უკვე დადასტურებულია და მელომანებისთვის ფრიად სასიხარულო ამბავია ის, რომ 2017 წლის 20 მაისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფი „აეროსმიტი“ კონცერტს გამართავს. კონცერტი იმ ტურნეს ფარგლებში გაიმართება, რომელიც ამ წლის განმავლობაში ჯგუფს ევროპის მასშტაბით აქვს. ეს ტურნე ბოლო იქნება მათი მუსიკალური მოღვაწეობის მრავალწლიან ისტორიაში.

ახლახან „აეროსმიტის“ ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქზე“ დაიდო კიდევ ერთი ანონსი, რომლითაც საქართველოში კონცერტზე გვეპატიჟებიან. მათ საიტზე უკვე იყიდება ტურის მაისურები, რომლებზეც ტურნეს მთავარი ფრაზაა გამოსახული – „Aero-Vederci, Baby“.

„საქართველო, მზად ხარ 20 მაისისთვის?“ – წერია ჯგუფის „ფეისბუქის“ გვერდზე. რასაკვირველია, ეს შეკითხვა ქართველებს უპასუხოდ არ დაუტოვებიათ. ერთ-ერთი თაყვანისმცემელი სტივენ ტაილერს შვილთან, ლივ ტაილერთან ერთად ჩამოსვლას სთხოვს – „ლივ ტაილერი ჩამოიყვანე, სიმამრო…“

„აეროსმიტს“ საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და ჯგუფს განსაკუთრებულად ელოდებიან. მალე „ბლექ სი არენა“ გამოაცხადებს თარიღს, თუ როდიდან შეძლებენ მსურველები ბილეთების შეძენას. შეგახსენებთ, რომ არენაზე 9500 ადამიანი ეტევა. „ბლექ სი არენა“ 2016 წელს გაიხსნა და კრისტინა აგილერას, ვანესა მეის და „სკორპიონსის“ კონცერტებს უმასპინძლა. საკონცერტო სივრცე საქართველოში საუკეთესოდ აღჭურვილ დარბაზს წარმოადგენს, რომელსაც მაღალი კლასის შოუების გამართვა შეუძლია.

ნინო მურღულია

 

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები