გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის და სამი პირის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"ფორტუნა" დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 მარტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუმლაყის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1979 წელს დაბადებული პირის კუთვნილი ავტომობილის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი 1979 წელს დაბადებული ი.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1990 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ, 1972 წელს დაბადებულმა ზ.ბ.-მ და თავად ავტომობილის მფლობელმა – მ.ბ. -მ ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. სამივე დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
“სამართალდამცველებმა, დაკავებული ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის და სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.