უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს სპეციალურ სამსახურებს ფარული კავშირები აქვთ რუსეთთან, საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
სუსი-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ქმედება, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. უწყება მოუწოდებს უკრაინულ მხარეს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით.
“საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით.” – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
“აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციის გაცვლის მიზნით, გუშინვე შეხვდა საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს.
შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების საფუძვლებით და მოითხოვა დეტალური ინფორმაციის გაზიარება საკითხთან დაკავშირებით.
შევახსენებთ უკრაინულ მხარეს, რომ ასეთი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა არაერთი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.” – წერია სუსის განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების თანახმად, უკრაინის დაზვერვის მიერ გაკეთებული განცხადება, მტკიცებულებების გარეშე ჩაითვლება, როგორც დეზინფორმაცია და უკიდურესად არამეგობრული და პროვოკაციული ნაბიჯი, რაც მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს.
ამავე თემაზე:
კონტრაბანდული იარაღის გატარებაზე ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა: კახა კალაძე