპორტზე ისედაც ყველა საუბრობს. ამის გარეშეც შეუძლებელია, რასაკვირველია. ჩვენთან სპორტის ნომერი პირველი სახეობა ფეხბურთია და ამას რომ ვამბობ, იმედია, არავის ეწყინება. ფეხბურთს შეუძლია მთელი ერის გაერთიანება, ყველაფრის განურჩევლად. ფეხბურთთან, კალათბურთთან და რაგბისთან ერთად, არის სხვა, ნაკლებად პოპულარული სახეობები, მაგრამ ჩვენ მაინც ვაშუქებთ, რადგან მაყურებლისთვის ისინიც გახდეს ნაცნობი. გვინდა, მაყურებელს მოვუწოდოთ, რომ სპორტის ამ სახეობებითაც დაინტერესდნენ.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე