ამა წლის 19 დეკემბერს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს მიმდინარე სამ წლიანი პროგრამის მესამე მიმოხილვა ფორმალური მიმოხილვის გარეშე დაამტკიცა. ამ მიმოხილვის დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ეს დე ერი (დაახლოებით 41.6 მილიონი აშშ დოლარი). შედეგად სსფ-დან ჩამორიცხვები ამ პროგრამის ფარგლებში 120 მილიონ ეს დე ერ-ს (166.3 მილიონი აშშ დოლარი) გაუტოლდება. გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამა სულ 210.4 მილიონი ეს დე ერ-ის, ანუ საქართველოს ქვოტის 100 პროცენტის ჩამორიცხვას ითვალისწინებს. მიმდინარე პროგრამა სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2017 წლის 12 აპრილს დაამტკიცა.

სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლოსთვის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, ზოგი კრიტერიუმი შესრულებულია მნიშვნელოვანი გადაჭარბებით. პროგრამის მხოლოდ ერთი კრიტერიუმი შესრულდა ორი კვირის დაგვიანებით.

”საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერია, თუმცა, ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია. ინფლაცია სამ პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს ქვემოდ ნარჩუნდება და ქვეყნის საგარეო პოზიცია ძლიერდება. მაღალი შემოსავლების და კაპიტალური ხარჯების გეგმიდან ჩამორჩენის შედეგად 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით ბიუჯეტის სალდო დადებითია. კრედიტის მაღალი ზრდის ფონზე, ხელისუფლებამ აამოქმედა რეგულაცია მოსახლეობის ჭარბვალიანობის შეზღუდვის მიზნით. საბანკო სექტორის კაპიტალიზაცია მაღალია, სექტორი ლიკვიდური და მომგებიანია, თუმცა, დოლარიცაზია კვლავ მაღალია. პოზიტიური შედეგების მიუხედავად ხელისუფლება ყურადღებით უნდა იყოს საგარეო ვითარების მიმართ და განაგრძოს რეფორმების განხორციელება ინკლუზიური ზრდის წასახალისებლად.

2019 წლისთვის შეთანხმებული ბიუჯეტის დეფიციტი მართებულად უზრუნველყოფს ნეიტრალურ ფისკალურ პოზიციას, კაპიტალური და სოციალური ხარჯების მატების ფონზე.

საშუალოვადიანი ფისკალური გეგმები, მათ შორის დაგეგმილი განათლების რეფორმა, უნდა შეესაბამებოდეს ფისკალური მდგრადობის მიზანს და ახლდეს ინსტიტუციონალური ფისკალური რეფორმები.

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად კვლავ კარგ სამსახურს უწევს საქართველოს. მონეტარული პოლიტიკა კვლავაც ვითარების შესაბამისია. საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს საგარეო გაურკვევლობის ზრდის ფონზე, საქართველოს საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადობის გათვალისწინებით. ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებაზე მიმართული რეგულაციები მოსაწონია, თუმცა, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მათი გავლენა კრედიტის ზრდაზე.

სტრუქტურული რეფორმების განხორციელება მაღალი, მეტად ინკლუზიური ზრდის მიღწევის გზაა. პრიორიტეტებს შორისაა: ახალი კანონის მიღება კორპორაციათა გაკოტრების შესახებ და კარგად შედგენილი, ყოვლისმომცველი რეფორმა საგანმანათლებლო სფეროში”, – ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესრელიზში.

მსგავსი თემები