LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამმა გოგომ ჰოლანდიელებს მარნეულის პატარა სოფელი გააცნო – „ქართული კენკრის“ წარმატება ევროპაში

3348
1

ქართულ ჟოლოს ჰოლანდიაში მიირთმევენ – ევროკავშირის წარმატებული ქვეყანა შპს „ქართული კენკრით“ დაინტერესდა. კომპანიამ მიმდინარე წლის ზაფხულში უკვე გაგზავნა ექსპორტზე ჟოლო როგორც ჰოლანდიაში, ისე ყატარის დედაქალაქ დოჰაში. აღსანიშნავია, რომ “ქართულ კენკრას” საქართველოში პირველი სერტიფიცირებული ბიო კენკრა აქვს და შესაბამის საერთაშორისო სერთიფიკატსაც ფლობს.

როგორც „ფორტუნას“ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თეა ქუთათელაძემ განუცხადა, „ქართული კენკრა“ 2017 წელს დაარსდა, თავდაპირველად ამხანაგობა-კოოპერატივის სახით, შემდეგ კი შპს-დ გადაკეთდა. აღსანიშნავია, რომ კენკრის ბიომეურნეობა მარნეულის სოფელ ახლომახმუდლოში მდებარეობს. კომპანიას 7 ჰა-ზე აქვს გაშენებული 3 ჯიშის ჟოლო და 2 ჯიშის მაყვალი. რაც შეეხება წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას, ის ადგილობრივ ბაზარზე „გუდვილისა“ და „კარფურის“ ქსელში ხორციელდება, ექსპორტზე კი „ქართული კენკრა“ ძირითადად ჰოლანდიაში გადის.

„ჩვენი ბიო პროდუქციით ასევე ინტერესდებიან არაბულ ქვეყნებშიც. ახლა კენკრის სეზონი უკვე სრულდება,  ამიტომ მომავალი წლის ზაფხულისთვის გაასმაგებული ძალებით უნდა მოვემზადოთ როგორც ექსპორტისთვის, ისე ადგილობრივი ბაზრისთვის. ჰოლანდია უკვე ჩვენი სტაბილური სავაჭრო პარტნიორია და განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა ეკონომიკურად ასეთი წარმატებული ქვეყანა, შენი წარმოებული პროდუქციით ინტერესდება.

რაც შეეხება პირველ ექსპორტს ამ ქვეყანაში, ეს მიმდინარე წლის ივნისში მოხდა. როდესაც სტიკერი მივიღე ფოსტაზე, სადაც მარნეული, საქართველო ეწერა, სიხარულის ცრემლები მცვიოდა. წარმოვიდგინე, როგორ გაიცნობდნენ მარნეულის ერთ პატარა სოფელს ამხელა ქვეყანაში და ეს სამმა გოგომ შეძლო , სულ რაღაც 2 წელიწადში. (ცნობისთვის, „ქართულ კენკრას“ სამი დამფუძნებელი ჰყავს: თეა ქუთათელაძე, ხათუნა ქუთათელაძე და ია თოფურია)

ხოდა, ნუ შევუშლით ერთმანეთს ხელს, პირიქით ერთ გუნდად უნდა ვიმუშაოთ და გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი პატარა, ლამაზი ქვეყანა და ფინანსურადაც გავძლიერდეთ“, – ამბობს, თეა ქუთათელაძე.

 

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „ქართული კენკრა“ ბიო პროდუქციის საერთაშორისო სერთიფიკატს ფლობს და სწორედ ამ სერთიფიკატით გადის ექსპორტზეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები