LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SkyUp საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში იფრენს

146
skyup2-800x445

4 ივნისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირებას უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი იწყებს. პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან ოდესისა და ხარკოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ბოინგ 737-800 შესრულდება. როგორც ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი ევგენი ხაინადსკი აცხადებს, ქუთაისის მიმართულებას პერსექტიულ ჭრილში უყურებენ და დღევანდელი მონაცემებით, ბათუმისგან განსხვავებით, ქუთაისის მიმართულებით ფრენები მთელი წლის განმავლობაში გასტანს.

“ჩვენი ავიაკომპანიის სტრატეგიაა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ავიამიმოსვლა კიდევ უფრო გააღრმავოს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ფრენები კიევი-თბილისის მიმართულებაზე. ესაა პირველი რეგულარული მიმართულება, რომელმაც ჩვენი ქვეყნები დააკავშირა. ვიწყებთ ასევე კიევი-ბათუმის ავიარეისებს. გვესმის, რომ ეს სეზონური ფრენებია.

ჩვენ ასევე ვუყურებთ საქართველოსა და უკრაინას შორის მრავალმხრივ ურთიერთობებს და ჩვენი რეგიონალური აეროპორტებისათვის ქუთაისის მიმართულება ეს პირველი ნაბიჯია. ქუთაისის აეროპორტში ვხედავთ პერსპექტივასა და პოტენციალს წლის განმავლობაში ფრენებისთვის. ზაფხულის პერიოდში მგზავრებს შესაძლებლობა ეძლევათ გადაადგილდნენ ბათუმის მიმართულებით, ხოლო ზამთრის პერიოდში კი სამთო-სათხილამურო კურორტებისა თუ სხვა ტურისტული მიმართულებებით”, – აღნიშნა SkyUp Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა.

SkyUp Airlines-ს ავიაბაზარზე ოპერირების 1 წელი მაისში შეუსრულდა და არსებული სტატისტიკური მონაცემებით, ამ ხნის განმავლობაში ავიაკომპანია 870 ათას მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის მაისში SkyUp Airlines-მა ფრენები 10 მიმართულებით დაიწყო, დღეს კი 31 რეგულარულ და 15 ჩარტერულ მარშრუტზე ოპერირებს. ყველაზე პოპულარულ მიმართულებად SkyUp Airlines-ის TOP-5 მიმართულებაში თბილისი მოწინავე პოზიციას იკავებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე კი ამბობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მიერ ოპერირების დაწყება სრულ თანხვედრაშია იმ სტრატეგიასთან, რასაც ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბად ქცევა ჰქვია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 2016 წელს დაფუძნდა და ფრენების განხორციელება 2018 წლის მაისიდან ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიამ ოპერირება 2018 წლის ზაფხულში, ჩარტერული რეისებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო, მოგვიანებით კი რეგულარული რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაამატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები