LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

­ „სულ მეუბნებოდნენ, როდესაც გოგონები გამიჩნდა, არ იცი, წინ რამხელა ბედნიერება გელოდებაო…“ – გია ბაღაშვილი შვილებზე, მამაზე და „იუმორინაზე“, რომელიც 23 წელია, სუპერრეიტინგს წერს

6333
გია-ბაღაშვილი

„იუმორინას“ მუსიკალური ხელმძღვანელი და პროდიუსერი, გია ბაღაშვილი fortuna.ge-სთან იხსენებს, როგორ მუშაობდნენ თვეების განმავლობაში „იუმორინას“ ახალ პროგრამაზე, რომელმაც ტელერეიტინგიც მოხსნა და ანშლაგითაც ჩაიარა.

„იუმორინა 2023“-მა უდიდესი ტელერეიტინგი მოუტანა „იმედს“. ელოდებოდით ასეთ შეფასებებს მაყურებლისგან?

უპირველეს ყოვლისა, უღრმესი მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელიც 23 წელია, გვერდით უდგას „იუმორინას“. წლევანდელი კონცერტი გახლდათ „იუმორინას“ 31-ე პროგრამა განვლილი 23 წლის განმავლობაში. ეს უპრეცედენტო მოვლენაა ქართულ საკონცერტო და  სატელევიზიო სივრცეში. როდესაც პროექტი უძლებს მთავარს, უძლებს დროს და არამცთუ ინარჩუნებს ინტერესს, არამედ წლიდან წლამდე ზრდის, ეს ცხადია, უდიდესი მონაპოვარია. გეთანხმებით, წლევანდელმა „იუმორინამ“ მისთვის ჩვეული სატელევიზიო რეიტინგების სარეკორდო მაჩვენებელსაც კი გადააჭარბა. როგორც ჩანს, არა მხოლოდ ჩვენ მოგვენატრა სცენაზე დგომა, არამედ მაყურებელსაც მოენატრა ჩვენი კონცერტი.

გარდა ამისა, ყოველ ახალ პროგრამაზე, მათ შორის „იუმორინა 2023“-ზე, სულ მცირე ნახევარი წლის განმავლობაში ვმუშაობთ. სასიხარულოა, რომ თითოეულმა მუსიკალურმა კომპოზიციამ და იუმორისტულმა ნომერმა მიაღწია ადრესატამდე. რამდენიმე მათგანზე განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ და მაყურებელმაც სწორედ ისინი აიტაცა, რასაც სოციალურ ქსელებში გამოხატული რეაქციები და მათი ე.წ. ვირუსული გავრცელებაც ადასტურებს.

პირველ რიგში, ეს გახლავთ ქეთი და თემურ წიკლაურების დუეტი. მას შემდეგ, რაც ჩვენმა დიდმა ოჯახმა, ისევე როგორც სრულიად საქართველომ დაკარგა ქართული ესტრადის არწივი, საოცარი პიროვნება და შემოქმედი, თემურ წიკლაური, არ მასვენებდა ფიქრი ამ დუეტის შექმნაზე. მოგეხსენებათ, თავად ფორმა შვილის დუეტისა გარდაცვლილ მამასთან ახალი არაა…

ნეთ ქინგ ქოულისა და ნატალი ქოულის შესრულება შეგვიძლია გავიხსენოთ…

მართლაც შუდარებელი  შესრულება. მათი საოცარი დუეტის შემთხვევაში, ნეთ ქინგ ქოული დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, აქ კი თემურის დაკარგვა იმდენად მტკივნეული, ახალი და მოუშუშებელი იარაა, რომ ეს ყოველივე  შესაბამის ემოციურ გააზრებასა და სასცენო გადაწყვეტას საჭიროებდა. სიმღერა, რომელზეც შევჩერდი, განუმეორებელ ინოლა გურგულიას ეკუთვნის. როცა ის დუეტად გავიაზრე, სადაც დიალოგის ფორმაც არის, სოლო მონაკვეთებიცა და ერთობლივად შესრულებული ფრაგმენტებიც, ბევრი რამ შეიცვალა. პოეტური ტექსტმაც, რომელიც უცვლელი დავტოვეთ, ამ ვერსიაში განსხვავებული ასოციაციური რიგი წარმოშვა, მთავარმა სათქმელმაც – „გულს მიკლავს შენი სიშორე…“ სულ სხვა შინაარსობრივი დატვირთვა შეიძინა. სხვათა შორის, თემურ წიკლაურის ის ფოტო, რომელიც სცენაზე გამოვიყენეთ, გადაღებულია მისი დიდი ტრაგედიის შემდეგ, რამაც შეცვალა არა მხოლოდ მისი, არამედ „ივერიელების“ ცხოვრებაც. თემურის ვაჟის, 5 წლის გიორგი წიკლაური გარდაცვალებას ვგულისხმობ. რაც მთავარია, ქეთი წიკლაურის უზადო შესრულებამ განსაზღვრა ამ დუეტის შინაგანი სიმართლე და გამომსახველობა. მან მართლაც ბეწვის ხიდზე გაიარა. იმ სამი წუთის განმავლობაში, რაც ეს სიმღერა ჟღერს, ქეთიმ ნამდვილი სპექტაკლი დადგა, რაც ურთულესი განსახორციელებელია ფილარმონიის ვეებერთელა სცენაზე.

გია, ყოველთვის ცდილობთ, ახალგაზრდები და ახალი სახეები შემატოთ „იუმორინას“.

დიახ ეს ასეა. ვფიქრობ, „იუმორინას“ მრავალწლიანი წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია ის, რომ წლების მანძილზე, მიზანმიმართულად ვცდილობთ აღმოვაჩინოთ და პროფესიული ასპარეზი დავუთმოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს. განსაკუთრებული იყო ეს წელი გიორგი ღაღაშვილისთვის, რომელსაც დებიუტი ჰქონდა ანსამბლ „ქუჩის მუსიკოსების“ რიგებში „იუმორინას“ ფორმატით. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, გიორგი 22 წლისაა, პერკუსიის ნამდვილი დიდოსტატია; ფანტასტიკურად უკრავს ფანდურზე. მისი არაორდინალური ნიჭის სხვადასხვა წახნაგს ნელ-ნელა გავაცნობთ მაყურებელს. რაც შეეხება, „ქუჩის მუსიკოსებს“, გამოვარჩევდი უკლებლივ ყველას,  თუმცა მთავარ როლში წელს იყო შეუდარებელი მუსიკოსი, ჩემი გუჯა მარდალეიშვილი, რომელსაც საზოგადოება დიდი ხანია იცნობს, როგორც ვირტუოზ მევიოლინეს. მე კი, ამჯერად, შევეცადე, მისი უნარი სხვადასხვა ინსტრუმენტის ფლობისა, მაქსიმალურად გამომზეურებინა და ეს ყოველივე მუსიკალურ-იუმორისტულ სტილში წარმოვაჩინეთ. პანდემიის პერიოდში, როცა ყველანი სახლში ვიყავით გამოკეტილი და უიმედობისგან რა გვეკეთებინა არ ვიცოდით, გუჯამ კრეატიულად გამოიყენა დრო და საქსოფონზე ისწავლა დაკვრა, ასე ვთქვათ, „შემოესწავლა“. ასეთი საოცარი კაცია. მიხარია, რომ ჩვენს ბიჭებს შრომა ასე დაუფასა მაყურებელმა.

გარდა ამისა, წელს შედგა დებიუტი ექვსი ახალგაზრდა იუმორისტისა. ვფიქრობ, მათთვის მნიშვნელოვანი იყო, პროფესიულ სცენაზე ისეთი ოსტატების გვერდით გამოსვლა, როგორებიც არიან ბიძინა მახარაძე, ნინაკა გელაშვილი,  ბესო ბერულაშვილი, დათო როსტომაშვილი, გურამ ჯაში, მერაბ სიჭინავა და სხვები. გაგვახარა, წამყვანების ახალი ტრიოს წარმატებულმა გამოსვლამ, სადაც უცვლელ წამყვანთან, ნინაკა გელაშვილთან ერთად, ამ ამპლუაში პირველად იხილა პუბლიკამ ანდრია გველესიანი და ჯანო იზორია. პირველად გამოჩნდა „იუმორინას“ სცენაზე უნიჭიერესი მსახიობი კოტე მჟავია. და ბოლოს, დიდი სიახლე იყო ჩვენს პროექტში ქართული ცეკვის კაშკაშა ვარსკვლავის, „სუხიშვილების“ სოლისტის, მურო გაგოშიძის გამოჩენა, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა ფილარმონიის სცენაზე.

გადაცემას აკეთებთ და რეიტინგულია, „იუმორინა“ ამდენი ხანია, რეიტინგებს ხსნის. რა იცის ისეთი გია ბაღაშვილმა, რაც სხვამ ვერ ისწავლა? რა საიდუმლო გაქვთ?

(იღიმის) მიჭირს ამის თქმა, ერთი მზა რეცეპტი არ არსებობს, ალბათ, მთავარია საქმის სიყვარული,  მაყურებლის გულწრფელი სიყვარული;  ჩვენს დაუვიწყარ და უსაყვარლეს ბატონ კახი კავსაძეს რომ დავესესხოთ, როცა „მისი უდიდებულესობა მაყურებელი“ გელოდება, ვალდებული ხარ, მაქსიმალური თავდადებით იშრომო; უნდა გრძნობდე მაყურებელს, ეს უხილავი ძაფი არ უნდა გაწყდეს; მხოლოდ ფეხდაფეხ კი არ უნდა მიჰყვე იმას, რასაც პუბლიკა შენგან მოელის, არამედ მუდმივად სიახლეს ეძებდე და სთავაზობდე მას, რადგან, დიდი ქართველი მუსიკისმცოდნეს, ბატონ გივი ორჯონიკიძის სიტყვები რომ გავიხსენოთ: „ესტრადაზე სიახლე დამოუკიდებელი ფასეულობაა“. ამასთან, ვერც მამაჩემი და ვერც მე ვერაფერს გავხდებოდით, რომ არა ის უნიჭიერესი გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში შემოვიკრიბეთ და ვისთან ერთად საქმის კეთება ერთი სიამოვნებაა.

ისე მოხდა, რომ თქვენ მამის საქმე გააგრძელეთ, ახალი ფერები შესძინეთ. თქვენი ოთხი ქალიშვილი თუ მონაწილეობს უკვე თქვენს საქმიანობაში, ახედებთ კულისებში?

მამაჩემი და მე ახლაც ისეთივე ინტენსივობით ვმუშაობთ ერთობლივად, როგორც ადრე. ეს ეხება არა მხოლოდ „იუმორინას“, სადაც ის არის უცვლელი სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი, არამედ – „ჩვენ შოუსაც“. ეს უდიდესი ბედნიერებაა ჩემთვის. რაც შეეხება ჩემს შვილებს, როგორც მსმენელები, ისინი ჩართულები არიან ჩვენს საქმიანობაში, ესწრებიან ხოლმე სატელევიზიო გადაცემების ჩაწერასაც და რეპეტიციებსაც. ძალიან მოსწონთ ეს ყოველივე და თავიანთ მოსაზრებებსა და სურვილებსაც გვიზიარებენ. მე ყოველდღიურ რეჟიმში, აქტიურად ვარ ჩართული ჩემი ოთხივე გოგონას სწავლა-განათლების პროცესში. მიხარია, რომ კარგ განათლებას იღებენ, მათ შორის მუსიკალური აღზრდის კუთხით. დიდი ბედნიერებაა, რომ ისინი სწავლობენ ჩემს მშობლიურ „ნიჭიერთა ათწლედში“, ისეთ საოცარ, მართლაც მსოფლიო დონის პედაგოგებთან, ვინც თავის დროზე მე მასწავლიდა – ქალბატონ ბაია სარჯველაძესთან,   ქალბატონ დიანა მელაძესთან და სხვა შესანიშნავ სპეციალისტებთან.

ხშირად ვსაუბრობ ჩემს გოგონებთან ზუსტად ისე, როგორც ვსაუბრობდით მე და მამა. იმავეს ვეტყოდი მათ, რაც მამაჩემმა მითხრა თავის დროზე, როცა გავუმხილე, რომ კონსერვატორიაში მინდოდა სწავლა მუსიკის თეორიის ფაკულტეტზე. მამამ მომიწონა გადაწყვეტილება და მითხრა, თუ გააგრძელებ ამ გზას, ხომ კარგი, თუ არადა, ერთი განათლებული კაცი შერჩება ქვეყანასო. წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, რა გზას აირჩევენ. ეს თითოეულმა თავად უნდა გადაწყვიტოს მომავალში, რაშიც მე ყოველთვის მაქსიმალურად შევუწყობ ხელს. მანამდე კი ბევრი რამ უნდა მოსინჯონ, არაერთ შემეცნებით სფეროს გაეცნონ და თავად გამოიტანონ დასკვნა, თუ რა მოსწონთ ყველაზე მეტად და რა იტაცებთ. ვფიქრობ, ეს აუცილებელია, საიმისოდ, რომ საყვარელ საქმეს მიაგნო, ხოლო თუ არ გიყვარს შენი საქმე, მაღალ მიზნებს ვერასოდეს მიაღწევ. თავისუფლების მრავალი განმარტება არსებობს, მათ შორის განსაკუთრებით მომწონს ის, რომ თავისუფლება ეს არის ხელმისაწვდომ არჩევანთა სიმრავლე და ვცდილობ, ჩემს შვილებს ეს არჩევანი ჰქონდეთ.

როგორია გოგონების მამობა?

ფანტასტიკური. სულ ამას მეუბნებოდნენ, როცა გოგონები გამიჩნდა, არ იცი, წინ რამხელა ბედნიერება გელოდებაო. მართლაც ასეა. ღვთის საჩუქარი და საოცრებაა და არ ვიცი, ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. ­­

 

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g