LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთიდან მართულ კოორდინირებულ კამპანიაში ჩართული გვერდები, Facebook-მა და Instagram-მა წაშალა

shutterstock_628802006-compressor

სოციალური ქსელებიდან რუსეთთან დაკავშირებული 500-ზე მეტი გვერდი Facebook-ისა და Instagram-ის ადმინისტრაციამ წაშალა. აღნიშნული გვერდების ნაწილი საქართველოშიც მოქმედებდა.

ამ გვერდების უმეტესობა რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ თანამშრომლებს ეკუთვნით. გვერდები სოციალურ ქსელში შეუსაბამო ქცევით გამოირჩეოდა და რუსეთიდან მართულ კოორდინირებულ კამპანიაში იყო ჩართული.

დღეს ჩვენ Facebook-იდან წავშალეთ 364 გვერდი და ანგარიში, რომლებიც კოორდინირებულად და შეუსაბამოდ იქცეოდნენ ქსელში. ამ ქცევის გამომწვევი ანგარიში რუსეთშია რეგისტრირებული, ხოლო სხვა გვერდები მოქმედებდნენ ბალტიისპირეთში, ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამას გარდა, აშშის სამართალდამცველი უწყებების ინფორმაციის საფუძველზე, Facebook-იდან წაშლილია 107 გვერდი, ჯგუფი და ანგარიში, ხოლო Instagram-იდან 41 გვერდი, რომლებიც რუსეთთან იყვნენ დაკავშირებულნი და უკრაინაში მოქმედებდნენ, – წერია პრესრელიზში.

Facebook-ის ინფორმაციით, ამ გვერდებს სოციალურ ქსელში 180 000-დან 790 000-მდე მომხმარებელი და გამომწერი ჰყავდა. ამ გვერდების მფლობელთა მიერ რეკლამაზე დახარჯულმა თანხამ 135 000 დოლარს გადააჭარბა. გვერდების უმეტესობა ნატოს საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებდა, ასევე ავრცელებდა ინფორმაციას საპროტესტო მოძრაობებისა და კორუფციის შესახებ.

სოციალური ქსელის მესვეურები აცხადებენ, რომ ამ გვერდების გარშემო მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმირებული არიან აშშ-ის სამართალდამცავი უწყებები, კონგრესი და სხვა ტექნოლოგიური კომპანიები, ასევე იმ ქვეყნების პოლიტიკოსები, რომლებშიც ეს გვერდები მოქმედებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები