LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული პასპორტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის – კრემლის ახალი იარაღი

კრემლი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული პასპორტების დარიგებას გეგმავს. კანონპროექტის მიხედვით, რომელიც უკვე რუსეთის სათათბიროშია, ყველა, ვინც საბჭოთა კავშირში დაიბადა, თუკი სურვილი ექნება, რუსეთის მოქალაქეობის მიღებას შეძლებს.

როგორც რუსული სახელისუფლებო გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა” წერს, კანონპროექტის ავტორი მმართველი პარტიის „ედინაია რასიას” წარმომადგენელი და ევრაზიული ინტეგრაციისა და დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინე ზატულინია, დავალება კი თავად ვლადიმერ პუტინმა გასცა.

ახალი კანონპროექტის თანახმად, რუსული პასპორტის მისაღებად, აუცილებელი არ იქნება დოკუმენტაციის შეგროვება იმის დასადასტურებლად, რომ პირმა უარი თქვა უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე. აქვე საგულისხმოა საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებაც, რომლის თანახმად, ორმაგი მოქალაქეობა დასაშვები ხდება.

ექსპერტები თანხმებიან, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი საკითხების წამოწევაში იმპერიალისტური ზრახვები დევს. თუმცა, ნაწილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიზანი „რბილი ძალის“ გამოყენებაა, ნაწილი კი არც სამხედრო მოქმედებების დაწყების რისკს გამორიცავს.

რბილი ძალის გამოყენების ერთ-ერთი მეთოდია რუსეთის მხრიდან და რა თქმა უნდა, პრობლემატურია ის, რომ საქართველოს ბევრ მოქალაქეს ექნება სურვილი. აქამდე ორმაგი მოქალაქეობა საქართველოს კონსტიტუციით დაუშვებელი იყო, მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა უფლება სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭებინა. დღეს უკვე, როცა ეს ბარიერი მოხსნილია, ეს იძლევა საშუალებას, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა, ამით გაიზრდება პრორუსულად განწყობილი ადამიანების რიცხვი და არჩევნების დროს პრორუსულ პარტიებს გაეზრდებათ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა.

გარდა ამისა, პრობლემაა ის, რომ მოხდება მოქალაქეების რუსეთში გადინება, რასაც ვიზების არსებობის პირობებში ვერ ახერხებენ. ადამიანები, რომლებიც რუსეთში დასაქმდებიან, თანხებს გადმორიცხავენ საქართველოში და ეს პრორუსულ განწყობებს კიდევ უფრო გააძლიერებს,” – აღნიშნავს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „ფორტუნასთან“.

ნიკა ჩიტაძე გამორიცხავს, რომ რუსეთის მოქალაქეობა რუსეთმა სამხედრო ქმედებების დაწყების საბაბად გამოიყენოს.

მავთულხლართი ნიქოზში

 

ჩიტაძე ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას იხსენებს და განმარტავს, რომ იქ რუსეთის მოქალაქეები კომპაქტურად ცხოვრობდნენ, სწორედ ამიტომ გამოიყენა რუსეთმა “საკუთარი მოქალაქეების დაცვა” ომის საბაბაბად. განსხვავებულად ფიქრობს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც „ფორტუნასთან“ არც საომარი მოქმედებების დაწყების რისკებს გამორიცხავს.

„ეს შეიძლება რუსული კოლონების შექმნის კიდევ ერთი მცდელობა შეიძლება. შესაძლოა, დღეისთვის თეორიულად მაინც, თუმცა, ხვალ არ ვიცით რა იქნება, ასეთი მოქალაქეების ჯგუფმა განაცხადოს, რომ ისინი საქართველოში დისკრიმინაციას განიცდიან ან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღევევას. რუსეთმა ეს შესაძლოა გამოიყენოს საბაბად და „დაიცვას საკუთარი მოქალაქეები.“ ამიტომ მგონია, რომ ეს კანონპროექტი სწორედ ამისთვისაა გამიზნული. ეს რას ნიშნავს უკვე ვიცით  – ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს,“ – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

პოლიტოლოგისთვის რთული სათქმელია, რა სოციალურ გარანტიებს შეუქმნის რუსეთი ამ ადამიანებს, იმისთვის რომ რუსული პასპორტები აიღონ.

„ეს შეიძლება იყოს რუსული პენსია, დასაქმება რუსეთში. თუ რუსეთს აქვს იმის ფინანსური რესურსი, რომ ეს ნაბიჯი გადადგას, აუცილებლად გადადგამს და მაშინ ადამიანების დიდი რაოდენობა ამ დუხჭირი ცხოვრების პირობებში შეიძლება დათანხმდეს იმას, რომ მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა,“ – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

საზოგადოებრივი აზრის კვლევების (NDI, 2018 წელი, აპრილი) თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა (63%) ქვეყნისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს. გამოკითხულთა მხოლოდ 21% მიიჩნევს, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრიანდეს. ამასთან, წინა, 2017 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ შედეგებთან შედარებით, 8%-ით არის შემცირებული ევრაზიული კავშირის წევრობის მომხრეთა რაოდენობა.

 

თაკო ივანიაძე