LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ლეონარდო და ვინჩის 17 ნამუშევრის რეპროდუქცია გამოიფინება

340
leonardo500

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლს და წარმოგიდგენთ მულტიმედიურ საგანმანათლებლო პროექტს „ლეონარდო – Opera Omnia”, სადაც დამთვალიერებელი იხილავს ლეონარდოს ფერწერული ნამუშევრების ციფრულ რეპროდუქციებს.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ერთ საექსპოზიციო სივრცეში გამოიფინება მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში დაცული ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის რეალური ზომისა და მაღალი რეზოლუციის ციფრული რეპროდუქციები.

მულტიმედიურ გამოფენას იტალიის საზღვრებს გარეთ, დამთვალიერებელი პირველად სწორედ თბილისში იხილავს, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში განაგრძნობს მოგზაურობას. ლეონარდოს გამოფენა Rai.Com-ის მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული პროექტია და წარმოადგენს 2017 წელს ეროვნულ გალერეაში გამართული კარავაჯოს მულტიმედიური ექსპოზიციის ანალოგს. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნილი პროექტი Opera Omnia ანუ „წარმოუდგენელი გამოფენა“ ხელოვნებასა და ტექნოლოგიებს, წარსულსა და მომავალს ერთმანეთთან აკავშირებს.

ლეონარდო – მხატვარი, ინჟინერი და მეცნიერი, არქიტექტორი, ანატომი და გამომგონებელი, რენესანსის ეპოქის უნივერსალური გენიოსი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა არა მხოლოდ სახვით ხელოვნებაში, არამედ აზროვნებასა და მეცნიერებაში.

საქართველოში იტალიური გამოფენების კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში. აღნიშნული გამოფენების ციკლი ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია: იტალიის მხრიდან – საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, საქართველოს მხრიდან კი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ეროვნული მუზეუმი.

წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, სკოლის ჯგუფებისთვის დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები