LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში “თიბისი ბანკის” „ახევის“ ოპერაცია არის ყველაზე შთამბეჭდავი – გიგი უგულავა

გიგი უგულავა

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში “თიბისი ბანკის” „ახევის“ ოპერაცია არის ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე გრანდიოზული და აქამდე არნახული,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, 11 წლის წინანდელ დარღვევას ხაზარაძესა და ჯაფარიძეს არავინ ედავება. უგულავას განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა მამუკა ხაზარაძე რას იზამს, რადგან ივანიშვილს რაც აქვს მის წინააღმდეგ ჩაფიქრებული, მაინც განახორციელებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება ხაზარაძის მიმართ, მის გარშემო შავი ღრუბლები გროვდება და უკვე გასკდა კიდეც. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც წესით დამოუკიდებლად უნდა ასრულებდნენ თავიანთ ფუნქციას, პირდაპირ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებად იქცნენ ამ ადამიანების წინააღმდეგ. იმისგან დამოუკიდებლად, ხაზარაძე შეეცდება ივანიშვილთან შეთანხმებას თუ არა, იმისგან დამოუკიდებლად შეეცდება ის ბრძოლას თუ არა, ივანიშვილს რაც აქვს ჩაფიქრებული ხაზარაძესთან მიმართებაში, იმას აუცილებლად გააკეთებს. ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ ტალახში აგორაოს, აგორავებს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ დაიჭიროს- დაიჭერს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ ანაკლია „აახიოს“- „აახევს“; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ “თიბისი ბანკი” „აახიოს“, „აახევს“. ანუ ხაზარაძის მოქმედებაზე არაა დამოკიდებული ივანიშვილი რას იზამს მის მიმართ. ხაზარაძეს ერთადერთი რაც შეუძლია, ეს არის საზოგადოების იმუნიტეტის მოპოვება, რასაც სჭირდება ხმის ამოღება ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. საზოგადოება ღირსია იცოდეს, რას ედავება მას ივანიშვილი და როდის გაირბინა „შავმა კატამ,”- განაცხადა გიგი უგულავამ.

ეროვნული ბანკი თიბისი ბანკისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები