LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი შიმშილობას იწყებს

86

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი 2 ივლისიდან ერთკვირიან შიმშილობას იწყებს. როგორც მეარაყიშვილმა “რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, მისი გადაადგილების, ჯანმრთელობის დაცვის და სამართლიანი სასამართლოს უფლებები ირღვევა, ამიტომ შიმშილობის აქციით სურს სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თანადგომა მოიპოვოს.

მისივე თქმით, 25 ივნისს, ცხინვალის სასამართლოში სხდომა იყო დანიშნული, რის გამოც ახალგორიდან ცხინვალში გაემგზავრა, მისი ადვოკატი კი რუსეთიდან ჩავიდა, თუმცა, განუცხადეს, რომ პროკურორი სხდომაზე არ მივა და განხილვა 2 ივლისისთვის გადაიდო. თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის.

“სიარული კი არ მეზარება, ეს არის დიდ ფინანსებთან დაკავშირებული. ადვოკატთან ხელშეკრულება მაქვს და 11 თვეში უკვე 20 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ერთადერთი, რითიც შეიძლება პროკურატურა მომერიოს, ეს არის რომ დავრჩე ადვოკატის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ჩამსვამენ ციხეში და შეიძლება ახალი ბრალდებებიც დამიმატონ,“ – განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული რეგიონის პროკურატურა თამარ მეარაყიშვილს ბრალად სდებს “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და ცილისწამებას პარტია “ედინაია ოსეტიას“ მიმართ. სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც ყველა ამ საქმეს გაყალბებულს უწოდებს, აკრძალული აქვს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დატოვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები