LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად შეხვდა ნინი გოგიჩაიშვილი მსოფლიოში ცნობილ ფეხბურთელებს: „მომავალ ტალანტებზე საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა…“

2173
ნინი-გოგიჩაიშვილი

ნინი გოგიჩაიშვილი, როგორც „ევრონიუსის“ ჟურნალისტი, საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთ ცნობილ დაჯილდოებაზე იყო და პოპულარულ ფეხბურთელებთან ინტერვიუები ჩაწერა.

ნინიმ ამ ღონისძიებაზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„მის საქართველოს“ დავუკავშირდით უფრო მეტი დეტალის გასაგებად.

ნინი გოგიჩაიშვილი: 

„ახლახან ჩატარდა Globe Soccer Award Ballon D’or ის ეკვივალენტი – ინტერნაციონალური დაჯილდოება, რომელიც აერთიანებს ფეხბურთის სამყაროს (Fifa, ECA, UEFA,) მსოფლიო მსხვილ კლუბებს, აგენტებსა და ფეხბურთელებს და  ყოველწლიურად დუბაიში იმართება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ზლატან იბრაგიმოვიჩი, ფაბიო კაპელო, რუნი, რომარიო, რამოსი, მალდინი, არტეტა, პაკო, მუჰამედ სალა, მაურინიო, ფრანჩესკო ტოტი და სხვა.

ამ ღონისძების ოფიციალური პარტნიორი არის CNN, ჩემი ინტერვიუები კი euronews global-ზე გავა, ანუ იქნება 17 ენაზე და მთელ ევროპაში.

„ევრონიუსისთვის“ დაიწყე მუშაობა?

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც „ევრონიუსთან“ ვითანამშრომლე. ფრილანსერი ჟურნალისტი ვარ და ყოველთვის, როდესაც დიდი ღონისძიებაა, ან მნიშვნელოვანი ადამიანები სტუმრობენ გაერთიანებულ საამიროებს და არა მხოლოდ აქ, ვმუშაობ მათთვის.

ასე იყო, როდესაც ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერე  მელისა ფლეიმინგთან (გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე).

ასევე აქტიურად ვმუშაობ ბლოკჩეინის, ტოკენისა და ნფტ-ის თემებზე. World Entrepreneur of The Year-ის ერთ-ერთ გამარჯვებულთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერე და შემდეგ სიუჟეტი მოვამზადე 3 სხვად სხვა ენაზე, მათ შორის ქართულადაც. ეს პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესოა, დიდი გამოწვევაა და ასევე დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან ბიზნესის, სპორტის თუ ეკონომიკის წარმომადგენლებთან, მნიშვნელოვან ადამიანებთან მიწევს მუშაობა და ისეთ თემებში გათვიცნობიერება, რისი გამოცდილებაც აქამდე არ მქონია.

რთული არ იყო სპორტის თემაზე სიუჟეტების მომზადება?

არა, რთული ნამდვილად არ იყო, იმიტომ, რომ სპორტში ვერკვევი. რთული იყო, როდესაც ბლოკჩეინ სოლანას მთავარ ინჟინერთან ვწერდი ინტერვიუს და იმ დროისთვის სიღრმისეული წარმოდგენა აქ მქონია სოლანას ეკოსისტემაზე, თუმცა ახლა უკვე აქტიურად ვარ დაკავებული ტოკენომიკის  შესწავლითაც.

რომელ ფეხბურთელებთან ჩაწერე ინტერვიუები?

მქონდა ინტერვიუები ბრაზილიელ ლეგენდა რომარიოსთან და იტალიელ მსოფლიო დონის აგენტთან ბრანჩინისთან (Giovanni Branchini), რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა მომავალ ტალანტებზე საუბრისას, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატის შეცვლა შეუძლიათ; ასევე ლეგენდა ფაბიო კაპელოსთან, უნაი ემერისთან ( ვინც გაიმარჯვა ნომინაციაში – საუკეთესო მწვრთნელი), ჩავწერე ვეინ რუნი, საკო, Globe Soccer-ის აქციონერ და ბიზნესმენ რიკარდო სილვასა და “Silva International” -ის აღმასრულებელ დირექტორი, მარკო ალუეტი…

მიყვარს მუშაობის ყოველი წამი. დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე გადაღება გვქონდა, თუმცა დრო ისე მალე გავიდა, დაღლა მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, როცა მუშაობას მოვრჩი.

მადლიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვიმუშაო წარმატებულ, საინტერესო და მნიშვნელოვან ადამიანებთან და ვაფასებ ამ შესაძლებლობას, შრომას ყოველთვის აქვს აზრი და შედეგი, ადრე თუ გვიან.

დუბაიში რომ გადაცემაზე მუშაობდი, მას რა ბედი ეწია?

რაც შეეხება ჩემს გადაცემას Nini’s Diary, როგორც იცით, მისი ტრანსლირება HD Fashion-ზე ხდებოდა, რომელიც უკრაინაში, კერძოდ, კიევში მდებარეობს. ჩვენი ტელევიზია დაიხურა,  მჯერა, რომ დროებით, ომის გამო…

აქვე ვისარგებლებ შესაძლებლობით და ვიტყვი, რომ ჩემი გადაცემის მთავარი ოპერატორი, რომელიც კიევშია, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, ეძებს სამსახურს და თუ ქართულ ტელევიზიებს სჭირდებათ ფრილანსერი ოპერატორი, რომელიც მასალას მიაწვდის უკრაინიდა,ნ გადაიღებს და დაამონტაჟებს, ძალიან დიდ სიკეთეს გააკეთებენ, თუ დაეხმარებიან, ჩემი გუნდის დანარჩენი წევრები კი ლტოლვილებად დროებით სხვადასხვა ქვეყნებში არიან… მჯერა, რომ ერთხელ და სამუდამოდ სამართალი იზეიმებს და უკრაინა იქნება თავისუფალი. რაც შეეხება ჩემს გადაცემას, არ არის გამორიცხული, Nini’s Diary სხვა პლატფორმაზე დაბრუნდე.

რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან ამბებს, ვითანამშრომლე ჩემი ბავშვობის საოცნებო არხთან Fashion TV, რომელიც  Middle East Fashion week-ის ოფიციალური პარტნიორია. ჩავწერეთ ინტერვიუები ყველა წამყვან დიზაინერთან; დამოუკიდებელი პროექტისთვის გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი ლიბანის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ომარ არფუშზე…

რა გეგმები გაქვს?

რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, მირჩევნია, როცა განხორციელდება, მერე ვისაუბრო, ვიდრე მანამდე, ვმუშაობ დიდ პროექტზე და როგორც კი გამომივა, სიამოვნებით მოგიყვებით.

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები