LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი ყველასთან მივა, არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, ტერიტორიების დაკარგვას, პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფას: ღარიბაშვილი

91
1

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამართალი ყველასთან მივა და ხელისუფლება არავის აპატიებს ხალხის ჩაგვრას, ტერიტორიების დაკარგვას, მიწის გაყიდვას, პატრიარქის, სასულიერო პირებისა და მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვასა და შეურაცხყოფას.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ აღარავის უნდა მხოლოდ წარსულზე საუბარი, რადგან წინ უამრავი საქმე, პრობლემა და გამოწვევაა:

“დღეს, ჩემო ძვირფასებო, აღარავის უნდა მხოლოდ წარსულზე საუბარი, რადგანაც წინ უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, საქართველოს და ჩვენი ხალხის წინაშე მრავალი პრობლემა და გამოწვევაა.

ვებრძვით პანდემიას, ვიმყოფებით ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია, ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორც დემოკრატიაა, ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება, დიდ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე.

დიახ, ჩვენ მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება, თუმცა, წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია და უნდა გვახსოვდეს საიდან მოვდივართ, რა გზა გამოვიარეთ და რომ აღარ უნდა დავუშვათ, აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები, გამოუსწორებელი შეცდომები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყანაში კრიმინალური ბანდების თარეში, დიქტატორი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის მმართველობა.

ჩვენ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგინეთ სამართლიანობა, დავაკავეთ მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმის მთავარი შემოქმედები, ახალაია, მერაბიშვილი, უგულავა, ციხის ჯალათები, მწამებლები და მკვლელები. სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი, მეგის ქარდავა, რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიყვანეთ უკრაინიდან საქართველოში. 1 ოქტომბერს კი თავად ამ სისხლიანი და მოძალადე რეჟიმის მთავარ შემოქმედს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელ, ქვეყნის მოღალატე და ხალხის მჩაგვრელ, საქართველოდან გაქცეულ და ახლახანს ლაჩრულად, ქურდულად შემოპარულ მიხეილ სააკაშვილს კუთვნილი ადგილი დიდი ხნით მივუჩინეთ ციხეში.

ადრე თუ გვიან, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწის გაყიდვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირებისა და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვასა და შეურაცხყოფას.” – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე დაიწყო “ქართული ოცნების” აქცია, რომელიც სიტვით გახსნა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნდობისთვის, ბრძოლისთვის, სიმტკიცისა და თავდადებისთვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.

“დღეს აქ შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები” – აქციის მონაწილეებს პრემიერმა მიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g