LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით” – ლაშა ხუციშვილი

154
ლაშა ხუციშვილი

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ლაშა ხუციშვილი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს პარტნიორებთან.

როგორც მინისტრი ამბობს, ქვეყანას ბევრი მადლობის წერილი აქვს მიღებული ღონისძიებებისთვის, რასაც ახორციელებს იმისთვის, რომ სანქციების აღსრულება დადგენილი სტანდარტით მოხდეს.

„სანქციების აღსრულების ნაწილში, როგორც საფინანსო სექტორის, ასევე ვაჭრობის ნაწილში, საქართველოს ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მიერ ძალიან მკაცრი კონტროლი ხორციელდება. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს იმ ღონისძიებებში, რა ღონისძიებებსაც საქართველო ახორციელებს. ამ ნაწილში მე შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან – როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა და კომუნიკაცია. ძალიან ბევრი მადლობის წერილი აქვს საქართველოს მიღებული იმ ღონისძიებებისთვის, რაც განხორციელებულია ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ სანქციების აღსრულება მოხდეს იმ სტანდარტით, რაც დადგენილია. შესაბამისად, ამ ნაწილში შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით. ყველა ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა, რომ ქვეყანას ჰქონდეს ამ მიმართულებით, როგორც საბაჟოს ვაჭრობაში, ასევე საფინანსო მიმართულებით, საბანკო სექტორთან მიმართებით, ადგილზეა და შესაბამისად, ეს ღონისძიებები ტარდება. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, ასევე, იმ ორგანოებთან და იმ სააგენტოებთან, რომელიც ახორციელებს შესაბამის კონტროლს როგორც ევროკავშირში, ასევე დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში, რომელთაც უშუალოდ აქვთ დაწესებული სანქციები და შესაბამისად, ეს კომუნიკაცია, ის ღონისძიებები, რაც საქართველომ გაატარა, იძლევა იმის გარანტიას, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოში ტურიზმისა და ექსპორტის ზრდა გაცილებით მაღალი იყო რუსეთის გარეშე, ვიდრე რუსეთთან ერთად.

მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ საქართველოში ტურიზმისა და ექსპორტის ზრდა გაცილებით მაღალი იყო რუსეთის გარეშე, ვიდრე რუსეთთან ერთად. ანუ მთელ მსოფლიოსთან ექსპორტი გაიზარდა იმაზე მეტად, ვიდრე გაიზარდა რუსეთთან მიმართებით. ასევე მთელ მსოფლიოსთან მიმართებით ტურიზმი გაიზარდა იმაზე მეტად, ვიდრე ეს რუსეთთან მიმართებით დაფიქსირდა. შესაბამისად ამ ნაწილში უმჯობესია, რომ დავეყრდნოთ ოფიციალურ სტატისტიკას და არსებული სტატისტიკიდან გამოვიტანოთ დასკვნები“, – აღნიშნა ხუციშვილმა.

mazda magti 5g