LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჟამურაშვილი გიპასუხებთ ყველა კითხვაზე, რაც აცრის შესახებ გიჩნდებათ

239
tamarjamurashvilinews435

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში ყველა იმ შეკითხვას პასუხობს, რომელსაც პირად მიმოწერაში უსვამენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ მის ვრცელ პოსტს ამ თემაზე:

„მოდის მართლაც დიდი რაოდენობის შეკითხვა აცრებთან დაკავშირებით. შეუძლებელია ყველაზე სათითაოდ პასუხის გაცემა. გადავწყვიტე, დავაგროვო კითხვები და ყველას ერთად გიპასუხოთ, მით უმეტეს რომ უმრავლესობა ერთი და იგივე საკითხს ეხება. თუ თქვენს კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხი ვერ იპოვეთ, გთხოვთ კომენტარის სახით გამიმეოროთ.

პირველ რიგში, ყველაზე ხშირად დასმული კითხვა: ავიცრა სინოფარმ/სინოვაკით, თუ დაველოდო “უკეთეს“ ვაქცინას.

‼️ პასუხი: როგორც ყოველთვის და მრავალჯერ მითქვამს: აუცილებლად უნდა აიცრათ! რა თქმა უნდა, არჩევანს მივანიჭებდით დღესდღეობით არსებულ ვაქცინებს შორის საუკეთესოს, მაგრამ არ არის სამწუხაროდ დღეს ამის საშუალება საქართველოში. უკვე ივლისია დაწყებული, ორჯერად აცრას და შემდეგ ანტისხეულების სრული ტიტრით გამომუშავებას რამდენიმე კვირა სჭირდება. მაქსიმუმ სექტემბრიდან მოსალოდნელია ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა, ამიტომ მოცდის დრო აღარ არის. თუ მართლაც და შემოვიდა ფაიზერის ვაქცინა და თანაც საკმარისი რაოდენობოთ, შესაძლებელი იქნება რამდენიმე თვეში ბუსტერის (დამატებითი აცრის) გაკეთება. ეს, რა თქმა უნდა, ქართული ჯანდაცვის მიერ განსახილველი და პროტოკოლში შესატანია, მაგრამ ვფიქრობ, კარგი ალტერნატივა იქნება.

მოქმედებს თუ არა ჩინური ვაქცინები დელტა-ვარიანტის წინააღმდეგ.

პასუხი: კვლევები და მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, მაგრამ დელტა შტამის წინააღმდეგ „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებიც შედარებით ნაკლებ ეფექტურია. აქედან დასკვნა, ყველა ვაქცინის ეფექტურობა დელტა-შტამის მიმართ დაქვეითებულია, ასევე იქნება ჩინური ვაქცინების შემთხვევაშიც, რაღაც დოზით აუცილებლად დაგიცავთ!

ჩემი საკუთრი ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრებიც, ვისაც ახალგაზრდა ასაკის გამო „ასტრაზენეკა“ ვერ გაუკეთდებოდა „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ არიან აცრილები!

ჩემი მეზობელი აცრილი იყო და მაინც დაემართა კოვიდი.

პასუხი: დიახ, შესაძლებელია. ვაქცინაცია 100%-იან დაცვას ინფიცირების წინააღმდეგ არ იძლევა, მაგრამ გიცავთ მძიმე მიმდინარეობისგან. ეს ნიშნავს, აცრილებიც შეიძლება დაინფიცირდნენ, მაგრამ ბევრად უფრო მსუბუქუდ გადაიტანენ, ვიდრე აცრის გარეშე გადაიტანდნენ. შეიძლება კლინიკაშიც და ინტენსიურშიც მოხვდნენ, მაგრამ გადარჩენის ბევრად (!) მეტი შანსი აქვთ, ვიდრე აცრის გარეშე.

ხშირად მოდის ქრონიკულ დაავადებათა სია კითხვით, შეიძლება თუ არა ამა თუ იმ დაავადებით ადამიანი აიცრას.

