LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა ცნობილია

207
3

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გარკვეული ნაწილი შემსუბუქდება.

რეგულაციების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა ცოტა ხნის წინ  წარადგინა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი რარიბაშვილმა.

ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის გეგმა ასეთია:

◾  25 თებერვლიდან არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით, გაიხსნება სასტუმროები სამთო კურორტებზე;

◾  სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან;

◾  საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება 25 თებერვლიდან;

◾  რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ნაწილში 8 მარტიდან;

◾  ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;

◾  კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1 მარტიდან;

◾  სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;

◾  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;

◾  უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან;

◾   სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;

◾   მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან;

◾   თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან;

◾   არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მიიღეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი.

“ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლით შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებები მიიღება მიმდინარე ეპიდვითარების ანალიზის საფუძველზე. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოქალაქეთა მხრიდან გამოჩენილი იქნება მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვითარების კონტროლს.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.