LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო შელია: ორი მოწყობილობაა, რომლებიც ადგილზე უნდა იყოს, ერთ-ერთი მათგანი მწყობრში რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა

1074
Untitled design

„ამ ფაქტში ჩემთვის საგანგაშო არის ის, რომ მოხდა დარღვევა ძალიან ბევრ ეტაპზე, რადგან არის ორი მოწყობილობა, რომელთაგან ერთს მაინც უნდა ემუშავა სწორად, არც ერთმა არ იმუშავა“, – აცხადებს „ტვ პირველთან“ საუბარში უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, კომპანია CAI-ს გენერალური დირექტორი სანდრო შელია და ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შესაძლო მიზეზებზე საუბრობს.

როგორც შელია განმარტავს, პირველ რიგში, რაც ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, არის ის,  მოხდა თუ არა სამშენებლო ინსპექტირების ორგანოს ჩართვა პროცესში და თუ მოხდა, იყო თუ არა ეს კეთილსინდისიერი შემოწმება:

„პირველ რიგში, რაც უნდა დაადგინოს გამოძიებამ, რამდენიმე ფაქტორი და დარღვევაა, რამაც ეს განაპირობა, ეს ცალსახაა, იმიტომ, რომ პირველ რიგში, მშენებლობის დროს იქ 2 სხვადასხვა მოწყობილობაა, რომლებიც უნდა იყოს ადგილზე – ერთი არის დენის გაჟონვის წინააღმდეგ მოწყობილობა, რომელიც საერთოდ უნდა თიშავდეს მთელ სისტემას იმ შემთხვევაში, თუ ხდება ძაბვის და დენის გადინება და მეორე – დამიწების სისტემა.

ამ მოწყობილობებიდან ერთ-ერთი მათგანი მაინც მწყობრში რომ ყოფილიყო, ეს უკვე არ მოხდებოდა.

მეორე არის ის, როდესაც საქმე გვაქვს სამშენებლო ობიექტთან, რომელსაც მერია იბარებს, მან აუცილებლად უნდა დაიქირაოს სამშენებლო ინსპექტირების ორგანო, რომელსაც დეტალურად უნდა შეემოწმებინა ყველა ობიექტი, მათ შორის ის ობიექტი, სადაც საქმე გვაქვს ძაბვასა და დენთან და უნდა ჩაეტარებინათ შესაბამისი გამოცდები, რომლებიც აუცილებლად გამოავლენდა, თუ ტექნიკური ხარვეზი იქნებოდა.

მინიმუმ, საქმე გვაქვს იმ სიტუაციასთან, როდესაც ორი მოწყობილობიდან, რომელიც თითოეული ცალ-ცალკე ამას აღმოფხვრიდა, ალბათ ორივე არ მუშაობდა; ან ჩართული არ იყო; ან მწყობრში არ იყო; ან საერთოდ არ ეყენა და მეორე – ეს ამბავი უნდა გაერკვია შემოწმებას, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ობიექტების ჩაბარებისას.

როდესაც გამოძიება ჩატარდება, უნდა გავარკვიოთ, თუ რამდენი დარღვევა მოხდა და ვისი პასუხისმგებლობაა ეს, ასეთი რამ არანაირ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო.

რატომ გაჟონა დენმა წყალში – დიდი ალბათობით, პრობლემა იზოლაციაში იყო, ალბათ სადღაც იზოლაციამ არ იმუშავა და დენის გაჟონვა ხდებოდა.
დენის გაჟონვის საწინააღმდეგო მოწყობილობა ისეთია, რომ ის ავტომატურად აფიქსირებს ასეთი ტიპის გაჟონვას და როგორც კი განათებას ჩართავდნენ, სისტემა მაშინვე გათიშავდა დენს, ცალსახა იქნებოდა, თუ რა პრობლემაა და ეს არ მოხდებოდა.

ობიექტის ჩაბარების დროს, აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო მესამე მხარის – კვალიფიციური ორგანიზაციის ამ პროცესში ჩართვა მერიის მხრიდან, რომ დასკვნა დაედო.

ინსპექტირება მხოლოდ ნახაზებისა და დოკუმენტაციის შემოწმებას არ მოიცავს, უნდა მომხდარიყო გამოცდა, შადრევანი ინსპექტირების კომპანიას უნდა ჩაერთო, გაეზომა დენი და გაეზომა – ხდება თუ არა დენის გაჟონვა.

პირველი, რაც გამოძიებამ უნდა გააკეთოს – უნდა დაადგინოს, საერთოდ მოხდა თუ არა სამშენებლო ინსეპექტირების ორგანოს ჩართვა პროცესში, და თუ მოხდა, მოხდა თუ არა ეს კეთილსინდისიერად“, – განაცხადა სანდრო შელიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

“ბევრი კითხვა ისმის ტექნიკურად რას შეიძლებოდა გამოეწვია ბავშვის დაღუპვა და ვისი “მოღვაწეობის” ბრალი შეიძლება იყოს მომხდარი, ვეცდები ავხსნა…” – რას წერს ცნობილი მოქანდაკე ირაკლი ჟვანია

ნინო ლომჯარია: “დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა პოლიტიკოსების მხრიდან არ გამოიხატება მხოლოდ სამძიმრით, ხსოვნის პატივისცემა გამოიხატება იმაში, თუ რას ცვლი რომ ასეთი ტრაგედიები არ განმეორდეს!!”

“მისი გადარჩენა ვერ მოვახერხეთ” – პირველი ინტერვიუ მებაღესთან, რომელმაც შადრევნიდან ბავშვები ამოიყვანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g