LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მასშტაბური პროექტი იწყება – მუსიკალურ ქარავანში ჩაბმა შეუძლიათ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ტურისტებს

107
ნინო ბაშარული

ბაზარზე ახალი პროექტი „მუსიკალური ქარავანი“ გამოჩნდა, რომელიც სტარტს სამცხე-ჯავახეთიდან იღებს. 11 თვის განმავლობაში ტური სხვადასხვა რეგიონში განხორციელდება და ბოლოს აგვისტოში მასშტაბური ფესტივალით დაგვირგვინდება.

იდეა მუსიკოს ნინო ბაშარულს სტუდენტობისას გაუჩნდა. როგორც ის „რადიო ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, პროექტი ტურიზმის სფეროში ნიშურ სერვისს გულისხმობს, რომელიც მოიცავს სამ კომპონენტს: ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულებას, მუსიკოსთა ლაივკონცერტებსა და ტრადიციული კერძების დაგემოვნებას.

„მუსიკალურ ქარავანში ჩაბმა შეუძლიათ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ტურისტებს. პროექტი ხელს შეუწყობს ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებას, ქართველი და უცხოელი ვიზიტორების დაახლოებას, ახალ იდეებზე საუბარსა და ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს ავთენტურ მუსიკას, ცეკვას. როგორც მუსიკოსმა, მე ვიცი, როგორ მდგომარეობაში არიან მუსიკოსები, მათ ძალიან სჭირდებათ დახმარება. მათი ოცნებების ფრთების შესხმაზე დავიწყე ფიქრი. უამრავი მხარდამჭერი გამომიჩნდა, რასაც ვერ წარმოვიდგენდი“, – ამბობს ნინო ბაშარული.

იდეის ავტორის თქმით, პროექტის კულმინაცია ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება.

 

„ტურიზმის განვითარების კუთხით, დაგეგმილი გვაქვს კინოაკადემიისა და თეატრალური ინსტიტუტის დახმარებით, გადავიღოთ უნიკალური მომენტები, აღვბეჭდოთ ფირზე და გადავიღოთ 15-20 წუთიანი ტურისტული ფილმები რეგიონზე და ღონისძიებაზე. ეს ტურისტებისთვის რეგიონს უფრო მიმზიდველს გახდის და იქნება მნიშვნელოვანი წვლილი, ტურიზმის განვითარების მიმართულებით“, – აცხადებს ბაშარული.

მუსიკოსი ამბობს, რომ სამცხე-ჯავახეთის შემდეგ სიღნაღი, წყალტუბო, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და საქართველოს მთიანი მხარეების მონახულება იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები