LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული ბანკი Central Banking-მა წლის საუკეთესო რისკმენეჯერად დაასახელა

46
erovnulii

საქართველოს ეროვნულ ბანკს ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის საზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ორი ჯილდო გადაეცა – წლის საუკეთესო რისკმენეჯერისა და ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალური ბანკის ნომინაციებში.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაშია ნათქვამი, გამჭვირვალობის ნომინაცია სამ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავდა – განათლება, გამჭვირვალობა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას და კომუნიკაცია მრავალფეროვანი საკომუნიკაციო პლატფორმების მეშვეობით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გამჭვირვალობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც პანდემიის პერიოდშიც შენარჩუნდა. ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთი-ერთი უმთავრესი ამოცანა მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო სისტემის რეგულირების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

მათი ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში, ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გამჭვირვალობის ზრდასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სხვადასხვა არხის განვითარებას.

„აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ვებგვერდი – Finedu.gov.ge, თავს უყრის დაინტერესებული მხარეების მიერ შექმნილ სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსს. მონეტარული და ფინანსური პოლიტიკის გადაწყვეტილებების ბაზრისთვის და ფართო საზოგადოებისთვის ახსნას, ღიად და უწყვეტ კომუნიკაციას, ეროვნული ბანკი უპირველეს ამოცანად მიიჩნევს. სწორედ ეს არის ის, რასაც ეროვნული ბანკის რეგულარული, გამჭვირვალე ანგარიშგება და პროაქტიული კომუნიკაცია ემსახურება მიუხედავად რთული თუ მშვიდი პერიოდებისა.

რისკმენეჯერის ჯილდო კი ყოველწლიურად, სავალუტო რეზერვების რისკების მართვის მიმართულებით, მსოფლიოში წამყვან ცენტრალურ ბანკებს გადაეცემა. რეზერვების მართვის მაღალკვალიფიციურმა და მოტივირებულმა გუნდმა, ბანკის მენეჯმენტის მხარდაჭერით, სებ-ის სავალუტო რეზერვების მართვის პროცესის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნა შეძლო, რითაც უზრუნველყო პატარა ზომის, განვითარებადი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ სათანადო ადგილის დამკვიდრება რეზერვების მართვის სფეროში წამყვან მსოფლიო ცენტრალურ ბანკებს შორის. ამ მიღწევებში მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამასთან პარტნიორობამ შეიტანა, რომლის ფარგლებშიც, სებ-მა სავალუტო რეზერვების მართვის სფეროში მსოფლიოს წამყვანი მიდგომები და მეთოდების დანერგა, ზრუნავდა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სტრატეგიული განვითარების ხედვა ჩამოაყალიბა. რეზერვების დაგროვება და ადეკვატური მოცულობით შენარჩუნება ცენტრალური ბანკების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, ვინაიდან სტრესული სიტუაციებით გამოწვეული კრიზისებისაგან ქვეყნის და მისი ფინანსური სისტემის დასაცავად დროდადრო მათი გამოყენების აუცილებელი საჭიროება დგება“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები