რა არის მარცხი და რა კვალს ტოვებს ის ჩვენს მეხსიერებაში? –  “ფორტუნა აკადემიას” ტრენერი ანდრო დგებუაძე ესაუბრა.

ანდრო დგებუაძე:

“მარცხიცაა და მარცხიც, მაგრამ მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი ის მარცხია, რომელსაც ადამიანი პირველად გადააწყდება. ეს ბავშვობაში ხდება და ძალიან ღრმად ჯდება მეხსერებაში. ამ დროს სულ უმნიშვნელო მარცხიც კი ფატალურად გამოიყურება. მარცხის მეტი რა მქონია, მაგრამ ერთი ეხლად მახსოვს დეტალებში. რამდენი წლის ვიყავი არ მახსოვს, მაგრამ ეს ის პერიოდია, როდესაც ეზოში ჩახვალ და თავი მოგაქვს როგორც „მეს“ და არა მამისა და დედის შვილს. ამ დროს ყველა ყეყეჩობს, ყველა ერთმანეთს ეჯიბრება. ვიღაცა ვიღაცას აღიარებს. ვიღაცას ჩაგრავენ, ვიღაცას დაცინიან. უცებ შენც ჩადიხარ ამ „სამსარაში“ და ხვდები, რომ იაფად ვერ გამოხვალ. როცა გავერიე ტოლებში, ისე მოხდა, რომ ყველამ ერთხმად გადაწყვიტა „გარაჟებზე ხტუნაობა“. ჩემ დროს ეს თავის დამკვიდრების ერთ-ერთი ფორმა იყო. სახურავებზე დარბოდი და აწიოკებდი იქაურობას. თუ პატრონი დაგიყვირებდა ან გამოგეკიდებოდა, უნდა გაქცეულიყავი. ჰოდა, მეც ავყევი. ამ დროს „მე“ ხომ რეალურად „მე“ კი არა „ჩვენ“ არის. თან ისეთი სახით დავრბოდი, გეგონება დისერტაცია მქონდა დაცული სახურავებზე სირბილში. ყველამ ჯოგივით გადაირბინა და ბოლოში მე მივრბოდი, უცებ ვხედავ, რომ შემდეგი “გარაჟი” ცოტა შორსაა და წარმოვიდგინე, როგორ ვერ მივწვდებოდი, ფეხი დამისრილდებოდა, ნიკაპს ჩამოვარტყავდი და ჩავარდებოდი ორ “გარაჟს” შორის. გავჩერდი. ყველა გავატარე. ვერ გავრისკე. სხვებმა რომ შემომხედეს, ისეთი სახე გავაკეთე, გეგონება რაღაც ჯიბიდან ამომივარდა და ძებნა დავუწყე. იმ ბოლო “გარაჟზე” არ გადავხტი. უკან წავედი. მოკლედ, შემეშინდა და უკან დავიხიე. მთელი დღე ვფიქრობდი. ვხვდებოდი, რომ სხვაზე სუსტი ვიყავი. ყველაზე სუსტი. ყველა ხტებოდა. მე შემეშინდა. ჩემს თავში ათასი სპეკულაცია გამოვიგინე, რომ ის ბავშვები არ იყვნენ წესიერი ხალხი და მე არ მეკადრება სხვის “გარაჟზე” სირბილი. ან ასეთი აზრი: “სირბილი და ხტომა სულაც არაა აუცილებელი, რომ სხვაზე უკეთესი იყო”.

ტვინში უამრავი აზრი გამიჩნდა, რითაც ვამტკიცებდი რომ სუსტი არ ვიყავი, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა იყო რაღაც, თვალი, რომელიც მიყურებდა, და იმ თვალმა იცოდა, რომ შემეშინდა. მაჭერდა ამ მტკივნეულ წერტილზე. თითქოს ეს ჩუმი თვალი მეუბნებოდა – თუ ეხლა არ გადახტები მთელი ცხოვრება ტყუილებს გამოუგონებ შენ თავს და შენივე ტყუილში მოკვდებიო. სხვა გზა არ მქონდა. უნდა გამეკეთებინა ეს ნახტომი. ოღონდ არ მინდოდა რომ სხვას დაენახა. მივხვდი, ამ ნახტომისთვის სიჩქარე იყო საჭირო. „რაზგონით“ უნდა მივსულიყავი იმ წერტილამდე და რაც შეიძლება სახურავის კიდესთან უნდა დამედგა ფეხი, რომ ნახტომი შორი გამოსულიყო. ჩემს წარმოდგენაში ალბათ 100-ჯერ გადავხტი, შენელებული კადრებივით, სხვადასხვა გზით, მარჯვენა ფეხით, არა, მარცხენა ჯობია, ფეხზე ხო ცაცია ვარ, მარცხენა უფრო მაგარია. ბოლოს მარტო ჩავედი. უკვე საღამო იყო. სახურავის კიდეზე ჩამოვჯექი და კიდევ 100-ჯერ წარმოვიდგინე ყველა დეტალი. განვიცადე გადახტომაც და ჩავარდნაც. ბოლოს გამოვქანდი და მახსოვს ნახტომის დროს თვალები დავხუჭე, მეთქი რაც მოხდება – მოხდება. მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა.

ამის მერე დიდი დრო გავიდა. დიდი არც არაფერი ისტორიაა, მაგრამ იმ ჟანგიანი სახურავის ფერი ეხლაც მახსოვს. მახსოვს, იმიტომ რომ იმ დღეს შიშს ჩავხედე თვალებში. მარტო შიშიც არ იყო. ეს შერცხვენის, მარცხის შიში იყო. ეზოში ხომ ყველა დაუნდობელია ასეთ ამბებში. კონკურენცია დიდია და კისერი რომ  მოიმტვრიო, ხმამაღლა დაგცინებს ყველა. სხვისი შიშით რამდენ რამეს ვერ ვბედავთ. სამოთხეშიც არის ალბათ ეზოები, იქაც იქნება “გარაჟები”, იქაც დარბიან ალბათ ბავშვები, აბა მორჩილ ბავშვს რა უნდა სამოთხეში? მაგრამ იქ ალბათ არ დაგცინიან. იქ ალბათ არავინ მოგეშვება, სანამ არ გადახტები და შენ თავს არ მოუგებ. მაგრამ ეს მხოლოდ იქ, სამოთხეში”.

მარტა ქარუმიძე
ავტორი

მსგავსი თემები