LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის გადასახდელად ვადა 6 სექტემბრამდე მისცეს

63
89989

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის გადახდის ვადა განუსაზღვრა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილების თანახმად, კომიტეტმა მიმდინარე წლის 6 სექტემბერი განსაზღვრა, რათა ამ ვადაში განხორციელდეს კომპენსაციის გადახდა პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებისთვის (მსხვერპლთათვის გასანაწილებლად), ან რუსეთის მიერ ხელი მოეწეროს მემორანდუმს, რათა შესაძლებელი გახდეს კომპენსაციის გადახდის განხორციელება ევროპის საბჭოს მეშვეობით.

„როგორც ცნობილია, 2021 წლის მარტისა და ივნისის სხდომებზე რუსეთის პოზიცია აღარ ყოფილა თანხის გადახდის უარყოფა და ამის ნაცვლად, გამოთქვა მზადყოფნა, დაზარალებულებისთვის გადასახდელი კომპენსაცია ჩარიცხოს ევროპის საბჭოს ანგარიშზე და ამ მიზნით გააფორმოს მემორანდუმი ევროსაბჭოსთან.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა, რათა მოპასუხე სახელმწიფოს აღესრულებინა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. მინისტრთა კომიტეტმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და ღრმა შეშფოთება გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებას დღემდე არ შეუსრულებია სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდის უპირობო ვალდებულება”, – ნათქვამია განცხადებაში.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება 2019 წლის 31 იანვარს მიიღო.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.