გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი, საჯიდ ჯავიდი სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
მისი თქმით, არსებული ვაქცინები მის მიმართ, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური იყოს.
„რაც ჩვენ ვიცით, არის მუტაციების მნიშვნელოვანი რაოდენობა, შესაძლოა, „დელტა“ ვარიანტის მუტაციების რაოდენობაზე ორჯერ მეტიც კი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ახალი ვარიანტი შეიძლება უფრო გადამდები იყოს და არსებული ვაქცინები მის მიმართ, შეიძლება, ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს“- აღნიშნა საჯიდ ჯავიდმა.
ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დღეიდან დროებით კრძალავს ფრენებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ნამიბიიდან, ბოტსვანადან, ზიმბაბვედან, ლესოთოდან და ესვატინიდან. აღნიშნული ქვეყნებიდან დაბრუნებულ ბრიტანელი მგზავრებს კი კარანტინის გავლა მოუწევთ.