„პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი. ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას! ჩვენ ეს შევძელით!- ამ განცხადებით დაიწყო პარლამენტში წლიური მოხსენება პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 2023 წელი, „რომელიც ესოდენ დიდი მიღწევით და ახალი იმედით დასრულდა, გამოწვევების და სირთულეების გარეშე არ ყოფილა“.
„გამოწვევები შეეხო უსაფრთხოების სფეროს: უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომი გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინა ვერ გადატეხა. მეტიც, ევროპის ერთიანობა და სოლიდარობა ვერ შეარყია და კიდევაც გააძლიერა. მიუხედავად წარუმატებლობისა, ან სწორედ ამის გამო, რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის (ომი ომის გარეშე) ახალი იერიშები წამოიწყო, რისთვისაც ყველა ფორმასა და იარაღს იყენებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. დეპუტატებს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე წლიური მოხსენებით პრეზიდენტი მიმართავს.