პასუხი: რაც უფრო გრძელია დაავადებათა სია, მით უფრო სწრაფად უნდა აიცრათ!

არ არსებობს ქრონიკული დაავადება, რომელიც აცრის წინააღმდეგ ჩვენებას წარმოადგენს! ანუ რა დაავადებაც არ უნდა გქონდეთ, თუ ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია და გამწვავების ფაზაში არ იმყოფებით, შეგიძლიათ და უნდა აიცრათ.

ალერგიული დაავადებები: თუ ამჟამად გამწვავების ფაზაში არ იმყოფებით, შეგიძლიათ აიცრათ! ექიმმა, რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა იცოდეს.

‼️ ის, რომ რომელიმე მედიკამენტზე ან სხვა ვაქცინაზე ალერგია გქონდათ, არ ნიშნავს, რომ ამ ვაქცინაზეც გექნებათ. უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია სინჯით დაწყება და თუ რეაქცია არ გამოვლინდა, შემდეგ აცრა.

უნდა მოვხსნა თუ არა ესა თუ ის მედიკამენტი აცრის წინ?

‼პასუხი: არც ერთი მედიკამენტის, არც სისხლის გამათხელებლის შეწყვეტა/დაპაუზება აცრის წინ არ არის საჭირო. სითხის გამათხელებლის მიღების შემთხვევაში მოგიწევთ ნანემსარზე რამდენიმე წუთი თითის დაჭერა, რომ სისხლჩაქცევა არ განვითარდეს.

უნდა დავლიო თუ არა ანტიჰისტამინი ან სტეროიდი აცრის წინ გართულებების რისკის შესამცირებლად?

პასუხი: ცალსახად არა!

აქვს თუ არა აზრი იმუნოსუპრესიულ თერპიაზე მყოფი პაციენტებისთვის აზრი აცრას?

პასუხი: დიახ! რა თქმა უნდა არ ვიცით გამოუმუშავდება თუ არა ანტისხეულები და რა ტიტრით. დღესდღეობით საუბარია ასეთი პაციენტების ორის ნაცვლად სამი დოზით აცრაზე და მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული ამასთან დაკავშირებით, მანამდე კი უნდა ავიცრათ მინიმუმ 2 მიზეზით: ანტისხეულები რომც არ გამომუშავდეს არსებობს უჯრედული იმუნეტეტი და მოსაზრება, რომ დაცვა ანტისხეულების გარეშეც არსებობს და მეორე, ასეთ პაციენტებს ვაქცინაციის გართულებების მომატებული რისკი ნამდვილად არ აქვთ და რატომ არ უნდა გამოიყენონ ის მინიმალური შანსი მაინც რაც აქვთ?!

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კოვიდ-აცრა არ ტარდება.

…და ბოლოს, თენგიზ ცერცვაძე,

ვრცელდება უბრალოდ სასაცილო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული დეზინფორმაცია (ისევე როგორც ბევრი სხვა), რომ ქ-ნი მერკელი ვაქცინის დეფიციტის გამო აიცრა სხვადასხვა კომბინაციით და “თურმე“ იმავეს ურჩევს თავის ხალხს.

‼️ პასუხი: ქ-ნი მერკელი დღესდღეობით არსებული ვაქცინების საუკეთესო და ყველაზე ეფექტური კომბინაციით აიცრა! წინა კვირაში გამოქვეყნდა შედეგები და შეიცვალა კიდეც გერმანული პროტოკოლი (მსურველებმა შეგიძლიათ ინფორმაცია ჩემსვე გვერდზე ქვემოთ იხილოთ). ასტრაზენეკას+ფაიზერი ან მოდერნა ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე 2-ჯერ ასტრაზენეკა ან 2-ჯერ ფეიზერი. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქ-ნი მერკელის ამცრელი ექიმი ამ ინფორმაციის პრეპრინტ ვერსიას ფლობდა…

‼️ … და დიახ, ქნ-ი მერკელი თავის ხალხსაც იმავეს ურჩევს და საუკეთესო კომბინაციით ცრის კიდევაც!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები