საფრანგეთის მთავრობის დადგენილების თანახმად, სამედიცინო სექტორის თანამშრომლები, რომლებიც 15 სექტემბრამდე სრულად არ აიცრებიან, ანაზღაურებას ვერ მიიღებენ. აღნიშნული ინფორმაცია ,,ბიბისიმ“ გაავრცელა.
აღნიშნული ეხებათ როგორც ექიმებს, ასევე ექთნებს, საოფისე პერსონალს და მოხალისეებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანა ძალიან სერიოზულად ეკიდება აცრის ბარათებს და აგვისტოს თვიდან ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მაღაზიებში, საავადმყოფოებში, ბარებში და კინოთეატრებში შესვლა ან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობა ენდომება, სამედიცინო ბარათების ჩვენება და იმის დამტკიცება მოუწევს, რომ აცრილია.
აცრის გარეშე გადაადგილებას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, ვისაც სამედიცინო ბარათში გონივრულ ვადებში ჩატარებული კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი ექნება დაფიქსირებული. თუმცა ექიმის დანიშნულების გარეშე PCR ტესტი ფასიანი იქნება.
მთელი საფრანგეთის მასშტაბით, სავალდებულო ვაქცინაცია შეეხება არა მხოლოდ მედ-პერსონალს, არამედ ყველას, ვისაც კონტაქტი აქვს მოწყვლად ჯგუფებთან, მაგალითად მოხუცთა თავშესაფრების თანამშრომლებს.
ამ ეტაპზე, სხვა ქვეყნების მსგავსად, საფრანგეთშიც კორონავირუსის “დელტა” ვარიანტი მძვინვარებს, რომელიც წინამორბედებთან შედარებით ინფიცირების მაღალი უნარით გამოირჩევა. ამის გამო ქვეყნის ტერიტორიაზე ინფიცირების შემთხვევები და საავადმყოფოებში მიმართვიანობა გაიზარდა. ამ დროისათვის, საფრანგეთში კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს აქვს გაკეთებული.